Accessibility links

დღეს ტელეკომპანია ,, კავკასიაში” გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ტელეცენტრსა და


დღეს ტელეკომპანია ,, კავკასიაში” გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ტელეცენტრსა და საქართველოს ხელისუფლებას

თავისუფალი სიტყვის ზეწოლაში ადანაშაულებდა. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნინო ჯანგირაშვილის აზრით, ტელეცენტრი სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან დაკვეთებს იღებს, რასაც კატეგორიულად უარყოფს როგორც ტელეცენტრის ხელმძღვანელობა, აგრეთვე საქართველოს ხელისუფლება. ტელეკომპანია “კავკასია” ხვალ მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად სარჩელის შეტანას აპირებს. დღეს მინდა ,,კავკასიაში” არსებულ პრობლემებზე მოგითხროთ.

დაპირისპირება ტელეკომპანია ,,კავკასია”-სა და ტელეცენტრს შორის რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როცა ტელეცენტრის ხელმძღვანელობამ ,,კავკასიის” წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და დავალიანების დაფარვა მოითხოვა. სასამართლომ მოსარჩლის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ტელეკომპანიას ჯარიმის გადახდა ეტაპობრივად დაავალა. გამოტანილი ვერდიქტის მიუხედავად, მხარეების დაპირისპირებამ კულმინაციას 12 აგვისტოს მიაღწია, როდესაც ტელეცენტრმა პარტნიორს არასაიმედო მოკავშირეობის გამო, ყოველგვარი პრეტენზიების გარეშე, მაუწყებლობის შეწყვეტა წერილობით აცნობა. ,,კავკასიის” ხელმძღვანელობამ სარჩელი დაუყოვნებლივ მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში შეიტანა, რითაც მხარეებს შორის დავის საბოლოო გადაწყვეტამდე მაუწყებლობის უფლება მოიპოვა. ტელეცენტრის ამ გადაწყვეტილების მიღმა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილი პოლიტიკურ დაკვეთას ხედავს:

[ნინო ჯანგირაშვილის ხმა] ,,ბოლო 8 თვის განმავლობაში მუდმივად მათგან გვექმნება პრობლემები. ხან გადამცემს გვიფუჭებენ, ხან რაღაც ცუდ ქმედებებს ახორციელებენ ჩვენ წინააღმდეგ. მთელი ეს ტენდენცია და ეს ფაქტები, ყველა ერთად, ცდება სამართლებრივ ჩარჩოებს. ეს არის პოლიტიკური დაკვეთა. აშკარაა საიდანაც მოდის - მარტო ეს ხომ არ ყოფილა, არა?! კიდევ გეუბნებით, ყველა ჩვენს პარტნიორს ავალებენ, რომ რაღაცა მოძებნონ ჩვენ წინააღმდეგ.”

ტელეცენტრს ეს გადაწყვეტილება ,,კავკასიის” ხელმძღვანელობის მიერ პერმანენტულად მიმდინარე ვალის გადაუხდელობამ და მძიმე საგადასახადო კოდექსმა მიაღებინა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ზვიად შეროზია აცხადებს, რომ, 2 აგვისტოს მონაცემებით, ტელეკომპანიის დავალიანებამ 41 000 ლარს გადააჭარბა. შეროზია პოლიტიკურ დაკვეთებს გამორიცხავს და აქცენტს მხოლოდ ეკონომიკურ მხარეზე აკეთებს:

[ზვიად შეროზიას ხმა] ,,არასაიმედო პარტნიორები არიან, ესე პერმანენტულად მიმდინარეობს ვალის გადაუხდელობა. ე.ი. მთელი წელიწადია გადასახადები არ გადაუხდიათ. გვადგება ზიანი. ვიხდით ბიუჯეტში გადასახადს. შემოსული თანხა გვებეგრება, ემატება ელექტროენერგიის გადასახადი. მაუწყებლობას ჩვენ ვერ შევაწყვეტინებთ.შეუძლია სხვა ალტერნატიული საშუალება იპოვოს და გააგრძელოს მუშაობა.”

ჯანგირაშვილის კომენტარებით გაოცებულია პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიგა ბოკერია. იგი კატეგორიულად გამორიცხავს ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი სახის დაკვეთას და ტელეკომპანიას ყოფილი ხელისუფლების რუპორობაში სდებს ბრალს. თუმცა აცხადებს, რომ კანონის წინაშე პასუხი ყველამ ერთნაირად უნდა აგოს:

[გიგა ბოკერიას ხმა] ,,წინააღმდეგობაში მოდიან ახლა. თუ ასეთი ამოცანაა და ასეთი საშინელი სიტუაციაა, მე მგონი, არანაირი საკითხი აღარ იქნებოდა, აღარც გავიდოდა ეთერში ,,კავკასია”. იქამდე, სანამ სააკაშვილის ხელისუფლება მოვიდოდა, ეს ხალხი პირდაპირ იყო, შეიძლება ფარული ფორმით, მაგრამ შევარდნაძის და აბაშიძის რუპორი, უფრო - აბაშიძის. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას ჩვენთვის არა აქვს არანაირი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, თუ ისინი არ იხდიან ფულს და არ უნდათ არანაირად გადაიხადონ ეს საფასური, საბოლოო ჯამში, ეს პრობლემა მაინც დადგება.”


დღესვე გიგა ბოკერიამ ისაუბრა ტელეცენტრში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებზეც, რომელიც, მისივე თქმით, არანაირად არ უკავშირდება ტელეკომპანია ,,კავკასიის” საკითხს:

[გიგა ბოკერიას ხმა ] ,,საერთოდ, მიშვებული იყო აქ სიტუაცია. ჩემი აზრით, აქ ძალიან უცნაური ფორმით ხდება მართვა იმ ქონების, რომელზეც სახელმწიფოს აქვს წილი, რომლის ყველაზე დიდი მფლობელი არის სახელმწიფო და რომელზეც ამხელა სახელმწიფო ინტერესია და, რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში ძალიან დიდი საკადრო ცვლილებები მოხდება და ეს არ უკავშირდება ,,კავკასიას”.

ტელეკომპანია შელახული უფლებების დაცვას სამართლებრივი გზით აპირებს. ,,კავკასიის” იურისტი სარჩელს მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ხვალ მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში შეიტანს.
XS
SM
MD
LG