Accessibility links

logo-print

თურქეთისა და საქართველოს თანამშრომლობა ახალ პერსპექტივებს იძენს


თბილისში, 120-კაციანი დელეგაციის თანხლებით, ორდღიანი ვიზიტით იმყოფება თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი.

თურქეთის დელეგაციაში ფართოდ არიან წარმოდგენილნი ბიზნესმენები და ისინი საქართველოში ბიზნესგარემოს ეცნობიან. 11 აგვისტოს თბილისში შედგა ქართველი და თურქი ბიზნესმენების შეხვედრა - ბიზნესფორუმი, პარალელურად შედგა თურქეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან. რა სფეროებში უნდა ჩაიდოს სერიოზული თურქული ინვესტიციები, უკვე ცნობილია.

ფოთის პორტს უკვე გამოუჩნდა სერიოზული ინვესტორი ქემალ ქაბაბი, რომლის ბიზნესშიც საწესდებო კაპიტალი 80 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. საუბარია თურქული ინვესტიციის შესვლაზე ბათუმის პორტშიც. თურქები სერიოზულ დაინტერესებას გამოხატავენ ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების დაბანდებით და ასე შემდეგ. ინტერესების სფერო ფართოა. თურქ ბიზნესმენებს საინვესტიციო გარემო აინტერესებთ მთელი საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით კი - აჭარაში.

[კობა ხაბაზის ხმა] “ლაპარკია არამხოლოდ ტურიზმზე: ლაპარაკია აეროპორტის მშენელობააზე, სარკინიგზო მიმოსვლაზე, საუბარია ყველა სფეროზე, ბათუმის ნავთობტერმინალზე, პორტის აღმშენებლობაზე და ასე შემდეგ."

ეს იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ხაბაზი. ის 11 აგვიტოს თბილისში თურქი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრას ესწრებოდა. იქ კი თურქეთიდან არაერთი ქართული წარმოშობის ბიზნესმენი იყო წარმოდგენილი.

[ერთ-ერთი ბიზნესმენის ხმა] "მე წარმოშობით ბათუმელი ვარ, დედაც და მამაც წარმოშობით ბათუმელი მყავს, ბიზნესმენი ვარ."

ეს ქართული წარმოშობის ბიზნესმენი სტამბულში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მფლობელია. პროფესიით არქიტექტორია და სამშენებლო ბიზნესს ისტორიულ სამშობლოშიც, საქართველოში, კერძოდ კი, აჭარაშიც ეწევა. საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევს, ეს ქვეყანა ძალიან უყვარს და სურს აქ კიდევ უფრო აქტიური საქმიანობა, ადამიანების დასაქმება.

“თურქი ბიზნესმენები აქამდე თავს იკავებდნენ საქართველოში სერიოზული ინვესტიციების განხორციელებისგან, ამის მიზეზი პოლიტიკური დესტაბილიზაცია და გაუმჭვირვალე ადმინისტრაცია იყო" - ასეთი განცხადება თბილისში თურქულ-ქართული ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარემ გააკეთა. ეკონომიკისა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში თურქეთის სახელმწიფო მინისტრის განცხადებით კი, დღეს თურქეთს საქართველოში უამრავი პროექტის განხორციელება შეუძლია. ამისთვის თურქული მხარე პრიორიტეტების განსაზღვრას იწყებს და კომერციული საარბიტრაჟო სისტემის შექმნის წინადადებით გამოდის.

საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა თურქეთის პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლას პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "თურქეთის პრემიერი არის უმნიშვნელოვანესი რეგიონული ლიდერი, არა მარტო თურქეთის ლიდერი, და მისი ჩამოსვლა საქართველოში მიმაჩნია უმნიშვნელოვანეს მოვლენად."

ხუთშაბათს თურქეთის დელეგაცია ჩავა აჭარაში, სადაც თურქი ბიზნესმენები ადგილობრივ საინვესტიციო გარემოს გაეცნობიან. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რის შესახებაც ცნობილი გახდა 11 აგვისტოს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან თურქეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შენდეგ, არის ის, რომ, სარფისა და ვალეს საბაჟოების პარალელურად, თურქეთთან საბაჟო ახალქალაქის რაიონის სოფელ კარწახშიც იმუშავებს.
XS
SM
MD
LG