Accessibility links

logo-print

რა პერსპექტივა აქვს ამერიკული სამხედრო ბაზების საქართველოში განლაგებას


დავით პაიჭაძე, თბილისი რუსეთის ქალაქ პეტერბურგიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გაფრენამდე ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა ჟურნალისტებს განუცხადა,

რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ხელმძღვანელებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება მათი ქვეყნების ტერიტორიაზე შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების განთავსების მიზნით. მე შევეცადე გამერკვია, შეიძლება თუ არა საქართველო ამ ქვეყნებს შორის მოხვდეს.

საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ საკუთარ ტერიტორიაზე არც ერთი ქვეყნის სამხედრო ბაზების განთავსებას არ აპირებს. მეტწილად ასეთი განცხადებები კონტექსტს უქმნიდა საქართველოს მოთხოვნას, რუსეთის სამხედრო ბაზებმა დატოვონ ქვეყნის ტერიტორია. უცხო ქვეყნის (ძირითადად, ეს არის ნატოს ბლოკის ორი ქვეყანა - თურქეთი და აშშ) სამხედრო ბაზების განლაგება საქართველოში გამოიყენება საფრთხობელად ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის: ასე აშინებენ, მაგალითად, ჯავახეთის სომეხ მოსახლეობას, რათა ის მუდამ შეეწინააღმდეგოს ახალქალაქიდან რუსული ბაზების გაყვანას.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის ხელმძღვანელი ალექსანდრე რონდელი ამბობს, რომ ბოლო დრომდე საქართველოსთან ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ჰქონია მოლაპარაკება მისი სამხედრო ბაზების განთავსების მიზნით ქვეყნის ტერიტორიის გამოყენების შესახებ. რაც შეეხება ამერიკული სამხედრო ბაზების მიმართებას მთლიანად სამხრეთ კავკასიასთან, ალექსანდრე რონდელის თქმით, “ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდა აზერბაიჯანი, ბაქოს მიმდებარე ტერიტორია - როგორც ერთგვარი ავანპოსტი, მაგრამ საქართველო - არა”. საქართველოში, ამბობს ალექსანდრე რონდელი, შეიძლებოდა ლაპარაკი ამერიკელთა არა სამხედრო ბაზაზე, არამედ საკომუნიკაციო კვანძზე ან სასაწყობო მეურნეობაზე.

საქართველოში ამერიკის ან ნატოს შემოსვლის, ასე ვთქვათ, საფრთხეს ხშირად ახსენებენ რუსეთს აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერები. რუსული ჟურნალის, “კომერსანტ-ვლასტის”, მტკიცებით, გუდაუთის სიახლოვეს განთავსებული სამხედრო აეროდრომიდან აფრენილ თვითმფრინავებს პრაქტიკულად ვერ აფიქსირებენ ნატოს რადარები თურქეთში. თუ თბილისი აღიდგენს იურისდიქციას აფხაზეთში, ნატო იქ ძალიან მალე გახსნის სათვალთვალო სადგურს, რაც ემუქრება რუსეთის ტერიტორიაზე, საზღვართან ახლოს, ფსოუდან ათეულ კილომეტრში მდებარე “კრასნაია პოლიანას” უსაფრთხოებას. “კრასნაია პოლიანა” გახლავთ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენცია. ესეც ერთ-ერთი არგუმენტია საიმისოდ, რომ მოსკოვი ყველანაირად შეეცადოს და არ დაანებოს საქართველოს კონფლიქტის გადაჭრა აფხაზეთში.

უცხო ქვეყნის ბაზის განთავსება ქვეყანაში ხდება არა ამ ქვეყნის სურვილის მიხედვით. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის ხელმძღვანელი ალექსანდრე რონდელი ამბობს, რომ ამას, უწინარესად, სჭირდება ბაზების პატრონი ქვეყნის თხოვნა. ასეთი თხოვნა საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებისაგან ჯერ არ მიუღია. თეორიულად მისი მიღება გამორიცხული არ არის, აცხადებს ალექსანდრე რონდელი:

“მე არ გამოვრიცხავ, თუ ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ასე წავიდა და რუსეთმა, საბოლოო ჯამში, პატივი არ სცა საქართველოს კანონიერ მოთხოვნებსა და ინტერესებს, თხოვნა, რომელიც მოვა - დავაკმაყოფილოთ.”
XS
SM
MD
LG