Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედაქალაქის საავადმყოფოები დაჭრილთა მისაღებად მზადაა


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაჭრილთა რიცხვის ზრდის მატების გამო, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სტაციონარული დაწესებულებები მუშაობის

განსაკუთრებულ რეჟიმში გადადიან. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დაჭრილებისა და დაშავებულებისათვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გასაწევად ჯანდაცვის ობიექტები სრულ მზადყოფნაში არიან. საქმე ეხება როგორც პირველად დახმარებას, ისე ოპერირებასა და მედიკამენტოზურ მკურნალობას, რომლის ხარჯებსაც სახელმწიფო გასწევს. კონფლიქტის ზონაში დაჭრილთა უმრავლესობა სოფელ ქურთისა და ქალაქ გორის საავადმყოფოებშია ჰოსპიტალიზებული. მსუბუქი დაზიანებების გამო, ჯერჯერობით დაჭრილთა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოებში გადმოყვანის აუცილებლობა არ არსებობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციის მიხედვით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაჭრილთა რაოდენობა ქართველთა მხრიდან, მშვიდობიანი მოქალაქეების ჩათვლით, თითქმის 20 კაცს აღწევს. მათი მცირე ნაწილი შინ იშუშებს ჭრილობებს, უფრო დიდი ნაწილი კი საავადმყოფოებშია. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ვარლამ მოსიძის განცხადებით, გორისა და სოფელ ქურთის საავადმყოფოებში ამჟამად 12 დაჭრილი იმყოფება. სამინისტროს პრესსამსახური კი, თავის მხრივ, ადასტურებს, რომ დაჭრილთა მომსახურებისათვის, რესპუბლიკის მასშტაბით, ჯანდაცვის ყველა ობიექტია მზად:

[ვარლამ მოსიძის ხმა]” საგანგებო რეჟიმი, როგორც ასეთი, შემოღებული არ არის. ეს არის, უბრალოდ, მზადყოფნა შესაძლებელი გართულებების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ მზად ვართ, თუ დაჭრილები იქნებიან დიდი რაოდენობით, მივიღოთ ისინი და აღმოვუჩინოთ კვალიფიციური მკურნალობა და სამედიცინო დახმარება ყველა ეტაპზე.”

კონფლიქტის ზონიდან გამოყვანილი დაჭრილები ქურთის შემდეგ, ძირითადად, ცხინვალი-გორის გზაზე მდებარე გორის საავადმყოფოში ხვდებიან. საავადმყოფოს მთავარი ექიმის ნუკრი ჯოხაძის თქმით, ამ დროისათვის სტაციონარში სამი დაჭრილი მკურნალობს.საერთოდ კი, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამკურნალო დაწესებულებებში გამოცხადებული საყოველთაო მზადყოფნა უშუალოდ გორის საავადმყოფოზე დამატებითი დახმარების სახით არ ასახულა.

[ნუკრი ჯოხაძის ხმა]” ჩვეულებრივად მოფუნქციურე საავადმყოფოსაც კი ყოველთვის უნდა ჰქონდეს 15-20 ავადმყოფის მიღების სამკურნალწამლო საშუალებები. ჩვენ ეხლა არაფერს განსაკუთრებულს არც ვთხოულობთ - საჭიროება არ არის. მაგრამ სადღაც, ღმერთმა არა ქნას, თუ რაღაც მასიური ისინი დაიწყო, სადღაც, ალბათ, დევს და თბილისიდან გორში მოწოდებას რა უნდა, არაფერი.”(სტილი დაცულია)

სამკურნალწამლო საშუალებები და ექიმთა თავდადება, სამწუხაროდ, უძლური აღმოჩნდა თამარაშენის მკვიდრის, 59 წლის მშვიდობიანი მოქალაქის, გადასარჩენად. იგი ქურთის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
[გელა ჭულუხაძის ხმა]” გულმკერდის არე იყო, სნაიპერის ტყვიით. ვეცადეთ ბევრი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ოპერაციაზე დაიღუპა.”

ქურთის საავადმყოფოს მთავარი ექიმის გელა ჭულუხაძის თქმით, საავადმყოფოში მოთავსებული დანარჩენი დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 11 აგვისტოს ღამის მასირებული სროლების შემდეგ კი თავად შენობა, კერძოდ, მისი სახურავი უმნიშვნელოდ დაზიანდა. ბატონი ჭულუხაძის დარად, საავადმყოფოზე დამიზნებულ შეტევას გამორიცხავს სეპარატისტთა პრეზიდენტის წარმომადგენელი ვაჟა ხაჭაპურიძეც. ამჯერად ცხინვალის საავადმყოფოს ვგულისხმობთ. რუსული საინფორმაციო საშუალებების მტკიცებით, 11 აგვისტოს ღამით ქართული მხარე ტყვიებს ცხინვალის საავადმყოფოსაც უშენდა.

[ვაჟა ხაჭაპურიძის ხმა]” ახლა დამიზნებული, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველთა მხარეს საავადმყოფო არ ექნებოდა. ახლა, ომი ომია, მაგრამ ყველა უფრთხილდება ბავშვებს, მოხუცებს და, მით უმეტეს, ავადმყოფებს და საავადმყოფოს მიმართულებით, მე დარწმუნებული ვარ, არც ერთი, არც მეორე არ გაისვრის. მაგრამ ეს არის შემთხვევითი, იმიტომ რომ პარამეტრებისა და კოორდინატების გარეშე ხდება ამისი დისტანცირება.”

ვაჟა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ცხინვალის საავადმყოფოს დაზიანება უმნიშვნელოა - სულ რამდენიმე ჩამსხვრეული მინა. მისი თქმით, მინებზე მეტად ის არის სამწუხარო, რომ დაჭრილთა რიცხვი იზრდება და ქართულ-ოსურ სამედიცინო პერსონალს საზრუნავი დღითიდღე ემატება.
XS
SM
MD
LG