Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცეცხლი კონფლიქტის ზონაში - მხარეები პროვოკაციაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში 11 აგვისტოს მთელი ღამის განმავლობაში ორმხრივი სროლები ისმოდა. ისროდნენ როგორც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან,

ასევე ყუმბარმტყორცნებიდან. დაჭრილები და დაშავებულები ორივე მხარეს არიან. განსაკუთრებით დაზარალდა კონფლიქტის ზონის მოსახლეობა -ქართულ სოფელ თამარაშენში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი მთლიანად გამოვიდა მწყობრიდან. უკეთესი ვითარება არც ოსურ სოფლებშია. კონფლიქტის ზონის ქართულ-ოსური სოფლები 11 აგვისტოს სპეციალურმა მონიტორინგის ჯგუფმა დაათვალიერა. ზარალი ზუსტდება, მხარეები კი კონფრონტაციის გაღვივებასა და ცეცხლის გახსნის პროვოკაციაში, ტრადიციულად, ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, გავრცელებული ინფორმაციით, 11 აგვისტოს ღამით გახსნილი ინტენსიური ორმხრივი სროლების შედეგად, სულ 10 ადამიანი დაიჭრა. აქედან 7 ოსურ მხარეს წარმოადგენს, 3 კი - ქართულ მხარეს. განსაკუთრებით დაზარალდნენ სოფლების - თამარაშენისა და დმენისის - მცხოვრებლები: ოსურ სოფელ დმენისში დაახლოებით 20 სახლი დაზიანდა, ქართულ თამარაშენში კი დაცხრილულია თითქმის ყველა სახლი, ზოგიერთ მათგანში ცხოვრება პრაქტიკულად უკვე შეუძლებელია.

[დაზარალებულის ხმა]” 6 საათზე აქ დაიწყო და პირდაპირ სახლებზე, საბავშვო ბაღზე, სკოლაზე. იცოდნენ, რომ ბავშვები აქ გვყავდა. იქიდან სულ ჩანს კარგად ყველაფერი. მერე ბავშვები ჩავიყვანეთ და გასკდა კიდეც აქ. ცხინვალის მხრიდან იყო, იქიდან, და მაღლა მთაც მაგათ უკავიათ.”(სტილი დაცულია)

[დაზარალებულის ხმა] “დაბომბეს გუშინ თამარაშენი, ერედვი, აჩაბეთი, ხეითი. დაბომბეს, ესე იგი, ყველანაირი იარაღით ესროდნენ. აგერ, სახლები დანგრეულია, სასწაულით გადარჩა მოსახლეობა.”

ჩვენი კორესპონდენტი გოგა აფციაური სამშვიდობო ძალების ქართული, რუსული და ოსური ბატალიონებისა და ეუთოს დამკვირვებლების მიერ დაკომპლექტებული რვაკაციანი მონიტორინგის ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა კონფლიქტის ზონის სოფლებში. მოსახლეობის გარდა, იგი თავად მონიტორინგის ჯგუფის წევრებსაც გაესაუბრა.

[ვლადიმირ შიმონის ხმა]”მე დავრწმუნდი იმაში, რომ ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. ამ დროს კი თანაბარი სიძლიერის სროლებს ორივე მხარე აწარმოებს.”

ეს მონიტორინგის ჯგუფის წევრი, რუსი სამხედრო დამკვირვებელი ვლადიმირ შიმონია. მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება დე ფაქტო ხელისუფლების განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი ბორის ჩოჩიევი. მისი მტკიცებით, 11 აგვისტოს პირველი გასროლა ღამის 2 საათსა და 30 წუთზე ოსური სოფლის ბრისის მიმართულებით ქართული საგუშაგოებიდან გაისმა. ჩოჩიევის თქმით, აღნიშნულს მონიტორინგის ჯგუფის წევრებიც ადასტურებენ:

[ჩოჩიევის ხმა] “დმენისში დასახლებულ პუნქტში ნაღმტყორცნიდან 20 გასროლა მოახდინეს.”

ცხინვალის ხელისუფლების განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის ბორის ჩოჩიევის თქმით, 11 აგვისტოს ღამის სროლებში ქართული მხრიდან ერედვი-ქურთის შემოვლით გზაზე განლაგებული ქართული სამშვიდობო ბატალიონიც მონაწილეობდა. თავის მხრივ, ქართული მხარე სამშვიდობო ძალების რუსულ ბატალიონს ოსი სეპარატისტების ღია მხარდაჭერაში ადანაშაულებს. უშიშროების მინისტრის მოადგილის გიგი უგულავას განცხადებით, ასე აშკარად რუსი სამხედროები ოს სეპარატისტებს აქამდე არ მიმხრობიან:

[გიგი უგულავას ხმა]” თამარაშენთან იქვე მყოფ საგუშაგოზე მასიური ცეცხლი იყო გახსნილი გაუბიცებით სოფელ თამარაშენის მიმართულებით. ასევე რუსული სანომრე ნიშნებითა და სამშვიდობო ძალების შესაბამისი ემბლემით, ბმპ მონაწილეობდა გუშინდელ საბრძოლო მოქმედებებში და მისი მხრიდანაც იყო გახსნილი ცეცხლი ქართული სოფლების მიმართულებით.”

გიგი უგულავას თქმით, ამას გარდა, 11 აგვისტოს ღამით რუსი სამშვიდობოები ოსურ მხარეს ქართული სამშვიდობო კონტინგენტის გადაადგილების შესახებ ინფორმაციითაც ამარაგებდნენ. საქართველოს ოფიციალური სტრუქტურები რუსეთის შესაბამის უწყებებში საპროტესტო ნოტის გაგზავნას გეგმავენ.
XS
SM
MD
LG