Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ფიქრობს ხალხი ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ


ცხინვალის რეგიონში ვითარების გამწვავებამ, რასაც, ქართული და ოსური წყაროების ინფორმაციით, რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, გულგრილი ვერც

თბილისში მცხოვრები ადამიანები დატოვა. თბილისელთა ერთი ნაწილი ხელისუფლებას კიდევ უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, ნაწილი კი აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტასა და სამშვიდობო პროცესის განახლებას ითხოვს. რა ჯობს - ომი თუ მშვიდობა, დაუსრულებელი საშინელება თუ საშინელი დასასრული? - ამ კითხვებს ჩემთან საუბარში რიგითი თბილისელები უპასუხებენ.


“ეს არ არის ქართველებისა და ოსების ომი, ეს არის რუსეთ-საქართველოს ომი” - ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ამ მოსაზრებას ბევრი თბილისელი იზიარებს. აქედან გამომდინარე კი, არც ის არის გასაკვირი, რომ 60 წელს მიტანებული მამაკაცი. რომელსაც მე რუსთაველის გამზირზე გამოველაპარაკე, სეპარატისტებთან ურთიერთობის გარკვევის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის ომის გამოცხადებას ურჩევს. “ვის ვეომებით?” - ჩემს რესპონდენტს ამ კითხვაზეც აქვს პასუხი:

[მამაკაცის ხმა] “იქითა მხარეს არიან რუსები, კაზაკები, აფხაზები და კიდევ სხვადასხვა შენაერთები, რომლებიც მხარში უდგანან სეპარატისტ ოსებს და ჩვენ ერთი გზა გვაქვს, რომ ჯარი ჩავაყენოთ ქართულ სოფლეში. თუ ისვრიან, საპასუხო ცეცხლი უნდა გაუხსნა, მეტი გზა არ არსებობს, ანდა გამოვუცხადოთ რუსეთს ომი. ეს არის რუსეთ- საქართველოს ომი და არა საქართველო-ცხინვალის ომი.”

ასევე ფიქრობს კიდევ ორი მამაკაცი, რომლებიც, შუადღის სიცხეს გარიდებულები, თავს ნარდის თამაშით იქცევდნენ. მათ აქტიური საბრძოლო მოქმედებების წარმოება შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავლად მიაჩნიათ. ისინი მზად არიან თავად მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა:

[მამაკაცის ხმა] “ყველა ერთად უნდა ვიყოთ, რაც იქნება, იქნება… მხარში ვუდგავარ ხელისუფლებას ყოველთვის. თოფი მექნება, იარაღი მექნება… წამომსვლელი ვარ - სადაც ხალხი, მეც იქ… ვინც არ წამოვა და იმისი… “

[მამაკაცის ხმა] “ჩვენ მთავრობას სწორი პოზიცია უჭირავს და მხარს ვუჭერთ. თუ საჭირო იქნება, საყოველთაო მობილიზაცია უნდა გამოცხადდეს, იმიტომ რომ ისე რომ ვიძახოთ, ჩვენიანები იხოცებიანო, კი ბატონო, იხოცებიან, მაგრამ დაუსრულებლად არ ვარგა: საშინელი დასასრული სჯობს დაუსრულებელ საშინელებასო…”

გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ქართული საზოგადოების მიერ დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, ბევრი მოქალაქე საქართველოს ხელისუფლებას ემოციების მოთოკვასა და კონფლიქტის სამოგვარებლად მშვიდობიანი გზების გამონახვას ურჩევს. “ომი ჩიხში შეგვიყვანს,” - მიაჩნია ჩემს მორიგ რესპონდენტს, რომელიც მოწინააღმდეგის სანგარში გამაგრებულ ოსებს თანამოქალაქეებს უწოდებს:

[მამაკაცის ხმა] “ჩემი აზრით, უნდა გაჩერდნენ ცოტა ხმნით, უნდა მოითმინონ, რაღაც ბოლო ხომ იქნება, ხო გაჩერდებიან… ომი იმ შედეგს მოიტანს, რომ საქართველო აღარ იარსებებს, ერი გაწყდება… ვის ეომები? გავანადგუროთ იქაურობა, ოსი ხალხი? ისინიც ხომ ჩვენი მოსახლეობა არის, არა?..”

თუმცა არიან ისეთი ადამიანები, - და მათი რიცხვი, სავარაუდოდ, ყველაზე დიდია, - რომლებსაც ხელისუფლებისთვის რაიმე კონკრეტული რჩევის მიცემა უჭირთ. მათი თქმით, სისხლისღვრა უნდა შეწყდეს, მაგრამ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევის ხარჯზე.

[ქალბატონის ხმა] “მინდა, რომ მშვიდობა იყოს, შევრიგდეთ და ძმობა იყოს, სიყვარული იყოს ერთმანეთში… აღარ იყოს ეს უბედურება. ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს და - არ ვიცი. დააკმაყოფილოს? როგორ დააკმაყოფილოს, გვერჩის და! ის გვერჩის, ჩვენ ხომ არ ვერჩით? რა უნდა შესთავაზოს ხელისუფლებამ: ა, ბატონო, წაიღეთ ჩვენი ტერიტორია და იყავითო?”(სტილი დაცულია)

ცხადია, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უჭერს მხარს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მასშტაბური მსხვერპლის შესახებ გავრცელებულმა პირველმა ცნობამ, რომლის თანახმადაც, ოსურმა მხარემ 30, ხოლო ქართულმა მხარემ 3 მებრძოლი დაკარგა, ბევრი თბილისელი ტირილის ხასიათზე დააყენა.

[ქალბატონის ხმა] “ჩვენი ბიჭები, ეტყობა, კარგად დაუხვდნენ და ამიტომ არის, ალბათ, იქიდან ამხელა მსხვერპლი, მაგრამ ვაი იმათ დედებს და იმ ბიჭებს, ვინც დაიხოცა ორივე მხარეს - ყველა ჩვენი შვილები არიან. დედა, რა ვიცი, რა გითხრათ, რა გვინდა ერთმანეთისგან, ნათესავი ერი ვართ, ერთმანეთი როგორ უნდა ვხოცოთ, ერთმანეთს უნდა გავუგოთ, მოვეფეროთ, მოვესიყვარულოთ, რომ ჩვენმა შვილებმა იხარონ ამ მიწაზე.”
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG