Accessibility links

ნატო და შეერთებული შტატები ავღანეთში არჩევნების სამართლიანობისთვის სრულ პასუხისმგებლობას არ კისრულობენ


ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება. ნატო და შეერთებული შტატების მომხრეთა კოალიცია, რომელიც სამშვიდობო ოპერაციას ახორციელებს,

ავღანეთში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას აუცილებლად მიიჩნევენ. თუმცა უსაფრთხოებისთვის სრული პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არც ერთ მათგანს არ სურს. უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო, საერთაშორისო ორგანიზაციები ავღანეთში არჩევნების მეთვალყურეთა გაგზავნის საკითხს უაღრესად ფრთხილად ეკიდებიან.

ნატოს ეგიდით მოქმედი უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების ხელმძღვანელობაც და შეერთებული შტატების სამშვიდობო ოპერაციის სარდლობაც აცხადებენ, რომ 9 ოქტომბერს ავღანეთში სამართლიანი არჩევნების ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, ერთიცა და მეორეც იმასაც ამბობს, რომ არჩევნების უსაფრთხოება ავღანეთის ადგილობრივმა არმიამ და პოლიციამ უნდა უზრუნველყონ. არადა, ყველამ კარგად იცის, რომ ხსენებული ძალოვანი სტრუქტურები ჯერ კიდევ ჩანასახის მდგომარეობაშია.

შედეგად, ევროკავშირმა და ეუთომ უარი განაცხადეს ავღანეთში არჩევნების პროცესზე მეთვალყურეთა დიდი ჯგუფების გაგზავნაზე. ორივე მათგანი მხოლოდ მცირერიცხოვანი ჯგუფების გაგზავნას გეგმავს და ისიც მხოლოდ მსხვილ ქალაქებში.

გენერალ-მაიორი ერიკ ოლსონი, რომელიც კოორდინაციას უწევს სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე 18 ათასამდე ჯარისკაცის მოქმედებას, აცხადებს, რომ კოალიცია მხოლოდ “საერთო” უსაფრთხოებას უზრუნველყოფს:

[ერიკ ოლსონის ხმა] “კოალიციის უშუალო მისია არ იქნება 5 000 საარჩევნო უბნის დაცვა. მაგრამ, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კოალიცია ითანამშრომლებს ავღანეთის ეროვნულ არმიასთან და პოლიციასთან. უშუალოდ უბნების დაცვა უპირატესად ავღანეთის ეროვნული პოლიციის პასუხისმგებლობის ქვეშ იქნება. ასეთია ავღანეთის ცენტრალური მთავრობისა და კოალიციის შეთანხმება. უბნების გარშემო ტერიტორიას ძირითადად ადგილობრივი ეროვნული არმია დაიცავს, ხოლო კოალიციის ძალები გააკონტროლებენ უფრო ფართო ზონას საარჩევნო უბნების გარშემო”.

ოლსონი ასევე შესაძლებლად მიიჩნევს, რომ სამშვიდობო ოპერაციის მონაწილეებმა და ავღანეთის ძალოვანმა სტრუქტურებმა ერთობლივად უზრუნველყონ საარჩევნო ყუთების უბნებიდან ოლქებში გადატანის უსაფრთხოება. თუმცა, ამგვარი თანამშრომლობის თვით შესაძლებლობაც კი მკვეთრად იქნა უარყოფილი ქვეყნის ჩრდილოეთში და ასევე - ქაბულში, სადაც სიტუაციას ნატოს უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალები აკონტროლებენ.

ნატოს უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების სათავო ოფისის თანამშრომელმა მარკ რუდკევიჩმა გასულ კვირაში ქაბულში განაცხადა, რომ საარჩევნო ყუთების ტრანსპორტირების პროცესში ნატო არ ჩაერევა. მისი თქმით, ალიანსის ძალებს მხოლოდ მსხვილი ექსცესების აღკვეთა დაევალება.

ერიკ ოლსონი მიიჩნევს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად კარგად მომზადებაა საჭირო, რომ მტრებმა ამ მნიშვნელოვანი მომენტით არ ისარგებლონ.
XS
SM
MD
LG