Accessibility links

logo-print

უქმნის თუ არა ქართულ-ოსური კონფლიქტი საფრთხეს რეგიონის სტაბილურობას


როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ელიზაბედ ჯოუნსის

ვიზიტის ძირითად მიზანს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის ხელშემშლელი ფაქტორების განეიტრალება წარმოადგენდა. ნავთობსადენის საკითხი ასევე ძირითადი თემა იყო აშშ-ში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის არაოფიციალური ვიზიტისას. მას შემდეგ საქართველოს ხელისუფლება საჯარო გამოსვლებში ირწმუნება, რომ ყოველ ღონეს მიმართავს ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებების თავიდან ასაცილებლად, თუმცა ამას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

ცხინვალის რეგიონში 12 აგვისტოს გამთენიისას დაწყებული საბრძოლო მოქმედებების ჩაწყნარების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების თითქმის ყველა წარმომადგენელმა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”...არ დავუშვათ გარე ძალების მიერ დაწერილი გეგმის განხორციელება, ჩაითრიონ საქართველო ფართომასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში საკუთარ ტერიტორიაზე. ჩვენ ეს კონფლიქტი არ გვჭირდება. ჩვენ ვაპირებთ ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებას.”

ცხინვალის რეგიონში მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ ერდოანი. ერდოანის განცხადებით, მაშინ, როდესაც ქართულ-ოსური კონფლიქტი, შესაძლოა, დიალოგის გზით იქნეს მოგვარებული, არ არის მართებული მისი ომით გადაწყვეტა. შეირაღებული დაპირისპირების გზით სასურველი შედეგის მიღწევა ძალიან ძნელიაო, დასძინა ერდოანმა და აღნიშნა, რომ შეიარაღებული დაპირისპირება კავკასიაში საფრთხეს უქმნის მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებასაც.

თურქეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს არამხოლოდ საბრძოლო მოქმედებათა გამოძახილის - ტერორიზმის, ლტოლვილებისა თუ უკონტროლო შეიარაღებული ჯგუფების - თურქეთის ტერიტორიაზე გავრცელება. საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მეზობელი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია იმ ენერგეტიკული პროექტების ბედი, რომელიც ამ ქვეყნის მომავალ სტაბილურობას განაპირობებს. ლაპარაკია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობაზე.
პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას აზრით, კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოზე გამავალ ენერგეტიკულ პროექტებს.

[ვახტანგ მაისაიას ხმა] ”პოლიტიკური სტაბილურობის მომენტს აქცევენ ძალიან დიდ ყურადღებას ის ბიზნესმენები, რომლებიც მუშაობენ ნებისმიერი დონის პროექტზე. ცხინვალის რეგიონში თუ სიტუაცია დაიძაბა და მიიღო ისეთი ხასიათი, როგორიც თუნდაც ამ 2 დღის განმავლობაშია, ნავთობსადენის პროექტის განხორციელება საკმაოდ სარისკო ხდება.”

სწორედ ამიტომაცაა კატეგორიულად მიუღებელი საქართველოს ხელისუფლებისთვის ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების გაჩაღება, თუმცა კონფლიქტის წინა პერიოდში გადადგმული ნაბიჯები სისხლისღვრის გაჩაღების სულ უფრო ნაკლებ შანსს იძლევა.

ამ საფრთხეზე რუსული პრესა ჯერ კიდევ კონფლიქტის გამწვავებამდე წერდა. მოსკოველი ანალიტიკოსები სააკაშვილის მცდელობას ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლება მოეთვინიერებინა ”არაბი შეიხების” სასარგებლოდ გადადგმულ ნაბიჯებს უწოდებდნენ. საქმე ისაა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის შეჩერება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს დამოკიდებულს ხდის გაცილებით არასტაბილურ და ამერიკისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების ნავთობრესურსებზე.
XS
SM
MD
LG