Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 552-ე გამოშვება

დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიას", რომლის 552-ე გამოშვებაში გიამბობთ საპატიმროთა საზოგადოებრივი მონიტორინგის ახალ ეტაპზე; მოგითხრობთ საქართველოს ახალგაზრდა მოჭადრაკეთა წარმატებაზე ევროპის ჩემპიონატში; ოლიმპიური თამაშების გახსნასთან დაკავშირებით გესაუბრებით თემაზე: როგორ შეიძლება მიეცეს ოლიმპიურ "ოქროს" ოქროს ფასი?; შემდეგ შემოგთავაზებთ მასალას ახალგაზრდა კინოდოკუმენტალისტის, ალექსანდრე ქორიძის ახალ ფილმზე “სტიპენდიატები”, რომელიც მან იტალიაში გადაიღო; გადაცემის ბოლოს კი მოგასმენინებთ ინტერვიუს ალექსანდრე ქორიძის უფროს კოლეგასთან ოთარ იოსელიანთან, რომელიც ახლახან გარდაცვლილ თავის მეგობარს, დიდ ფრანგ ფოტოხელოვანს ანრი კარტიე-ბრესონს გაიხსენებს. რადიოჟურნალს პრაღიდან უძღვება დავით კაკაბაძე.

[მუსიკა]

საპატიმროთა საზოგადოებრივი მონიტორინგის ახალი ეტაპი

დავით კაკაბაძე:
მიმდინარე კვირაში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განისაზღვრა იმ 21 ადამიანის ნუსხა, რომელთაც უფლება მიეცათ, საგანგებო ნებართვისა თუ საშვის გარეშე შევიდნენ სასჯელაღსრულების ადგილებში, მოინახულონ პატიმრები და შეისწავლონ მათი მდგომარეობა. რასთან მოუწევთ შეხება საპატიმროთა დამკვირვებლებს? ამ შეკითხვით დავით პაიჭაძემ ხსენებული 21-დან ერთ-ერთს, თეა თუთბერიძეს მიმართა.

[თეა თუთბერიძის ხმა] “ამ საბჭოს წევრებს აქვთ უფლება, შევიდნენ ციხეში, მოინახულონ პატიმრები, შეამოწმონ მათი ცხოვრების პირობები ციხეში, მისცენ მითითებები ადმინისტრაციას და მოითხოვონ პატიმრების შესახებ არსებული საბუთები და არაკონფიდენციალური ინფორმაცია”.

დავით პაიჭაძე:
ეს გახლავთ არასრული ჩამონათვალი უფლებებისა, რომლითაც პრეზიდენტის შერჩეული 21 პიროვნება აღიჭურვა. სააკაშვილის ბრძანებულება უთითებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლა მათ შეუძლიათ სამუშაო საათებში, თუმცა რომელია ციხეში სამუშაო საათი და რომელი - არასამუშაო, კანონი არაფერს ამბობს. თეა თუთბერიძემ უკვე გამოიყენა მინიჭებული უფლება და თბილისის საპყრობილეს ეწვია, რაც, მისი თქმით, ადმინისტრაციას მაინცდამაინც არ ესიამოვნა.

[თეა თუთბერიძის ხმა] “მათ თქვეს, რომ საბჭოს ყველა წევრმა ერთად რომ მოისურვოს ციხეში შემოსვლა, ეს ვერ მოხდება. მე ვუპასუხე, დამერწმუნეთ, საჭიროების შემთხვევაში, სწორედ ასე იქნება; როცა მოგვივა ინფორმაცია, რომ პატიმარი ნაცემი ან ნაწამებია, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევიდეთ ციხეში მათ მოსანახულებლად”.

თეა თუთბერიძე ამბობს, რომ სასჯელაღსრულების ადგილებში შესვლის უფლებას უწინარესად სწორედ პატიმართა შეურაცხყოფისა და წამების აღსაკვეთად გამოიყენებენ.

[თეა თუთბერიძის ხმა] “მე ვფიქრობ, იქ გვეყოლება პატიმართა გარკვეული ჯგუფი, რომელიც მოგვაწვდის ინფორმაციას ასეთი ფაქტების შესახებ. ეს, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს პატიმრებზე ზეწოლის იმ ფორმათა აღკვეთას, რომელსაც დღესაც მიმართავენ”.

პატიმრებთან კავშირი მონიტორინგის უფლების მქონე პირებს ექნებათ მათი ოჯახის წევრებისა და ადვოკატების მეშვეობით, მაგრამ მთავარი, ცხადია, მაინც მსჯავრდებულებთან უშუალო კონტაქტია. აქ კი პრეზიდენტის ბრძანებულება ერთ სიახლეს ითვალისიწინებს:

[თეა თუთბერიძის ხმა] “ჩვენ პატიმრებთან შეხვედრის უფლება გვაქვს არა ადმინისტრაციის თანდასწრებით, არამედ ცალკე. მეტიც, როცა ვხვდებით, ციხის ადმინისტრაციის არც ერთ წარმომადგენელს არა აქვს უფლება, დაესწროს შეხვედრას. შესაბამისად, ეს გვაძლევს საშუალებას, მოვიპოვოთ რეალური ინფორმაცია პატიმრებისგან ციხის ვითარების შესახებ. ძალიან კარგია, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენელი არ დაესწრება ჩვენს შეხვედრას პატიმრებთან. სხვაგვარად, ალბათ, აზრიც არ ექნებოდა ჩვენს საქმიანობას”.

თავისუფლებააღკვეთილ მოქალაქეთა მდგომარეობას პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული 21 პირი გაეცნობა იმ ადგილებში, სადაც უკვე სასჯელს იხდიან. მათი შესვლა წინასწარი დაკავების საკნებში მკაფიოდ დათქმული არ არის. საგულისხმოა, რომ სასჯელარსრულების დაწესებულებები იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შედის, ხოლო წინასწარი დაკავების იზოლატორები, სადაც ეჭვმიტანილები და ბრალდებულები სხედან, ხოლო ხსენებული 21 კაცი ვერ შედის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის.

[თეა თუთბერიძის ხმა] “აქ, ვფიქრობ, რაღაც გაუგებრობაა და, შეიძლება, პრეზიდენტს ამაზე მეორე ბრძანებულების გამოცემაც მოუწიოს. ბრძანებულების მთელი არსი ხომ ის იყო, რომ შეგვძლებოდა არა მხოლოდ მსჯავრდებულთა, არამედ იმათთან შეხვედრა, ვინც ჯერ არ გაუსამართლებიათ; რადგან სწორედ წინასწარი დაკავების საკნებში აწამებენ პატიმრებს ყველაზე ხშირად და აწერინებენ აღიარებით ჩვენებებს დანაშაულზე, რომელიც, შესაძლოა, მათ არ ჩაუდენიათ”.

თეა თუთბერიძე მეთანხმება, რომ პატიმრებთან შეხვედრისა და ინფორმაციის მიღების მცდელობისას მოუწევთ კრიმინალური სამყაროს დაუწერელ კანონებთან შეჯახებაც. ეს კანონი შეიძლება უკრძალავდეს პატიმარს ინფორმაციის მიწოდებას ციხეში არსებულ ვითარებაზე. თეა თუთბერიძის თქმით, ასეთ შემთხვევაში პასუხი ისევ ციხის ადმინისტრაციას მოეკითხება, რადგან ადმინისტრაცია უწყობს ხელს ციხის მართვას ე.წ. “პალაჟენიის” მეშვეობით. ადმინისტარციაზე ზემოქმედებას 21-კაციანი საბჭო პრეზიდენტთან და იუსტიციის მინისტრთან ხშირი შეხვედრების შედეგად იმედოვნებს.

დავით პაიჭაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

საქართველოს ჭაბუკ მოჭადრაკეთა წარმატება ევროპის ჩემპიონატში

დავით კაკაბაძე:
თურქეთის კაპადოკიის პროვინციის ქალაქ ურგუპში დამთვარდა ევროპის მორიგი ჩემპიონატი 10-დან 18 წლამდე ასაკის ჭაბუკებსა და გოგონებს შორის. საქართველოს მოჭადრაკეებმა ჩემპიონატში დიდ წარმატებას მიაღწიეს. მათ 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდნენ. სხვა მეტოქეებთან ერთად, მათ ჩამოიტოვეს რუსეთის ძლიერი გუნდი, რომელიც ხუთ მედალს დასჯერდა. სულ შეჯიბრებაში 38 ქვეყნის 700-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. ჩემპიონატის გარშემო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, გიორგი მაჭარაშვილს ჩვენი კოლეგა გიორგი კაკაბაძე ესაუბრა.

გიორგი კაკაბაძე:
ევროპის ჩემპიონი 10 წლამდე გოგონებში გახდა სამტრედიელი მერი არაბიძე, ვერცხლის მედალი კი თბილისელმა ნათია ჯალაბაძემ მოიპოვა. საინტერესოა, რომ საქართველოს გეოგრაფიული მრავალფეროვნება სხვა ასაკობრივ ჯგუფებშიც გამოვლინდა. როგორც გოგი მაჭარაშვილი გვამცნობს:

[მაჭარაშვილის ხმა]“თბილისელმა გიორგი მარგველაშვილმა 14 წლამდე ასაკის ჭაბუკებში მოიპოვა ჩემპიონობა. ამავე ასაკში მეორე ადგილზე გავიდა რუსთაველი ლუკა პაიჭაძე, მესამეზე - ქუთაისელი დათო ბენიძე, რომელიც ოჩამჩირელი ლტოლვილია. ასე რომ, ამ ასაკში სამივე მედალი ჩვენია. 18 წლამდე ასაკის გოგონებში გაიმარჯვა ბათუმელმა სალომე მელიამ, რომელიც გამოცდილი მოჭადრაკეა - ფლობს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულებს სხვადასხვა ასაკში. გარდა ამისა, 16 წლამდე ასაკის გოგონებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა თბილისელმა მაკა ფურცელაძემ, რომელიც წარმოშობით გურჯაანიდანაა.
14 წლამდე ასაკის გოგონებში გვასახელა მადონა ბოკუჩავამ ზუგდიდიდან.”

მოელოდით თუ არა, რომ რუსეთის ძლიერ გუნდს გაუსწრებდით და კიდევ - რამდენი მოჭადრაკე იყო საქართველოს გუნდში და რამდენი რუსეთის გუნდში?

[მაჭარაშვილის ხმა] “საერთოდ, ევროპის პირველობაზე რუსეთი იმარჯვებდა იმიტომ, რომ ბევრი მოჭადრაკე მიჰყავდათ. მაგალითად, შარშან ჩერნოგორიის ევროპის პირველობაზე 70 მოჭადრაკე ჰყავდათ, ჩვენ კი - 11. ამ თერთმეტმა ბავშვმა 6 მედალი მოიპოვა, რუსეთმა კი -დაახლოებით 10. მოკლედ, რაოდენობა თავს იჩენდა, მაგრამ წელს ვითარება შეიცვალა იმის გამო, რომ თურქეთი ახლოსაა. სულ 38 მოჭადრაკე იყო საქართველოს გუნდში, რუსეთის ნაკრებში კი - 45 და ერთვარად რომ გათანაბრდა მათი რიცხვი, ჩვენი ბავშვების სიძლიერემაც იჩინა თავი. რაც შეეხება მსოფლიო პირველობებს, მეტწილადად, ჩვენი ბავშვები სჯობნიან.”

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების სხვა მოჭადრაკეებს, ბოლო ტურებამდე მათი დიდი ნაწილი ინარჩუნებდა საპრიზო ადგილების მოპოვების შანსს. გულდასაწყვეტია, რომ დამატებითი მაჩვენებლების ახალი სისტემის გამო ვერცხლის ან ბრინჯაოს მედლები დაკარგეს ნაზი პაიკიძემ, ლევან ბრეგაძემ და ლევან ფანცულაიამ. სხვა ქართველი მოჭადრაკეების უმრავლესობა პირველ ათეულში მოხვდა. შეჯიბრების პირობების შესახებ გოგი მაჭარაშვილი ამბობს:

[მაჭარაშვილის ხმა] “მოგეხსენებათ, ჩემპიონატი კაპადოკიაში ჩატარდა. ჩვენთვის ღირსშესანიშნავია, რომ წმინდა ნინო და წმინდა გიორგი ამ მხარიდან არიან და ძალიან სასიხარულოა, რომ სწორედ აქ გავიმარჯვეთ. ისე კი ცხელოდა იქ, ისეთი ადგილია, რომ ტყეები არ არის, მინდვრის ყანებია, მთიანი მხარეა და უამრავი, ათიათასობით, გამოქვაბულია. მათში ადრე ბერები ცხოვრობდნენ. ახლა იქ ტურისტული ინფრასტრუქტურაა: ტურისტები ორი-სამი დღით ჩამოდიან ამ ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად. კაპადოკიაში განვითარებულია სასტუმროების ქსელი და გზებიც ძალიან კარგია.”

წინა წლებისგან განსხვავებით, მოგვარებული იყო საქართველოს ნაკრების დაფინანსების საკითხი.

[მაჭარაშვილის ხმა] “16 მოჭადრაკის გამგზავრება, ჭადრაკის ფედერაციის წარდგინებით, სპორტის დეპარტამენტმა დააფინანსა, დანარჩენების დაფინანსება კი რეგიონების მიხედვით მოხდა. მაგალითად, თბილისმა 6 მოჭადრაკე დააფინანსა. ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო, აგრეთვე, იმერეთმა, აჭარამ...ასე რომ, დროულად და უმტკივნეულოდ გადაწყდა ეს პრობლემა. მადლობას მოვახსენებ ყველას, ვინც დაგვეხმარა ბავშვების გამგზავრებაში.”

ქართველ ჭაბუკებსა და გოგონებს უფრო სერიოზული გამოცდაც ელით უკვე ნოემბერში, როცა საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე ჩატარდება მორიგი მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში. საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდება ევროპის ჩემიონატისა და საქართველოს პირველობის შედეგების მიხედვით.

გიორგი კაკაბაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]
ოლიმპიურ "ოქროს" ზოგისთვის მართლაც ოქროს ფასი აქვს
დავით კაკაბაძე:
ათენში, ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნაზე, ჩვენს გადაცემაში უკვე ვისაუბრეთ. მაშინვე ისიც გითხარით, რომ ოლიმპიურ თემას "მეათე სტუდიაში" დავუბრუნდებოდით. ახლა პირობის შესრულების დროც დადგა. თუმცა მასალაში, რომელიც ბიძინა რამიშვილმა მოამზადა, საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ შეიძლება მიეცეს ოლიმპიურ "ოქროს" ოქროს ფასი. უკვე ათწლეულებია, რაც კორუფცია ოლიმპიური თამაშების თანმხლებ პრობლემად იქცა. ოლიმპიური თამაშების წინანდელი მასპინძლები – სოლტ-ლეიკ-სიტი და სიდნეი - საფინანსო სკანდალებში აღმოჩნდნენ გახვეული. იმისთვის, რომ თანხებმა სპორტსმენებამდე მიაღწიოს, ბევრმა ქვეყანამ თავიანთი პრიზიორების ნაღდი ფულით დაჯილდოება გადაწყვიტა.

ბიძინა რამიშვილი:
ოლიმპიურ თამაშებზე საკუთარი სპორტსმენების ფინანსური წახალისების თვალსაზრისით განსაკუთრებით მცირე და ეკონომიკურად დაბალგანვითარებული ქვეყნები გამოირჩევიან. შედარებითვის მოვიტანთ რამდენიმე მაგალითს: გამარჯვებული ამერიკელი სპროტსმენი შეერთებული შტატების ოლიმპიური კომიტეტისგან 25 ათას დოლარს მიიღებს. რუსეთის მთავრობა კი თითოეული ოქროს მედლისთვის 50 ათას დოლარს “იხდის”.
13-დან 29 აგვისტომდე ათენში დაგეგმილ ოლიმიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვების შემთხვევაში ლიტველი მძლეოსნები კი მთავრობისგან ჯილდოს სახით 100 ათას დოლარზე მეტ თანხას და ავტომანქანას მიიღებენ. ლიტვის ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ვიტას ზუბერნისმა ჩვენს რადიოს განუცხადა:
[ზუბერნისის ხმა] “სპორტსმენი, რომელიც ოქროს მედალს მოიპოვებს, ქვეყნის მთავრობისგან 125 ათას დოლარს მიიღებს, ოლიმპიური კომიტეტისგან კი – “ბე-ემ-ვე”-ს მარკის ავტომანქანას”.
რაც შეეხება საქართველოს, შეგახსენებთ, რომ ოქროს მედლის მოპოვების შემთხვევაში ქართველი ოლიმპიელი საქართველოს ოლიმპიური ფონდიდან 400 ათას ლარს მიიღებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი 50 ათასი დოლარის ეკვივალენტს. ვერცხლის პრიზიორს საქართველოს მთავრობა 30 ათასი დოლარით დააჯილდოებს, ბრინჯაოსას კი – 20 ათასით.
ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორთა აზრით, ასპარეზობაში მონაწილე სპორტსმენებისთვის ცალკეული ქვეყნების მიერ დაპირებულ ჯილდოებს შორის ასეთი განსხვავების მიზეზი სწორედ ეკონომიკაა. საქართველოსა და ლიტვის მსგავს პატარა ქვეყნებში მძლეოსანთა მომზადებისთვის ნაკლები რესურსები არსებობს. უფრო დიდ და მდიდარ ქვეყნებში კი ათლეტებს მეტი შესაძლებლობა აქვთ მიიზიდონ სპონსორი, ან საკუთარი პოპულარობა ამა თუ იმ პროდუქტის რეკლამისთვის მიყიდონ კომპანიებს.
ვიტას ზუბერნისი აცხადებს, რომ ლიტვაში, სადაც კერძო სპონსორები იშვიათობაა და სახელმწიფო სპორტსმენის წვრთნისთვის საჭირო ხარჯების მხოლოდ ნახევარს ფარავს, დაწესებული ფულადი ჯილდო – 100 ათასი დოლარი - დიდ მნიშვნელობას იძენს:
[ზუბერნისის ხმა] “ეს ჯილდო შეიძლება მათი შრომის ანაზღაურების ერთ-ერთ გზად მივიჩნიოთ, რადგან ის, რასაც ლიტვის მთავრობა, ოლიმპიური კომიტეტი ან სპორტის ამა თუ იმ სახეობის ფედერაციები აძლევენ სპორტსმენებს, საკმარისი არ არის”.
მსგავსი ვითარებაა ლიტვის მეზობელ ბელორუსიაშიც.
ლოლიტა ევგლევსკაია სპორტული პისტოლეტით სროლაში სიდნეის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანია. სპორტსმენის თქმით, იმ წარმატებამ მას ფულადი ჯილდოც მოუტანა. აი, რა უთხრა ჩვენს რადიოს ლოლიტას მეუღლმ, სერგეიმ:
[სერგეის ხმა] “ფულად პრემიებს ვიღებთ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში, აგრეთვე, ოლიმპიურ თამაშებში პირველი, მეორე და მესამე ადგილების მოპოვებისთვის. ეს ჯილდოები მართლაც კარგ თანხას წარმოადგენს. წინა ოლიმპიური თამაშებისას – 2000 წელს ოქროს მედლისთვის 65 ათასი დოლარი იყო დაწესებული, ვერცხლის მედლისთვის – 42 ათასი, ბრინჯაოსთვის კი - 22 ათასი”.
ევგლევსკაიას მეუღლის თქმით, ხელფასი, რომელსაც ბელორუსიაში სპორტსმენებს სახელმწიფო უხდის, მხოლოდ საარსებოდ თუ კმარა:
[სერგეის ხმა] “თუკი თქვენ ისეთი დონის ტურნირებში მონაწილეობთ, როგორშიც ჩემი მეუღლე, ეს სამსახურივით არის. სახელმწიფო ყოველთვიურად გადაგიხდით ხელფასს. სამსახური კი იმაში მდგომარეობს, რომ დღეში ერთხელ ან ორჯერ იაროთ ვარჯიშზე. ვარჯიშის გრაფიკი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სახის ტურნირისთვის ემზადები. თუკი საერთაშორისო ტურნირზე მიდიხარ, მთავრობა ყველაფერს გიხდის.”
ბელორუსიელი მსროლელი სამშობლოდან ავსტრალიაში გადასახლდა, სადაც წვრთნისთვის უკეთესი პირობები აქვს. ათენში ლოლიტა ევგლევსკაია ავსტრალიის მსროლელთა გუნდის შემადგენლობაში გამოვა.
ე.წ. ბონუსების სისტემა, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება ოლიმპიურ იდეალს – წარჩინებულობას სპორტში მხოლოდ წარჩინებულობისთვის. ოლიმპიადაში ხომ მთავარი მონაწილეობაა. გასული საუკუნის 80-იანი წლების შუა პერიოდამდე ხელფასიანი მძლეოსნების მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში აკრძალულიც კი იყო. ეს წესი 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშებისთვის გაუქმდა, რადგან მისი პრაქტიკული განხორციელება თანდათან შეუძლებელი შეიქნა. წესის შეცვლის შედეგად ქვეყნებს მიეცათ უფლება, საკუთარი ჩემპიონებისთვის რეალურად ფასეული ჯილდოები გადაეცათ. ამ გზით დაკანონდა დიდი ხნის არაფორმალური პრაქტიკა – მოწინავე მძლეოსნებისთვის ბინების, მანქანებისა და საგანგებო პრივილეგიების მინიჭება.
ლიტვის ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ვიტას ზუბერნისი ამბობს, რომ ფულადი ჯილდოს მიუხედავად ოლიმპიური იდეალი მაინც ინარჩუნებს უპირატესობას. იგი უარყოფს, რომ ლიტველი მძლეოსნები მხოლოდ ფულისთვის იღვწიან და ირწმუნება, რომ სპორტსმენებისთვის უმთავრესი მართლაც ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაა:
[ზუბერნისის ხმა] “არა, არა, ოლიმპიური თამაშები ოლიმპიური თამაშებია. რაც შეეხება ფულს, რომელსაც მძლეოსნები იღებენ, ეს არის ერთგვარი დახმარება იმისათვის, რომ მათ ვარჯიშის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ოლიმპიური იდეალი უპირატესია.”
ბონუსების სისტემა, თავის მხრივ, შეიძლება სპორტსმენთა შევიწროების საფუძველიც გახდეს. ყაზახეთში, სადაც ოქროს მედალოსნები 100 ათას დოლარს ან მეტს იღებენ, ხშირად განიცდიან ზეწოლას მწვრთნელებისა და მხარდამჭერების მხრიდან. ფულის განაწილებაზე უარის შემთხვევაში სპორტსმენი, შესაძლოა, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს.
ყაზახი მოკრივე ბექზათ სათთარხანოვი, რომელმაც სიდნეის ოლიმპიურ თამაშებში ამერიკელ რიკარდო ხუარესს სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა, იმავე წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. გადარჩა ორი მგზავრი, მაგრამ ავარიის გარემოებებზე საზოგადოებამ დღემდე არაფერი იცის. თავის დროზე გავრცელდა ხმა, რომ სათთარხანოვმა უარი თქვა თავისი ფულადი ჯილდოს სხვებისთვის განაწილებაზე. მამამისს, ზეილხან სათთარხანოვს კი დღემდე ვერ გაურკვევია, მართლაც ფულს ემსხვერპლა თუ არა მისი ვაჟის სიცოცხლე:
[ზეილხან სათთარხანოვის ხმა] “ჩემი შვილის დაღუპვის შემთხვევაზე დღემდე ეჭვი მიღრღნის გულს. მის სიკვდილზე ღიად საუბარი აკრძალულია. ვინ იცის, იქნებ ეს მისი ბედისწერაც იყო. ავარიას არავინ შესწრებია და თუ ვინმე შეესწრო კიდეც, არავის არაფერი უთქვამს. დღეს კი, ვშიშობ, ეს შემთხვევა ყველას მიავიწყდა. ბექზათის დაღუპვის გარდა არაერთი სხვა შემთხვევაც ვიცი, რომელიც ბურუსით არის მოცული. ისინი აღარავის ადარდებს”.
ლიტვის ოლიმპიური კომიტეტის გერალური მდივანი ზუბერნისი ირწმუნება, რომ მსგავსი რამ ლიტვაში ვერ მოხდება. მისი თქმით, ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, ფულად ჯილდოებს ლიტვაში მწვრთნელები და სპორტსმენის მომზადებაში მონაწილე სხვა ფუნქციონერებიც იღებენ.

[მუსიკა]

“სტიპენდიატები” – ქართული კინოს გმირები

დავით კაკაბაძე:
“2004 სასწავლო წლისთვის იტალიის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოყო სტიპენდია 125 სასწავლო თვისთვის, თითოეული 619 ევროს ოდენობით. სტიპენდიის მიზანია, ხელი შეუწყოს იტალიური ენისა და კულტურის გავრცელებას” – ასეთი, ერთი შეხედვით მშრალი ინფორმაციით იწყება ალექსანდრე ქორიძის ფილმი “სტიპენდიატები”, ახალგაზრდა რეჟისორის მეშვიდე ფილმი, ისევ ვიდეკამერით გადაღებული და ისევ ავტორის საკუთარ, პატარა სამონტაჟოზე აწყობილი. ჩვენი თბილისელი თანამშრომელი გიორგი გვახარია მოუწოდებს ყველა ახალგაზრდა კინემატოგრაფისტს, მიბაძონ ალექსანდრე ქორიძეს - ნუღარ დაელოდებიან დაფინანსებას და გამოსცადონ საკუთარი თავი... და თუ ყველაფერი კარგად აეწყო, გამორიცხული არ არის, რომ სახელი მცირებიუჯეტიანი ფილმებითაც მოიპოვონ.

გიორგი გვახარია:
ალექსანდრე ქორიძე უკვე ძალიან პოპულარული ქართველი დოკუმენტალისტია. ფილმები: “თამუნა”, “ბრაზილია”, “მონასტერი” მან საკუთარი ხარჯით გადაიღო, – ფული არავისთვის უთხოვია, - მაგრამ კრიტიკის, უბრალო მაყურებლის ყურადღება მიიპყრო, მერე ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა ფესტივალზე გაიმარჯვა და დაჯილდოვდა სტაჟირებით იტალიაში, ტელეკომპანია “რაი უნოზე”. თან, რა თქმა უნდა, თავისი კამერა წაიღო. ჯერ, უბრალოდ, რომის ქუჩებს იღებდა, “რაი უნო” გასართობ გადაცემებს და იმ სამი ქართველი სტიპენდიანტის ცხოვრებას, რომლებიც საშასთან ერთად მოხვდნენ იტალიაში. ერთი გარი საფარიანია – თბილისელი ტენორი.

[მღერის გარი საფარიანი]

მეორე - თათია ლიჩელი, პიანისტი.

[თათია ლიჩელი უკრავს]

ფილმის კიდევ ერთი პერსონაჟი გიორგი გაგოშიძეა, რესტავრატორი. გიორგის შედარებით არ გაუმართლა. ერთ დღეს მან ჩამოხსნა თავისი ნახატები კედლიდან და დატოვა იტალია. როცა ალექსანდრე ქორიძე მასალის აწყობას შეუდგა, ნათელი გახდა, რომ სამი ქართველი სტიპენდიატის კრებითი პორტრეტი შესანიშნავი მასალაა კონტრაპუნქტის მისაღწევად. სწორედ კონტრაპუნქტი, წინააღმდეგობა, კონტრასტული თემების განვითარება უყვარს ალექსანდრე ქორიძეს თავის ყველა ფილმში და ამითაც გამოირჩევა თანამედროვე ქართულ კინოში, რომელიც ვერა და ვერ თავისუფლდება სწორხაზოვნებისგან.

