Accessibility links

logo-print

ძროხების აღლუმი პრაღის ქუჩებში


1 ივნისს პრაღის ცენტრალურ ქუჩებში

ძროხები გამოჩნდნენ – სხვადასხვა ფერისა და ხასიათის, სხვადასხვაგვარად მოხატული და გამოპრანჭული. გაკვირვებულ ადამიანებს მათთან ძლიერი ემოციები აკავშირებთ. ის, რაც ამჟამად ჩეხეთის დედაქალაქის ქუჩებში ხდება, მართლაც ძნელი წარმოსადგენია. საიდან გაჩნდნენ ძროხები პრაღის ქუჩებში, რა საერთო აქვთ მათ ევროკავშირთან და ევროპის გაერთიანების იდეასთან?

(მუსიკა)

214 მშვენიერი ძროხა პრაღის ცენტრალურ ქუჩებს 1 ივნისიდან მოედო: ზოგი - ჯინსის სამოსშია გამოწყობილი, ზოგი – კოსმონავტის ფორმაში, ზოგს - ფრთებიც კი აქვს. თუმცა მათგან არც ერთი - არც იწველება და, სამწუხაროდ, არც ბღავის.

(ძროხის ბღავილი)

რა თქმა უნდა, მიხვდებოდით, რომ ჩვენ დღეს ნამდვილ რქოსან პირუტყვზე არ ვსაუბრობთ. ჩვენს წინაშეა ძროხა, როგორც ხელოვნების ნიმუში. ჩვენ ვსაუბრობთ ღიაცისქვეშა გამოფენაზე, რომელიც რეალური ზომის ძროხის 214 ფიგურას აერთიანებს და რომელსაც - “ძროხების აღლუმი, პრაღა 2004” ეწოდება. გამოფენის მომზადებაზე 351 მხატვარ-დიზაინერი მუშაობდა.

ტურისტების უმრავლესობა ვერაფრით გარკვეულა, ვის დაეფანტა ეს ნახირი და, საერთოდ, რაშია საქმე:

(ტურისტების მოკლე პასუხები) "არა, არა .... / არ ვიცი... / არ ვიცი.../ არა, არა... "

თუმცა ფერადი ძროხები მათში, ძირითადად, ფერად ემოციებს იწვევს. როგორც ტურისტები ამბობენ, ძველისა და ახლის შერწყმა მათ ძალიან იზიდავს. განსაკუთრებით კი, ამ ყველაფრით ბავშვები ერთობიან:

(ტურისტების ხმები) "ქალი: მათ ბედნიერი იერი აქვთ. ისინი ქუჩას აფერადებენ. მე მომწონს ისინი. / კაცი: ვფიქრობ, ძალიან კარგი იდეაა. ჩემს შვილებს ძალიან უხარიათ მათი დანახვა და სურვილი უჩნდებათ მათ ზურგზეც წამოსკუპდნენ, მაგრამ, მგონი ეს აკრძალულია. / ქალი: მე მომწონს ძროხები ქუჩაში. ეს ძველისა და ახლის შესანიშნავი შერწყმაა და ეს მართლაც მშვენიერია. / კაცი: კი, ეს სახალისოა, ძალიან სახალისო. მე მომწონს - ფერადი და ლამაზია. ოდნავ უცნაურია, მაგრამ - სახალისო."

(შვეიცარიული ხალხური მუსიკა)

ამ უწყინარი ცხოველების პირველი გამოფენა 1998 წელს შვეიცარიაში, კერძოდ - ციურიხში გაიმართა. თავდაპირველად ყველაფერი ტურისტების მოსახიბლად – წმინდა კომერციული განზრახვით გაკეთდა. ხოლო ოდნავ მოგვიანებით, იდეამ უკვე ქველმოქმედება დაისახა მიზნად და მილიონობით დოლარი მოიტანა.

შვეიცარიის შემდეგ მსგავსმა გამოფენამ 18 ქვეყანა მოიარა. ევროპული ქვეყნების მსგავსად, ძროხებს ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც უმასპინძლა. თუმცა იდეა მაინც ევროპის კუთვნილებად რჩება. ამჟამად, ჩეხეთის პარალელურად, ძროხები მსგავს აღლუმს შვეციის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ქალაქებშიც აწყობენ.

ჩეხ ჟურნალისტს ლუდმილა ხაბოვას თავიდან ცოტა ეხამუშებოდა კიდეც პრაღის უძველეს ქუჩებში ძროხების დამკვიდრების იდეა, თუმცა თანდათან ისიც მოიხიბლა:

(ლუდმილა ხაბოვას ხმა) "თავიდან პრაღის ქუჩებში ძროხების გამოფენის იდეა არ მომწონდა. ვფიქრობდი, რომ ამ უძველეს ქალაქს ამგვარი რამ არ მოუხდებოდა. მაგრამ, როდესაც ვნახე ისინი, მივხვდი, რომ ვცდებოდი. ეს საკმაოდ სახალისო აღმოჩნდა. ბოლოს და ბოლოს, რატომ უნდა შევხედოთ საგნებს კონსერვატორულად. ეს არ არის სწორი. და კიდევ, ყოველივე ეს იწვევს ერთგვარ შეგრძნებას, რომ პრაღაც მსოფლიოსთან ერთად არის."

ერთიანობის სიმტკიცეს ბოლო დროს საგრძნობლად გაფართოებული ევროპა კიდევ უფრო დიდ ყურადღებას აქცევს. და აი, ამ ერთიანობის კიდევ უფრო განმტკიცებას, როგორც ჩანს, უწყინარი ძროხებიც უწყობენ ხელს.

ბევრ საინტერესო სახელს შორის, როგორიც არის: სულიერი მოგზაურობა, ყვავილების შვილი, კინოვარსკვლავი, ფეხბურთელი, კრაზანა, მხიარული ძროხა, კაპიტალისტი, რომანტიკა, დღე და ღამე, დისკო და ასე შემდეგ, - პრაღის ქუჩებში გამოფენილ ძროხებს ევროპის ქვეყნების სახელებიც ჰქვიათ და შესაბამისადაც არიან შემოსილ-მოხატული. მაგალითად, ძროხა, სახელად – ფინეთი, ზაფხულის მიუხედავად, სანტა-კლაუსის ფორმაშია გამოწყობილი.

დინჯი ძროხა - “ევროკავშირი” ერთიანობის ერთგვარ სიმბოლოდ დგას. გაერთიანების ძველ წევრ ქვეყანათა სახელობის ძროხების გვერდით ქუჩებში ასევე ამაყად დგანან (თუ წვანან) ევროკავშირში ბოლოს შესულ ქვეყანათა მოსახელე ძროხები, მაგალითად: ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, და, რა თქმა უნდა, თავად - ჩეხეთის რესპუბლიკა. ჩეხებს ძალიან მოსწონთ, რომ ამ მხიარული ნახირის ზოგიერთი წევრი მათ ქვეყანასთანაც ასოცირდება:

(ჩეხი გოგონას ხმა) "ძროხები? მე, რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს ისინი. იდეა ძალიან ჭკვიანური და ორიგინალურია და კიდევ ის მომწონს, რომ ზოგიერთი მათგანი დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანასთან, ჩეხეთის რესპუბლიკასთან".

”ძროხების აღლუმი - პრაღა 2004” სექტემბერის ბოლოს დასრულდება, ოქტომბერში დიდი აუქციონით დაგვირგვინდება:

(აუდიონაწყვეტი ფილმიდან "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი") ილარიონი: “ფაქიზო ხომ არ გაგვეყიდა?”

დიახ, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სწავლა-განათლების დაფინანსების მიზნით ძროხის გაყიდვის საავტორო უფლება ქართველებს და კერძოდ, გურულებს ეკუთვნით. ოლღა ბებიას, ილიკოსა და ილარიონის თანაზიარი ძროხა ხომ ზურიკელას სწავლა-განათლებას შეეწირა:

(აუდიონაწყვეტი ფილმიდან "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი") ზურიკელა: “ძალიან გვენანები, ჩვენო ფაქიზო, მაგრამ უმაღლესი სათათბიროს გადაწყვეტილებით, ჩემს სწავლა-განათლებას უნდა შეეწირო”.

(ძროხების ბღავილი)

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, პრაღის აღლუმიდან აუქციონზე ფაქიზოს 30 კოლეგა გაიყიდება და შემოსავალი საქველმოქმედო მიზანს, კერძოდ - ჩეხეთის რესპუბლიკაში განათლების რეფორმის ხელშეწყობას მოხმარდება.

აუქციონზე გასატანი თითოეული ძროხის სასტარტო ფასი რამდენიმე ათასი დოლარია. თუმცა, ვიღაცეებმა, ეტყობა, ოქტომბრის აუქციონამდე ვერ მოითმინეს და ერთ-ერთი ძროხა პირდაპირ ქალაქის შუაგულიდან მოიპარეს. ასე უგზო-უკვლოდ დაიკარგა 138-ე ნომრად ცნობილი ძროხა, რომლის სასტარტო ღირებულება 3 437 დოლარს შეადგენს. ეს ფაქტი უკვირს ყველას და მათ შორის – ადგილობრივ პოლიციასაც.

და კიდევ ერთი სამწუხარო სტატისტიკა, 1 ივნისიდან დღემდე დაუდგენელმა პირებმა ხსენებული გამოფენის 50 ექსპონანტი დააზიანეს. ჩეხები ძალიან მტკივნეულად განიცდიან, რომ ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ძროხების მასპინძელ სხვა ქვეყანათა მსგავს მაჩვენებლებს შორის. თუმცა ამგვარ ფაქტებს ნახირის დარჩენილი წევრები მაინცდამაინც არ განიცდიან და კვლავაც განაგრძობენ მნახველთა გართობას.

(შვეიცარიული ხალხური მუსიკა)

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG