Accessibility links

logo-print

საქართველოში ინვესტიციების განსახორციელებლად ხელისუფლება ”შერჩევითი” ბიზნესჯგუფების შემოტყუებას ცდილობს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ცხინვალის რეგიონში სიტუაციის უკიდურესმა გამწვავებამ ქართული საზოგადოების ყურადღება მიიპყრო და ეკონომიკაში მიმდინარე საკმაოდ საინტერესო პროცესებმაც,

ბუნებრივია, უკანა პლანზე გადაიწია. სხვათა შორის, გასულ კვირას მოსკოვში მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რუსულ პრესასთან საინტერესო კომენტარები გააკეთა. გიორგი ბარამიძე რუსეთს ურჩევს, სამხედრო და პოლიტიკური ამბიციების ნაცვლად, აქცენტი ქართულ ეკონომიკაში ინვესტირებასა და ერთობლივ პროექტებზე გადაიტანოს. თავდაცვის მინისტრი რუსულ მედიასთან აცხადებს, რომ საქართველო მზადაა კარი გაუხსნას “დემოკრატიულ რუსულ კაპიტალს” ქვეყანაში და მზად არის მათ ისეთი ე.წ. სტრატეგიული ობიექტები შესთავაზოს, როგორიცაა გაზსადენი, რომლითაც მარაგდება, საქართველოსთან ერთად, რუსეთის მოკავშირე სომხეთი, ელექტროგადამცემი ხაზები და პორტები. ამ შეთავაზებაში, ერთი შეხედვით, უცნაური არაფერია და დაახლოებით მსგავსი განცხადებები ეკონომიკური ბლოკის მინისტრებისა და ქვეყნის პირველი პირების მიერ მანამდეც გაკეთებულა, მაგრამ ამ შემთხვევაში პრივატიზაციაში მონაწილეობასა და საქართველოს ეკონომიკაში “რუსული ღია კარის” თაობაზე საუბრობს არა პრემიერი ან ეკონომიკის მინისტრი, არამედ თავდაცვის უწყების პირველი პირი. ამასთან, ეს შეთავაზება ხდება სამაჩაბლოში გამწვავებული კონფლიქტისა და რუსი მშვიდობისმყოფელების მიმართ გამოთქმული ღია ბრალდებების ფონზე. რუსული მედია ბარამიძის ამ გამონათქვამებს, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარებაში რუსეთის პოზიტიური წვლილის სანაცვლოდ, ეკონომიკაში ექსპანსიის შეთავაზებად აფასებს. დამოუკიდებელი ექსპერტი დემურ გიორხელიძე ფიქრობს, რომ ინტერესეთა ბალანსი გლობალურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ და აქ გასათვალისწინებელია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, პირველ რიგში კი, აშშ-ის პოზიცია. რაც შეეხება შეთავაზებას, ესეც სტრატეგიული მიზნის მიღწევის კონტექსტში უნდა იქნეს განხილული.

[დემურ გიორხელიძის ხმა] “მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობა ძალიან დაძაბულია, გამოსავალი არის არა მხოლოდ ეკონომიკური შეთავაზებები, რაც პრინციპში არ ხსნის ამ პრობლემას, რადგან ის გეოპოლიტიკური მდებარეობა, ის გლობალური პროექტები, ის ორიენტაციები ქართული სახელმწიფოსათვის ბალანსის მიღწევის საშუალებას არ იძლევა - ეს არის ამოსავალი, ამდენად როდესაც თავდაცვის მინისტრი ასეთ შეთვაზებებს აკეთებს, მისი რანგი ძალიან მაღალია, მაგრამ, ვფიქრობ, ამგვარი შეთავაზებები მაინც ქვეყნის პრეზიდენტისაგან და პრემიერ-მისიტრისაგან უნდა მოდიოდეს, იმიტომ რომ ეს ფუნქციონალურად სხვა სტრუქტურებია და ასეთი განცხადება შეიძლება კეთილი ნების გამომჟღავნება იყოს, მაგრამ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი არაა. ” (სტილი დაცულია)

გიორხელიძე ფიქრობს, რომ საქართველოში, რასაკვირველია, უნდა იყოს რუსეთის კაპიტალი, ისევე როგორც ამერიკული და თურქული, მაგრამ ხელისუფლებას ფრთხილი პოლიტიკის გატარება და კაპიტალის შემოდინების დივერსიფიცირება მართებს, რათა, ეკონომიკურთან ერთად, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესიც დაცულ იქნეს.

გასულ კვირას თბილისმა თურქ ბიზნესმენთა დიდ ფორუმს უმასპინძლა. ბიზნესმენები საქართველოში პრემიერ-მინისტრ ერდოღანს ჩამოჰყვნენ. ისევე როგორც ორი თვის წინ გამართული რუსეთ-საქართველოს ბიზნეს კონფერენციის შემდეგ, გასულ კვირას ჩატარებული ფორუმიდანაც მყისიერ ინვესტიციებს ნაკლებად ველით, თუმცა თურქული კაპიტალი, რომელიც მცირე მასშტაბებით მაინც არსებობს საქართველოში, შედარებით უფრო ნაკლებად პოლიტიზებულია და მათი ინტერესი ქართული ბაზრისადმი არცთუ უმნიშვნელოა, მაგრამ აქაც, ისევე როგორც რუსული ბიზნესდესანტის შემთხვევაში, მთავარია ის ეკონომიკური გარემო და ინვესტიციების დაცულობის ხარისხი, რომელიც, ტრადიციულად, პირველი მასტიმულირებელია კაპიტალისათვის. შესაბამისად, კაპიტალდაბანდება განხორციელდება მაშინ, როდესაც ქართული ბიზნესგარემო კეთილსაიმედო იქნება არა, კონკრეტულად, რუსი, თურქი თუ ამერიკელი ინვესტორისათვის, არემედ, ზოგადად, აქ ჩადებული თანხა იქნება დაცული და მეწარმეობის განვითარებას დამატებითი ბარიერები მოეხსნება.

[დემურ გიორხელიძის ხმა] “როდესაც მთავრობა ხელოვნურად ცდილობს ცალკეული რუსული ჯგუფების, ცალკეული თურქული ჯგუფების, ცალკეული გერმანული თუ ამერიკული ჯგუფის საქართველოში ჩამოყვანას, ესეც ვერ იქნება მომგებიანი, იმ უბრალო მიზეზი გამო, რომ ეს ადამიანები საბაზრო მექანიზმებმა უნდა ჩამოიყვანოს აქ, ხელისუფლებისგან ყველას უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ ინვესტიცია გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება დაცული კანონის ფარგლებში. ინვესტორს არ უნდა სჭირდებოდეს პირადი კონტაქტი და მხარდაჭერა პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისაგან. დღეს ყველამ იცის ქართული გარემოება, ამიტომ როდესაც შერჩევითი ჯგუფების ჩამოყვანა ხდება, მათ შორის ეკონომიკის მინისტრი იქნება თუ სხვა, თავის ნაცნობ ბიზნესმენებს უკავშირდება.”(სტილი დაცულია)

არადა, საბაზრო ეკონომიკა, თავისთავად, არის ერთგვარი ანონიმური სფერო, რომელიც არა მაინცდამაინც პირად კონტაქტებზე, მეგობრობასა და უბნურ ინტერესებზეა დამოკიდებული, არამედ ზოგად სოციალურ-ეკონომიკურ და სამართლებრივ გარემოზე. რა თქმა უნდა, ცუდი არაა, როდესაც სახელმწიფოს პირველ პირებს გაცნობიერებული აქვთ ინვესტიციების მნიშვნელობა, ესმით საგადასახადო გარემოს ლიბერალიზაციის ეფექტი, ზრუნავენ პოლიტიკურ და კრიმინოგენურ სტაბილურობაზე, მაგრამ ეს მათ ისედაც ევალებათ და ამიტომაც აძლევს მათ ამომრჩეველი ნდობის მანდატს და ამ ფუნქციების განსახორციელებლად ჩვენ, გადასახადების სახით, ვუწილადებთ სახელმწიფოს ჩვენივე შემოსავლების არცთუ მცირედ ნაწილს. მაგრამ ერთია ყოველივე ამის გაცნობიერება და მეორე - რეალობა, რომელიც მართლაც რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს, თუმცა ეს რადიკალიზმი საერთო სახელმწიფოებრივი გააზრებული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს და არა სპონტანური და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ქმედებების ერთობლიობა.
XS
SM
MD
LG