Accessibility links

logo-print

პანკისის ხეობაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს


პანკისის ხეობაში საქართველოს უშიშროების სამინისტროს მიერ 3 აგვისტოს განხორციელებული სპეცოპერაციის შემდეგ ხეობაში ჩეჩენ ლტოლვილთა საპროტესტო აქციები დაიწყო.

ადამიანის უფლებადამცველთა და პანკისის ხეობის ბინადართა ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაკავებულ და შემდეგ გათავისუფლებულ ჩეჩნებს საქართველოს ტერიტორიის დატოვება ან საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა მოსთხოვეს. პარალელურად ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, თითქოსდა, საქართველოს ხელისუფლება ჩეჩენ ბოევიკებს ცხინვალის ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებდეს.

პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, იქ, სადაც ყველაზე მრავლადაა ჩეჩნეთიდან ლტოლვილი მოსახლეობა, მესამე დღეა შიმშილობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილენი, ჩეჩნეთიდან ლტოლვილი 2 ოჯახის წევრები, მათი უფლებების დაცვასა და საქართველოდან მესამე ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსით გადაყვანას მოითხოვენ. ლტოლვილთა მოთხოვნების გასაცნობად 11 აგვისტოს აქციის მონაწილეებს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლები შეხვდნენ. მე შევეცადე მათ ტელეფონით დავკავშირებოდი, მაგრამ ამაოდ: კავშირგაბმულობის პრობლემების გამო პანკისის მიმართულებით სატელეფონო კავშირის დამყარება შეუძლებელი აღმოჩნდა. მე მხოლოდ ჩეჩნეთიდან ლტოლვილ სალამო იახიაევთან გასაუბრება მოვახერხე.

[სალამო იახიაევის ხმა] ”უკვე 3 დღეა დღე და ღამე ქუჩაში ვართ, რადგან უსაფრთხოების გარანტიას არავინ გვაძლევს, ხოლო ჩემს ოჯახს საერთოდ ეშინია საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა. ოფიციალურად, გაეროს მეშვეობით, არ გამომდის საქართველოდან გასვლა, - ეს ძალიან გრძელი პროცესია, - ხოლო არალეგალურად აქედან გასვლის მატერიალური საშუალება მე არ გამაჩნია.”

ჩეჩნეთიდან ლტოლვილი ეს პიროვნება ამბობს, რომ უკან, სამშობლოში, დაბრუნება არ შეუძლია, რადგან ჩეჩნეთის ომში მისი 2 ძმა რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. სალამო იახიაევს საქართველოში ცხოვრებისა და საქმიანობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ აზრი შეიცვალა. როგორც სალამო ამბობს, მას სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა შესთავაზეს:

[სალამო იახიაევის ხმა] ”ან ჩვენზე იმუშავებ, ან რესპუბლიკა უნდა დატოვოო.”

მე სალამო იახიაევს ჩავეკითხე, თანამშრომლობაში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საბრძოლველად წასვლა ხომ არ იგულისხმება-მეთქი, რაზეც იახიაევმა მიპასუხა, ეს გამორიცხულიაო. თუმცა, არაოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება მაინც აწარმოებს მოლაპარაკებას ასლან მასხადოვის ემისრებთან სამხრეთ ოსეთში ჩეჩენი ბოევიკების გამოსაყენებლად.

[ხიზრი ალდამოვის ხმა] ”ქართველების საქმეა ეს, ოსებს როგორ დაელაპარაკებიან. მაგრამ თუ რუსეთის აგრესია იქნება საქართველოს წინააღმდეგ, მაშინ ჩვენს პოზიციას გადავხედავთ და შეიძლება ამ დროს ჩეჩნები დაუდგნენ მხარში ქართველ ძმებს და დებს, ეს სულ სხვა საქმეა. მაგრამ დღეს, არ მგონია, რომელიმე ჩეჩენი წავიდეს და ოს საქართველოს მოქალაქეს დაუწყოს იქ ომი და ჩხუბი. ეს არ არის სწორი, ამის მომხრე ჩვენ არ ვართ. მე მგონი, არც ერთი ჩეჩენი და არც ქისტი იქ არ წავა.”

ამბობს ხიზრი ალდამოვი, საქართველოში ჩეჩენთა დიასპორის ლიდერი, რომელიც აბსურდულს უწოდებს ზევით ნახსენებ არაოფიციალურ ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჩეჩენი მეომრების გადასვლის შესაძლებლობის შესახებ.
XS
SM
MD
LG