Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმს თურქ ბიზნესმენთა მხოლოდ ნაწილი ეწვევა


გრძელდება თურქეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. წინასწარ გაცხადებული გეგმის თანახმად, თურქმა სტუმრებმა ვიზიტის ბოლო დღე

ბათუმში უნდა გაატარონ. თუმცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში თურქეთის სამთავრობო დელეგაციის ჩასვლასთან დაკავშირებით გუშინ მთელი დღის განმავლობაში ერთმანეთის გამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, თურქი ბიზნესმენები აჭარას, 12 აგვისტოს ნაცვლად, სექტემბერში ესტუმრებიან. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ბიზნესფორუმის დღის წესრიგში შეტანილი ამ ცვლილების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებო წრეებში ბოლო დრომდე არაფერი იცოდნენ.

რამ შეიძლება დააინტერესოს თურქი ბიზნესმენები საქართველოში? ენერგეტიკა, ავტობანის მშენებლობა, ფოთის პორტი, ტურიზმის ინფრასტრუქტურა - ეს არის იმ სფეროთა არასრული ჩამონათვალი, რომლითაც ქართული მხარე მეზობელი ქვეყნის ბიზნესმენების დაინტერესებას ცდილობს. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, თურქეთმა საქართველოში ორი ახალი ჰესის მშენებლობა და ენგურის კასკადის რეაბილიტაციის პროგრამა დააფინანსოს. აჭარის ავტონომიური რესპულიკის ეკონომიკის მინისტრის ალექსანდრე ბეჟანიძის თქმით, ასევე დღის წესრიგში დგას სარფიდან თბილისამდე ავტობანის მშენებლობის საკითხიც:

[ალექსანდრე ბეჟანიძის ხმა] “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეანდელი შეხვედრა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებსა და მეგობრებთან ურთიერთობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთის მხარის ბიზნესინტერესებში ძალიან ბევრი რამე შედის, მათ შორის, ტურისტული ობიექტები, ინფრასტრუქტურა. ვგეგმავთ უფრო ახლო კონტაქტში შევიდეთ ერთმანეთთან, გავიცნოთ უფრო ახლო ერთმანეთი, ერთმანეთის წინადადებები მოვისმინოთ და ამით უფრო მკაფიოდ გამოჩნდება იმათი ინტერესები და ისიც, თუ რისი შეთავაზება შეგვიძლია ჩვენც.” (სტილი დაცულია)

იმას, თუ რისი შეთავაზება შეუძლია ქართულ მხარეს აჭარის ტერიტორიაზე, ბათუმში ჩასული თურქი ბიზნესმენები საკუთარი თვალით იხილავენ. საუბარია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გასაყიდად გამოტანილ ტურისტულ და საკურორტო ობიექტებზე - ჯამში, 26-მდე სასტუმროსა და სანატორიუმზე. თუმცა, წინასწარ გაცხადებული გეგმის საწინააღმდეგოდ, 12 აგვისტოს ბათუმში თურქეთის დელეგაცია სრული შემადგენლობით ვერ ჩავა. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქი ბიზნესმენები აჭარას, 12 აგვისტოს ნაცვლად, სექტემბერში ეწვევიან.

[ქალბატონის ხმა] “ბათუმში ჩასვლა არ იგეგმება, თურქი ბიზნესმენები არ გეგმავენ აჭარაში ჩასვლას. სავარაუდოდ, ისინი, როგორც ჩვენთვის ცნობილია, სექტემბერში აპირებენ აჭარაში ვიზიტის განხორციელებას. ჯერჯერობით ამ ეტაპზე მხოლოდ ეს არის ცნობილი."

ამ ინფორმაციას ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ ნაწილობრივ ადასტურებენ. როგორც ჩემთან საუბარში აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პრესსამსახურის უფროსმა დიანა ვაშაყმაძემ განაცხადა, ბათუმში საპატიო სტუმრების დასახვედრად საგანგებოდ ემზადებიან. ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი ალექსანდრე ბეჟანიძეც თურქეთის დელეგაციის ბათუმში სტუმრობის დეტალებზე საუბრობს:

[ალექსანდრე ბეჟანიძის ხმა] “ნაწილი დელეგაციისა რჩება თბილისში და აწარმოებს აქ მოლაპარაკებებს, მეორე ნაწილი მოდის ბათუმში, და კონკრეტულად ვინ მოდის, ეს სიები ახლა ზუსტდება და მოგვიანებით გვეცოდინება. თუ არ ვცდები, ბატონი პრემიერი ბათუმში მობრძანდება, მიმდინარეობს სათანადო სამზადისი და ჩვენ მზად ვიქნებით პრემიერ-მინისტრისა და თანმხლები პირების დასახვედრად.”
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG