Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა რუსეთის სახელმწიფო დუმა პასუხის ღირსად არ ჩათვალა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 10 აგვისტოს რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტი პროფიციტული ბიუჯეტის პროექტის განსახილველად შეიკრიბა. გარდა ამისა, რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტი

დაამტკიცებს საქართველოს ელჩობის კანდიდატებს 14 ქვეყანაში, მათ შორის, რუსეთშიც, ანუ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს ბოლო დროს ურთიერთობა ძალიან დაეძაბა. ეს კიდევ ერთხელ პარლამენტის სხდომაზეც დადასტურდა.

[კოტე გაბაშვილის ხმა] „ რაშია, იცით, საქმე? ამ დუმამ მე მიმიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ქართული მნიშვნელობით ვიხმარო ეს სიტყვა. ეს არის წარმოუდგენელი რამ. ეს არის სიბნელის ცენტრი, რომელსაც განცხადებით არ ეშველება.“
პარლამენტმა გაიზიარა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის კოტე გაბაშვილის პათოსი და გადაწყვიტა, უპასუხოდ დაეტოვებინა რუსეთის სახელმწიფო დუმის ამასწინანდელი განცხადება საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით, პასუხისგაუცემლობა - ესეც კარგი პასუხია:
[ელენე თევდორაძის ხმა] „ ისინი ცდილობენ ჩვენ გამოგვიყვანონ წონასწორობიდან. ესეც მათი ტაქტიკაა. ამიტომ ჩვენგან პასუხისგაუცემლობა - ესეც სერიოზული პასუხია.“
სხვათა შორის, ელენე თევდორაძე ერთადერთი აღმოჩნდა საპარლამენტო უმრავლესობაში, რომელმაც ხმამაღლა განაცხადა, რომ იგი ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების წარმოდგენილ პროექტს მხარს არ დაუჭერს - ელენე თევდორაძე მოითხოვს ბიუჯეტში გაიზარდოს პატიმრების კვების თანხები, შევიდეს რეაბილიტირებული 2 ყოფილი პატიმრის მიერ სასამართლოს ძალით მოგებული თანხის ოდენობა და ა.შ.
როგორც მოსალოდნელი იყო, მცირერიცხოვანი საპარლამენტო ოპოზიცია საკმაოდ ენერგიულად აპროტესტებდა წარმოდგენილ პროექტს. კობა დავითაშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, გაზრდილი ბიუჯეტის ფონზე, სახელმწიფო რატომ ამცირებს უმწეო ოჯახების დახმარებას:
[კობა დავითაშვილის ხმა] „ ძალიან კარგია, რომ 230 მილიონით გაზარდეთ ბიუჯეტი - სახელი და დიდება თქვენ. მაგრამ რა მოხდა ისეთი, რომ ამ გაზრდილ ბიუჯეტში უმწეო ოჯახების დახმარება შემცირებულია 3 მილიონი ლარით. ე.ი. ბიუჯეტი გაიზარდა, ქვეყანა წინ წავიდა და უმწეო ოჯახები კიდევ უფრო უმწეო მდგომარეობაში უნდა აღმოჩნდნენ? ეს არის ბიუჯეტის ზრდის შედეგი?”
პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას განცხადებით, უმწეოების დახმარება არ კლებულობს - უბრალოდ, სახელმწიფო თავიდან იწყებს უმწეოთა აღრიცხვას, რათა დახმარება მიუვიდეს მათ, ვინც მართლაც უმწეოთა კატეგორიაში შედის. სხვა შეკითხვა ჰქონდა მემარჯვენეების წარმომადგენელ მამუკა კაციტაძეს:
[მამუკა კაციტაძის ხმა] „აი, ამ ფონზე - 223 მილიონი ზრდა ბიუჯეტში, ლარი გამყარებულია, თითქმის 50 პროცენტზე მეტი დაფარული ძველი დავალიანება სხვადასხვა სფეროში - მე მინდა, რომ პრემიერ-მინისტრმა გააგონოს საკუთარ მოსახლეობას - გაძვირდა თუ გაიაფდა ცხოვრება? ანუ სოციალური დონე მოსახლეობის გაუმჯობესდა თუ გაუარესდა?“ (სტილი დაცულია)
ცხოვრების გაძვირება უკვე კონტრაბანდასთან ბრძოლით აიხსნა. თუმცა, გულახდილად რომ ითქვას, ალბათ, მათთვის, ვისთვისაც საარსებოდ აუცილებელი პროდუქტის თუნდაც 10 თეთრით გაძვირება დიდი პრობლემაა, მაინცდამაინც საინტერესო არ უნდა იყოს, რატომ გაძვირდა ასე უღმერთოდ ცხოვრება.
XS
SM
MD
LG