Accessibility links

logo-print

საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში - მოიცლის თუ არა მისთვის საქართველოს ხელისუფლება


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს ხელისუფლება, მართალია, ძირითადად, კონცენტრირებულია სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ მას მოუწევს საკუთარი მიმართების

გამოხატვა მეორე განდგომილი რეგიონის - აფხაზეთისადმი. როგორც ცნობილია, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნებს მართავს. ამ არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა არ მონაწილეობს. ორი ფავორიტი კანდიდატიც გამოკვეთილია. აფხაზეთის პოლიტიკურ კლასს აქვს მოლოდინი, რომ საქართველო მოისურვებს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას. ამ მოლოდინისათვის აფხაზებს საფუძველს აძლევს საქართველოს ხელისუფლების, მათი აზრით, რევანშისტული პოზიცია.

12 აგვისტოს სააგენტო კავკაზ-პრესმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალის რაიონში ადგილობრივი გაზეთის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა: გამოკითხულთა 62% პრეზიდენტად სერგეი ბაღაფშის ხილვას ისურვებდა; 25% ალექსანდრე ანქვაბს მიემხრო, ხოლო 8% - მოქმედ პრემიერს რაულ ხაჯიმბას. იმავე სააგენტოს ცნობით, აფხაზეთის რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ საქართველოს რევანშისტულად განწყობილი ახალი ხელისუფლება აფხაზეთის საქმეებში ჩარევით შეეცდება გავლენა მოახდინოს საპრეზიდენტო არჩევნებზე. ეს არის პირველი არჩევნები, სადაც ერთმანეთს რეალური კონკურენტები დაუპირისპირდებიან.

აფხაზეთის რესპუბლიკური პარტია “აფსნი” ის პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელსაც აფხაზეთის მოქმედი ხელისუფლების პარტია “ახაცა” დაეფუძნა. დაახლოებით ისე, როგორც თავის დროზე შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირი - მწვანეთა პარტიას. “ახაცას” ან, მარტივად რომ ვთქვათ, არძინბას კლანს საპრეზიდენტო არჩევნებზე პრემიერ-მინისტრი რაულ ხაჯიმბა წარმოადგენს. ხაჯიმბა პრემიერი გახდა მოძრაობა “ამცახარადან”, რომელიც, დიდწილად, 1992-93 წლების კონფლიქტის მონაწილე მეომრებს აერთიანებს, ყოველ შემთხვევაში, წამყვანი პოზიციები მოძრაობაში ყოფილ მებრძოლებს ეკავათ. რაულ ხაჯიმბა, პრემიერად მუშაობისას, თანდათან ემიჯნებოდა “ამცახარას” და, საბოლოოდ, უგანა კიდეც. პრემიერისა და მისი ყოფილი თანამოაზრეების გაყრა დააჩქარა ივნისში “ამცახარას” გენერალური მდივნის გარი აიბას მკვლელობამ, რომელიც ჯერაც გაუხსნელია. აიბას მკვლელობიდან ცოტა ხნის შემდეგ “ამცახარა” და პარტია “ერთიანი აფხაზეთი” პარტნიორები გახდნენ და პრეზიდენტობის საერთო კანდიდატად სერგეი ბაღაფში დაასახელეს. შეგახსენებთ, “ერთიანი აფხაზეთის” ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ არძინბას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა, რომელიც ივნისში თანამდებობიდან გადადგა და, მოლოდინის მიუხედავად, საპრეზიდენტო ამბიცია არ გამოუხატავს. ამდენად, საპრეზიდენტო არჩევნებზე დღეს ძირითად კონკურენტებს ბაღაფში და ხაჯიმბა წარმოადგენენ. აფხაზეთის რესპუბლიკური პარტიის, “აფსნის”, განცხადება, თითქოს საქართველოს ხელისუფლება ჩაერევა პრეზიდენტის არჩევნებში, მაღალი ალბათობით, ასეთ ქვეტექსტს შეიცავს: რაულ ხაჯიმბა, როგორც არძინბას მემკვიდრე, ყველა შემთხვევაში უფრო მიუღებელი იქნება საქართველოსთვის, ვიდრე სხვა რომელიმე კანდიდატი. უთუოდ გახსოვთ ხაჯიმბას განცხადება, რომ აფხაზეთის ხელისუფლება წყვეტს ყოველგვარ მოლაპარაკებას საქართველოსთან. სწორედ ამიტომ, არჩევნებში ჩარევა ნიშნავს ჩარევას ხაჯიმბას საზარალოდ. “აფსნის” განცხადება არის შიდაპოლიტიკური მესიჯიც და ერთგვარი ნართაული იმის თაობაზე, თუ ვისთან შეიძლება ერჩივნოს ურთიერთობა საქართველოს: ეს არის სერგეი ბაღაფში. ამ არგუმენტით აფხაზეთის ხელისუფლება, ჩანს, ცდილობს, რაულ ხაჯიმბას, როგორც საქართველოსადმი უკიდურესად მტრულად განწყობილ ფიგურას, მომხრეები შემატოს.
XS
SM
MD
LG