Accessibility links

logo-print

უნდა გაუქმდეს თუ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ არსებული ეკონომიკური სანქციები


საქართველოში კვლავ აქტუალურია სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - მიმართ ეკონომიკური სანქციების შენარჩუნებისა თუ გაუქმების საკითხი.

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური სანქციების გაუქმება სეპარატისტულ რეგიონებთან არსებულ დაძაბულობას შეანელებდა, საქართველოს ხელისუფლება კი მათ გაუქმებას არ ჩქარობს. პირიქით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთის მიმართ არსებული ეკონომიკური სანქციების სრულფასოვნად ამოქმედებას მოითხოვს და ცეცხლის გახსნით ემუქრება ყველას, ვინც ამ რეჟიმს არ დაიცავს.

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან კონფლიქტის ესკალაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ერგნეთის ბაზრობის დახურვა გადაწყვიტა. სწორედ ერგნეთის ბაზრობის ბიზნესი ასაზრდოებდა როგორც ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას, ისე ცხინვალის ხელისუფლებას. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ სამხრეთ ოსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები 1 წელზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს:

[რომან გოცირიძის ხმა] ”იმ რეგიონში ერგნეთის ბაზრობის დაკეტვით საარსებო წყარო მოესპო იქაურ მოსახლეობას და, ბუნებრივია, თუ 1 წელიწადში პრობლემა არ გადაწყდა, ელემენტარულად მათი არსებობის საკითხი დადგება: ან რუსეთმა უნდა შეინახოს და შეუტანოს ჰუმანიტარული დახმარება, ან დაიწყება მიგრაცია. ეს არის წინა ფონი კონფლიქტის გადაწყვეტისა.”

თუმცა რომან გოცირიძე აღიარებს, რომ სანქციების გაუქმება საქართველოსაც დიდ ეკონომიკურ შედეგს მოუტანს. ეს შედეგი ბევრად დიდი იქნება აფხაზეთის შემთხვევაში, მაგრამ იქ საქმე გაცილებით რთულადაა.

აფხაზეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების დაწესების გადაწყვეტილება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფო მეთაურთა საბჭომ 1996 წლის 19 იანვარს მიიღო. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გამოსცა 140-ე ბრძანებულება, რომლის საფუძველზეც სოხუმის საზღვაო ნავსადგური, პორტპუნქტები, საზღვაო აკვატორია და საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი დახურულად გამოცხადდა. ამავე ბრძანებულებაში აღწერილია ბევრი სხვა მექანიზმი, რომელიც ზღუდავს აფხაზეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას.

დსთ-ს უმაღლესი ორგანოს ეს გადაწყვეტილება დღემდე მოქმედებს, თუმცა მის დაცვას არავინ ცდილობს, მათ შორის, დსთ-ს მთავარი სუბიექტი - რუსეთის ფედერაცია.

[მარინა კვაჭაძის ხმა] “ვინც ამ ემბარგოს დაარღვევს, შეიძლება მათ მიმართ გამოყენებული იყოს ეკონომიკური სანქციები ან დსთ-ს მეთაურთა საბჭომ მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება.”

საერთაშორისო სამართლის ექსპერტის მარინა კვაჭაძის მიერ ჩამოთვლილი ეს ბერკეტები ფუჭია რუსეთის წინააღმდეგ. თუ რა არის ამ საერთაშორისო სამართლებრივი გზების ალტერნატივა, ჯერჯერობით ქართულ საზოგადოებაში ამაზე ლაპარაკი უჭირთ, დაძაბულობა კი მატულობს. ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ ამ დაძაბულობის განმუხტვა, პოლიტიკური შეთანხმების პარალელურად, მხარეთა ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებით შეიძლება,. მათი აზრით, ეს უახლოეს ხანებშია გასაკეთებელი, რადგან ისევე როგორც ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთშიც უზარმაზარი ეკონომიკური სარგებელი იკარგება.
XS
SM
MD
LG