აქ, ფილმში, რომელიც იწყება როგორც ჩვეულებრივი ტურისტული ვიდეოჩანახატი, წინააღმდეგობა ყველაფერშია... ჯერ ერთი, თავად რომია “წინააღმდეგობრივი” – და არა მარტო არქიტექტურით. ბურჟუაზიული კვარტალები და სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, ფეშენებელური რესტორნები და ანტიგლობალისტების დემონსტრაციები... იტალიელები და უცხოელები... მათ შორის, ქართველები, რომლებიც ერთმანეთს ვერ ელევიან და ტელეფონით მშობლებს “პატაკს აბარებენ”.

[აუდიონაწყვეტი ფილმ "სტიპენდიატებიდან"] “კაი, რაღაც მინდოდა და დამავიწყდა. მოკლედ, ამ კონკურსზე დავუკრავ, კარგია. ეხლა რო გითხრა... გიზი – გიზია... კი, კი... ცოტა სხვა სტილში ლაპარაკობს, მაგრამ... შოპენი გაკეთებული მქონდა თითქმის, შუმანი მოეწონათ. შუმანში ერთი-ორჯერ მითხრა “პედალიო”.

ეს ქართველები აქ ერთ ბინას ქირაობენ. ეგვიპტელ კაცთან ერთად ცხოვრობენ და მას საქართველოზე უყვებიან. რომში “ყველა გზა მიდის”, რომი აქ – თანამედროვე ცივილიზაციის სახეა.

[აუდიონაწყვეტი ფილმ "სტიპენდიატებიდან"] “გაგვიმარჯოს!”

ქართველ დოკუმენტალისტებს უცხოეთში არაერთი ფილმი გადაუღიათ. მათ შორის - იტალიაშიც. მაგრამ “სტიპენდიატები” აბსოლუტურად განსხვავებული ფილმია. ავტორის თვალი (უფრო სწორად, მისი კამერა) ძალიან ყურადღებიანია, მისთვის თითქოს არ არსებობს მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო. მაგრამ თავად ავტორი არსად, არც ერთ კადრში არ გამოხატავს თავის დამოკიდებულებას იმ მოვლენების მიმართ, რასაც ვხედავთ ეკრანზე. იტალიელები, მათ შორის, “რაი უნოს” რეჟისორები, რომელთაც, მოგეხსენებათ, ძალიან უყვართ გასართობი პროგრამები, “სტიპენდიატებს”, ალბათ, აუცილებლად ნახავენ... საინტერესოა, როგორი იქნება მათი რეაქცია ქართველის მიერ დანახულ იტალიაზე. შეიძლება გაუკვირდეთ, რატომ არ ხმარობს ამ ფილმში "პედალს" მგზნებარე ტემპერამენტით ცნობილი ქართველი.

გიორგი გვახარია, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

ინტერვიუ ოთარ იოსელიანთან

დავით კაკაბაძე:
ახლა დაპირებული ინტერვიუს დროც დადგა. დღეს სტუმარი ოთარ იოსელიანია. "მეათე სტუდიაში" ცნობილი კინორეჟისორის მოწვევა მისი მეგობრის, დიდი ფრანგი ფოტოხელოვანის ანრი კარტიე-ბრესონის გარდაცვალებამ გადაგვაწყვეტინა. და ჩვენი საუბარიც მთლიანად კარტიე-ბრესონსა და მის შემოქმედებას ეძღვნება - ადამიანისა, რომლის გარეშეც მეოცე საუკუნის ფოტოხელოვნება მართლაც წარმოუდგენელია. რას აფასებს ყველაზე მეტად კარტიე-ბრესონის შემოქმედებაში? ეს იყო პირველი შეკითხვა, რომელიც ოთარ იოსელიანს დავუსვი.

(იხ. აუდიოვერსია)

დავით კაკაბაძე:
ანრი კარტიე-ბრესონზე ოთარ იოსელიანი გესაუბრებოდათ. დიდი ფრანგი ფოტოხელოვანი გასულ კვირაში, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამით ჩვენი დღევანდელი "მეათე სტუდია" დამთავრდა. რადიოჟურნალი პრაღაში მოამზადეს ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG