Accessibility links

logo-print

თბილისში შედგა მორიგი სამშვიდობო შეთანხმება - მხარეები ცხინვალის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტაზე კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე კიდევ ერთხელ თანხმდებიან. ქართულ-ოსური კონფლიქტის

მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეების შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ჟვანიასთან, ამ მხრივ, წარმატებული აღმოჩნდა. ცეცხლის შეწყევტის გარდა, მხარეებს შორის შეთანხმებულია ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებთან დამაკავშირებელ შემოვლით გზაზე მოძრაობის პირობების შექმნა და კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია. თბილისში მიღწეული შეთანხმებებით მხარეები კმაყოფილები დარჩნენ, თუმცა მოიტანს თუ არა შეთანხმება რეალურ მშვიდობას, ჯერ კიდევ არავინ იცის.


იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმება შესრულდება, საქართველოს მთავრობა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან დამატებითი შეიარაღებული ძალების 30 პროცენტს გამოიყვანს. ამის შესახებ კიდევ ერთხელ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეების შეხვედრაზე ითქვა. შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეებმა კონფლიქტის ზონაში არსებული რთული ვითარება საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანდასწრებით განიხილეს. მიღწეული შეთანხმებები ასეთია:

[გიორგი ხაინდრავას ხმა] “ცეცხლის შეწყვეტა, დემილიტარიზაცია ზონის, გზების გახსნა და პირდაპირი დიალოგი. ასეთია ძირითადი პირობები, რომლებზეც მოვილაპარაკეთ, რომლებიც უკვე ხელმოწერილია.”

მაგრამ, როგორც კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა აღნიშნავს, სანამ არ შედგება ზურაბ ჟვანიასა და ედუარდ კოკოითის შეხვედრა და სანამ ამ შეხვედრეზე არ დადასტურდება მხარეების სამშვიდობო კურსი, ამ შეთანხმებების იმედად ვერ ვიქნებით.

შეთანხმებების და სხვადასხვა სამშვიდობო გარანტიების იმედი არც ოსურ მხარეს აქვს. ცხინვალში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის გარანტიის გაცემა საქართველოს თავდაცვის მინისტრს არ შეუძლია. ოსური მხარის მტკიცებით, თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული ძალები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ. მთავარი პრეტენზიები ირაკლი ოქრუაშვილს უკავშირდება. აი, რა თქვა ჩვენი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა გაგლოევამ:

[ირინა გაგლოევას ხმა] “ ირაკლი ოქრუაშვილი კონფლიქტის ზონაში მესამე ძალად გვევლინება, ის პრაქტიკულად არავის ექვემდებარება. ცეცხლი გასულ ღამეს სწორედ საქართველოს შინაგანი ჯარების ნაწილებიდან გაიხსნა და ოქრუაშვილს რეაგირება არ მოუხდენია ბარამიძის თუ ჟვანიას მოთხოვნებზე. “

როგორც მოვისმინეთ, ირინა გაგლოევა კონფლიქტის ზონაში მესამე ძალად ირაკლი ოქრუაშვილს ასახელებს. მესამე ძალის, ოღონდ სულ სხვა მესამე ძალის, თემა აქტუალური იყო შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეების შეკრებაზეც. საუბარია როკის გვირაბიდან შემოსულ ბოევიკებზე. ოსური მხარის წარმომადგენელმა ჩოჩიევმა მათ ომის გამჩაღებლები უწოდა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კი - ბეტმენები. მათთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრის შეთანხმება შერეულ საკონტროლო კომისიაში რუსეთის წარმომადგენელმა ლევ მირონოვმა გაახმოვანა:

[ლევ მირონოვის ხმა] “ მხარეებმა სწორედ ამ პრობლემაზე ისაუბრეს და თქვეს, რომ გისოსებში თუ არ ჩასვეს ეს ბეტმენები, გაანადგურებენ. “

კიდევ ერთი შეთანხმება არის შეთანხმება პირდაპირი დიალოგის დაწყების თაობაზე. საქართველოს ხელისუფლება ოსურ მხარეს ცხინვალის რეგიონის სტატუსის თაობაზე მსჯელობის დაწყებას სთავაზობს:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] “ ტერიტორია გაურკვეველი სტატუსით, ტერიტორია, სადაც გაუგებარია, ვის რატომ უჭირავს ხელში იარაღი, მუდმივად იქნება კონფლიქტის წყარო. ამიტომ მიგვაჩნია მნიშვნელოვნად, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ გავხსნათ საუბარი სტატუსთან დაკავშირებით. “

ოღონდ, ზურაბ ჟვანიას ნათქვამისა არ იყოს, ჯერ ცეცხლის შეწყვეტაა მისაღწევი. შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ამის მყარ გარანტიად არ განიხილება. საქართველოს მხარე ითხოვს ედუარდ კოკოითიმ ღიად, საჯაროდ აიღოს კურსი სამშვიდობო მოლაპარაკებისკენ.
ზურაბ ჟვანიასთან შეხვედრის თარიღის დასაზუსტებლად შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეები მასთან ცხინვალში შეხვედრას ოთხაშაბათს აპირებენ.
XS
SM
MD
LG