Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში სიტუაციის გამწვავების გავლენა ეკონომიკაზე კონფლიქტის ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ცხინვალის რეგიონში სიტუაციის უკიდურესმა დაძაბვამ ლოგიკურად გააჩინა კითხვა: ამ მდგომარეობის გაგრძელების ან კიდევ უფრო მეტად ესკალაციის შემთხვევაში,

რა გავლენას მოახდენს საომარი სიტუაცია ზოგადად საქართველოს ეკონომიკასა და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე?

ცნობილია, რომ როდესაც ქვემეხები გრუხუნებენ, არამარტო მუზები დუმან - ომი ან სამხედრო ოპერაცია, როგორც წესი, ადეკვატურ კვალს ტოვებს ზოგადად ქვეყნის ეკონომიკურ თუ სოციალურ ცხოვრებაზე. ასევე ცნობილია, რომ ეს კვალი პოზიტიური არ არის. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, აქვს მნიშვნელობა კონფლიქტის მასშტაბებს და, განსაკუთრებით, მის ხანგრძლივობას. ცხინვალის რეგიონში სიტუაციის უკიდურესმა დაძაბვამ ექსპერტები ამ კონფლიქტის შესაძლო შედეგებზე ჩააფიქრა.

დღეს არსებული ვითარება გლობალურად საქართველოს ეკონომიკაზე ჯერჯერობით ვერ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ იმატებს თავდაცვისუნარიანობის ხარჯები, რომელიც ისედაც პრიორიტეტულად იყო აღიარებული და, კონფლიქტის გამწვავებისდა მიუხედავად, მაინც უნდა გაზრდილიყო. მაგრამ თუ მდგომარეობა ცხინვალში არ განიმუხტა, ეს სასიკეთოს არაფერს უქადის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პოზიციებს.

ტრადიციულად, უარყოფით ფონს ქმნის კონფლიქტები, საინვესტიციო კლიმატის თვალსაზრისით. მსხვილი კაპიტალი ყოველთვის განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება იმ ქვეყნებს, რომელთაც პოლიტიკური და სამხედრო პრობლემები აქვთ. ინვესტორს თავისი კაპიტალის მაქსიმალური დაცულობის გარანტია უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირი ბიზნესფორუმი ან ეფექტური მარკეტინგული კამპანია მას კაპიტალდაბანდების სურვილს ვერ გაუჩენს. თუმცა ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძეს მიაჩნია, რომ ჩვენს შემთხვევაში „არც ისე წვიმს, როგორც ქუხს“ და ჯერჯერობით არსებული სიტუაცია საინვესტიციო კლიმატს არ ემუქრება, თუ, რა თქმა უნდა, კონფლიქტის ერაყიზაციასთან არ გვექნება საქმე.

[სანდრო თვალჭრელიძის ხმა] „თუ ერთი თვის განმავლობაში, ასე თუ ისე, გადაწყდა პრობლემა, - მე რეცეპტი ამ პრობლემის გადაწყვეტის არა მაქვს, არა ვარ სამხედრო სპეციალისტი, მაგრამ თუ ერთ თვეში გადაწყდა, - საინვესტიციო კლიმატზე არავითარ უარყოფით გავლენას არ იქონიებს. მთავარია არ გადავიდეს კონფლიქტი ლატენტურ მდგომარეობაში, როგორც მოხდა ეს ერაყში – აჯანყებები და ა.შ. “

თუ საქართველოს საინვესტიციო მომხიბვლელობას ცხინვალის პრობლემამ კვალი ჯერჯერობით ნაკლებად დაატყო (საინვესტიციო ბუმს საქართველო არც ამ კონფლიქტამდე განიცდიდა), მეორე საკითხია კონფლიქტის წმინდა ეკონომიკური ღირებულება. დაძაბულობა ყოველთვის დამატებითი ხარჯია ბიუჯეტისათვის, ხოლო სოციალურ და სხვა პროექტებს, პირიქით, თანხები აკლდება. ეს კი პირდაპირ კავშირშია სოციალურ ფონთან, რომელიც ისედაც არ გახლავთ იდეალური. მაგრამ ეს ყოველივე მოხდება იმ შემთხვევაში, თუ - ღმერთმა ნუ ქნას და - კონფლიქტი ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციაში გადაიზარდა. ამ შემთხვევაშიც, სანდრო თვალჭრელიძის აზრით, მთავარი დროის ფაქტორია:

[სანდრო თვალჭრელიძის ხმა] „მთავარია წონასწორობა აღდგეს. სხვანაირად, თუ მოხდა კონფლიქტის ერაყიზაცია, ეს დამღუპველი იქნება როგორც ჩვენი ეკონომიკისთვის, ისე სოციალური სტრუქტურისთვის, მთლიანად მოსახლეობისთვის.“

ცხადია, ომი ეკონომიკის „მეგობარი“ არასდროს არ არის. მაგრამ დღეს არსებული სტატუს-კვო, ექსპერტების შეფასებით, პანიკის საფუძველს ჯერჯერობით არ იძლევა.
XS
SM
MD
LG