Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა


ქართულ-ოსური კონფლიქტის საომარ მოქმედებებში გადასვლის რეალურმა საფრთხემ სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს

ხელისუფლებასთან მოლაპარაკების წარმოებისაკენ უბიძგა. 12 აგვისტოს მან ქართულ მხარეს ცეცხლის შეწყვეტისა და შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში დიალოგისაკენ მოუწოდა. დღესვე თითქმის იმავე ინიციატივით გამოვიდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც. მინისტრის პირველი მოადგილის ვალერი ლოშინინის თქმით, დაძაბულობის განმუხტვის ძირითადი საშუალება შერეული საკონტროლო კომისიისა და საქართველოსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრების 10-11 აგვისტოს შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაუყოვნებელი შესრულებაა. საქმე ეხება კონფლიქტის ზონიდან უკანონო შეიარაღებული ფორმირებების გაყვანას. რეგიონის დემილიტარიზაციის პროგრამით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რუსი და ქართველი მინისტრების შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე გამოვიდა. პროგრამა სამი ძირითადი პუნქტისგან შედგებოდა. ამ პუნქტების ამოქმედებას თბილისი ამჯერადაც მთავარ სტრატეგიულ ამოცანად სახავს.

თბილისის სამშვიდობო სტრატეგიის დაახლოებით ერთი კვირით გადადების მიზეზი ოსურ სოფელ სარაბუკთან მომხდარი პროვოკაცია იყო. შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს სარაბუკთან გახსნილ ცეცხლში რუსეთის სათათბიროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კომიტეტის თავმჯდომარის ანდრეი კოკოშინის ავტოკოლონა მოხვდა. ამ ფაქტის შემდეგ აქცენტები სხვაგვარად გადანაწილდა და ჟვანია-კოკოითის პირდაპირი დიალოგის აუცილებლობამ როგორღაც აქტუალობა დაკარგა, მით უფრო - სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის საჯარო განცხადებების ფონზე. ედუარდ კოკოითი ზურაბ ჟვანიასთან შეხვედრის წინააღმდეგი იყო. დაპირისპირებულ მხარეთა პირველი პირების პირისპირ დიალოგის, სულ მცირე, ერთი კვირით გადადება ორივე მხარეს ძვირად დაუჯდა. 11-12 აგვისტოს ღამის მასირებული ბრძოლები და დანაკარგი საზოგადოებამ ომის დაწყებად აღიქვა. ქართული მხარე კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარებას ცდილობს.

[ზურაბ ჟვანიას ხმა]”ჩვენ ვითხოვთ დაუყოვნებელ პირდაპირ მოლაპარაკებებს როგორც სეპარატისტთა ლიდერებთან, ასევე რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, ვინაიდან რუსეთი ჩართულია ამ პროცესებში და არის ერთ-ერთი მხარე იქ მიმდინარე პროცესების. ჩვენი მოთხოვნა ამ მოლაპარაკებების დროს, ჩვენი პოზიცია ამ მოლაპარაკებების დროს მდგომარეობს ცხინვალის რეგიონის სრულ დემილიტარიზაციაში... და მესამე - ჩვენ ვითხოვთ ამის პარალელურად მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებელთა კონტინგენტის მკვეთრი გაზრდა. პირველ ყოვლისა, ჩვენ ვგულისხმობთ ეუთოს დამკვირვებელთა კონტინგენტის ძალიან მნიშვნელოვან გაზრდას.”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ მეგობარი ქვეყნები ამ ძნელბედობის დროს საქართველოს სათანადოდ დაეხმარებიან. ქვეყნის ხელისუფლება პოზიციების მომაგრებას საერთაშორისო არენაზეც ცდილობს, პრეზიდენტი სააკაშვილი კი თბილისის ამოცანებს ასევე სამ პუნქტად აყალიბებს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენი ამოცანა, უშიშროების საბჭოსი და საქართველოს ხელისუფლების, ამ ეტაპზე არის სამგვარი. პირველი, ეს არის უსაფრთხოების ამოცანა. მეორე, ეს არის ეკონომიური - არ დავუშვათ ამ ბანდიტების მიერ კონტრაბანდის განახლება, რაც ძირს გამოუთხრის საქართველოს ეკონომიკას. და მესამე ამოცანა,პოლიტიკური, - არ დავუშვათ გარე ძალების მიერ დაწერილი გეგმის განხორციელება, ჩაითრიონ საქართველო ფართომასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში საკუთარ ტერიტორიაზე.”

საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების, კონფლიქტის ზონიდან უკანონო შეიარაღებული ფორმირებების გაყვანის, მხოლოდ სამშვიდობო ძალების დატოვებისა და რეგიონის დემილიტარიზაციის პროცესების ურთიერთშეთავსება ჯერჯერობით მხარეთათვის იოლ ამოცანას არ წარმოადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების 4 ბატალიონი - მათ შორის, ქართულ-ამერიკული წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით მომზადებული ბატალიონი - საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი; სამხრეთ ოსეთისა და იმერეთის სასაზღვრო ზოლში, ერედვის საგუშაგოზე, შინაგანი ჯარების მე-2 ოპერატიული ნაწილის ჯარისკაცები განლაგდნენ. საქართველოსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრების მიერ მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, ნათელი ხდება, რომ ქართული მხარე ცალმხრივ დემილიტარიზაციას არ აპირებს. ეს ჩვენთან საუბარში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამაც დაადასტურა. იგი 12 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად კონფლიქტის ზონაში გაემგზავრა. ზურაბ ჟვანია ამჯერად კონფლიქტის ზონის ქართულ მოსახლეობასთან შეხვედრით დაკმაყოფილდა. მისი ცხინვალში ვიზიტი, სავარაუდოდ, უახლოეს ხანში შედგება.
XS
SM
MD
LG