Accessibility links

logo-print

გასულ კვირას, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით, ბუნერივია, რომ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გასულ კვირას, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით, ბუნერივია, რომ ქართული პრესის ყურადღების ცენტრში სწორედ

საქართველოს ეს აჯანყებულ რეგიონი მოექცა. რა ხდება ცხინვალში? როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები? როგორ შეიძლება სიტუაციის განმუხტვა? - ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხს გასული კვირის ქართული პრესა ეძებდა.

13 აგვისტოს „მთავარი გაზეთის“ შენიშვნით, საინფორმაციო საშუალებები ცხინვალის რეგიონიდან ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებენ. შესაბამისად, საერთო სურათის წარმოდგენა ძალიან ძნელია. იბადება მრავალი კითხვა, რომლებზეც პასუხის გაცემა აუცილებელია, რათა გავარკვიოთ, თუ რა მიმართულებით ვითარდება კონფლიქტი. კერძოდ:



პირველ ყოვლისა, კითხვებს პოლიტიკოსთა ქმედებები აღძრავს. გასარკვევია, აქვს თუ არა ხელისუფლებას კრიზისის მოგვარების კონკრეტული გეგმა. ამას გარდა, საკითხავია, საერთოდ შეიძლება თუ არა საუბარი ერთიან პოლიტიკაზე მაშინ, როცა რუსეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს უმაღლეს პირთა გამონათქვამს ჭაკის ხვიხვინს ადრის, ხოლო ამ დროს საქართველოს დელეგაცია მორცხვად უძღვნის კომპლიმენტებს რუსულ მხარეს და ასეთ საჩოთირო საკითხებს გვერდს უვლის. იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლებაში რუსეთთან დაკავშირებით ერთიანი აზრი არ არსებობს. ეს კიდევ უფრო საშიშია, ვიდრე მცდარი, მაგრამ ერთიანი, პოზიციის არსებობა, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ყოველთვის შეიძლება პოზიციის კორექტირება, თუგინდ 180 გრადუსით, ხოლო ორი, სამი და მეტი განსხვავებული პოზიციის არსებობა ნებისმიერი პოლიტიკის სიკვდილს ნიშნავს.



„მთავარი გაზეთი“ ამ დრომდე უპასუხოდ დარჩენილ უამრავ კითხვას სვამს. მაგალითად: რა შეიძლება იყოს ჩვენ მიერ ძალის გამოყენების მიზანი: ქართული სოფლების დაცვა, ოსთა ფორმირებებისა და მათი მოკავშირეების ნეიტრალიზება სამხედრო ძალის გამოყენებით თუ რეგიონზე კონტროლის დამყარება? დავუშვათ, ავიღეთ ცხინვალი და ცხინვალის რეგიონზე სამხედრო კონტროლი დავამყარეთ. რა ხდება შემდეგ? ვინ დაიცავს წესრიგს კონფლიქტის რეგიონში? როგორი იქნება ტერიტორიის სტატუსი? - ვიდრე ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, ჩვენს საზოგადოებას გაუჭირდება, ნათელი წარმოდგენა ჰქონდეს ხელისუფლების პოლიტიკაზე და, შესაბამისად, ვერ მოხერხდება მთავრობისთვის ცალსახა მხარდაჭერა, - წერს „მთავარი გაზეთი“ და განაგრძობს:




დაბოლოს, კიდევ ერთი კითხვა: ჩვენ კარგად გვესმის, რომ შექმნილია განსაკუთრებული მდგომარეობა, როცა გარკვეულწილად ცენზურული შეზღუდვების განხორციელება გასაგებია. მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბევრი ადამიანი ინფორმაციის ცენზურით არა იმდენად სამხედრო საიდუმლოებას ფარავს, არამედ საკუთარ არაკომპეტენტურობასა და უუნარობას, თავი გაართვას დაკისრებულ მოვალეობას. არადა, საზოგადოებას, კანონის ფარგლებში, ყოველთვის აქვს უფლება იცოდეს, ვინ წყვეტს ძალის გამოყენების საკითხს, როგორ ხდება სხვადასხვა უწყების კოორდინაცია ან, თუნდაც, იმყოფებიან თუ არა კონფლიქტის ზონაში ისინი, ვინც, კონფლიქტის სპეციფიკიდან გამომდინარე, იქ უნდა იმყოფებოდეს. ასეთი ინფორმაციის მეტისმეტად გასაიდუმლოება არა მხოლოდ საზოგადოებისთვის არის საზიანო, არამედ უმაღლესი მხედართმთავარიც შეცდომაში შეჰყავს, რადგან რეალური ვითარების არაადეკვატურ სურათს ქმნის.



„სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება,“ - წერს 13 აგვისტოს გაზეთი „24 საათი“, რომლის ცნობითაც, პარლამენტის წევრები და პოლიტიკოსები ერთიანნი არიან იმ საკითხში, რომ კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანას ალტერნატივა არა აქვს. საქართველოს მთავრობის პოზიცია უცვლელია: კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა მოწესრიგდეს, თუმცა ცეცხლის გახსნისთვის ოსური მხარე პასუხს აგებს. გაზეთი წერს:


„ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ძალიან სერიოზული შეტევა განახორციელა. ჩვენი პირობისამებრ, მათ უმკაცრეს პასუხს გავცემთ, არ შევიკავებთ თავს რადიკალური ნაბიჯებისგან და მათი ზარალი გაცილებით დიდი იქნება,“ - განაცხადა „24 საათთან“ ინტერვიუში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ. იგი დარწმუნებულია, რომ სიტუაცია კონტროლირებადია და საქართველოს ხელისუფლება შეძლებს მშვიდობის შენარჩუნებასა და თავისი მოსახლეობის დაცვას. მოქმედებისას კი პრიორიტეტი იქნება ზონის დემილიტარიზაცია, რეალური მოლაპარაკება მაღალ დონეზე, რუსეთის მონაწილეობით, ეუთოს დამკვირვებელთა რაოდენობის მაქსიმალური გაზრდა და სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციის მიღწევა.
საპარლამენტო ოპოზიციას მიაჩნია, რომ მთავრობამ, უპირველესად, უნდა დაიცვას საკუთარი მოსახლეობა და ქმედითი ზომები გაატაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.
„სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე ნოდარ ნათაძე კი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ პროგრამას აბსურდულს უწოდებს: მისთვის მიუღებელია კონფლიქტის ზონაში მხოლოდ შერეული სამშვიდობო ძალების კონტინგენტის დარჩენა და მიაჩნია, რომ ქართულ მოსახლეობას იარაღი უნდა დაურიგდეს.


„საქართველომ არ იცის, სამაჩაბლოში რა ხდება,“ - წერს 14 აგვისტოს გაზეთი „რეზონანსი“, რომელიც კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესატყობად თბილისის ერთ-ერთ ავტოსადგურში ცხინვალის მიმართულებით მიმავალ მგზავრებს ესაუბრა. კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთა თქმით, მდგომარეობა იქ გაცილებით მძიმეა, ვიდრე ეს კონფლიქტის ზონის გარეთ მყოფთ წარმოუდგენიათ. კონფლიქტის ზონის მცხოვრებლებმა „რეზონანსს“ ისიც უთხრეს, რომ ის ქართული სოფლები, რომლებიც ცხინვალის შემოგარენშია, იბომბება. ერთი რესპონდენტის თქმით:



„ცხინვალის გარშემო თითქმის სულ ქართული სოფლებია, მათ უკან კი ოსური სოფლებია განლაგებული. მართალია, ოფიციალური მონაცემებით, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის, მაგრამ როცა სახლს ბომბი დაეცემა და ჭერი და კედლები აღარ შერჩება, იქ არავინ მოკვდება? ქართულ სოფლებში მუდმივად ისვრიან. ხეობის მოსახლეობა, უმთავრესად, თავად იცავს თავს. ისინი რომ ასე არ იცავდნენ თავს, ქართველი სამხედროები ვერაფერს შეძლებდნენ - მათ სროლის ბრძანება არა აქვთ. არც ის არის მართალი, რომ ამბობენ, მოსახლეობას იარაღი არა აქვსო. იარაღი ქართველებსაც აქვთ და ოსებსაც,“ - განუცხადა “რეზონანსს” დავითმა, რომლის გვარსაც, მისი თხოვნით, გაზეთი არ ამხელს.
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის მცხოვრებლები ფიქრობენ, რომ ყველაზე დიდი შეცდომა პირველი ტყვიის გასროლა იყო. ქართველებიც და ოსებიც ერთხმად აცხადებენ, რომ პოლიტიკოსები ყველა დათმობაზე უნდა წავიდნენ, რომ ცხინვალის გარშემო სროლა შეწყდეს და მსხვერპლის რაოდენობა აღარ გაიზარდოს. მათი თქმით, დაძაბულობის ესკალაციაში ჟურნალისტებიც სცოდავენ. „ არ შეიძლება ტელევიზიით აჩვენო კადრები, როგორ შედის რეგიონის ამა თუ იმ სოფელში ქართული ჯარი და შეიარაღება. ამით ოსები ძალიან გაღიზიანდნენ და საომრად განეწყვნენ. აქ საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება და ამ საკითხს ყველა, განსაკუთრებით კი ჟურნალისტები, ძალიან ფრთხილად უნდა მიუდგნენ,“ - განაცხადა რეგიონის ერთ-ერთმა მკვიდრმა “რეზონანსთან” საუბარში.




14 აგვისტოს გაზეთ „ხვალინდელი დღის“ ცნობით, ძალოვანებში მორიგი საკადრო „კარუსელი“ იგეგმება და ცხინვალთან სიტუაციის გამწვავებამ, შესაძლოა, პროცესი დააჩქაროს. გაზეთი წერს, რომ, გავრცელებული ცნობებით, მალე საქართველოს ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი ეყოლება:


შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე საუბრობენ იმის შესახებ, რომ სულ მალე მათ ახალი მინისტრი ეყოლებათ და ირაკლი ოქრუაშვილის პოსტს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე დაიკავებს. როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების ყველაზე მძიმე ეტაპი უკვე დასრულდა და პრეზიდენტი ამჯერად ოქრუაშვილის სხვა ფრონტზე გადასროლას აპირებს. ამბობენ, ის უშიშროების მინისტრის პოსტზე ვანო მერაბიშვილს შეცვლის. რაც შეეხება უშიშროების ამჟამინდელ მინისტრს, რომლის სახელიც არაერთ სკანდალურ საქმეში ამოტივტივდა, სად გადაისვრიან, ჯერჯერობით უცნობია.
XS
SM
MD
LG