Accessibility links

logo-print

როგორ შუქდება ოლიმპიადა საქართველოში


დავით პაიჭაძე, თბილისი ათენის ოლიმპიადამ საქართველოში ვერ შეძლო ის, რასაც ძველ საბერძნეთში ახერხებდა: ოლიმპიადის გამო ქვეყანაში სამხედრო დაპირისპირება არ შეწყვეტილა.

თუმცა ქვეყნის საზღვრებს გარეთ მიმდინარე რაიმე მოვლენა თუ აინტერესებთ საქართველოში, ეს, ალბათ, სწორედ ათენის ოლიმპიადაა. რამდენად კმაყოფილია ამ გრანდიოზული ასპარეზობის გაშუქებით ქართველი მსმენელი, მკითხველი თუ მაყურებელი?

საქართველოს მოქალაქეები უნიკალურ ვითარებაში აღმოჩნდნენ: ერთი მხრივ, მათ პირველად აქვთ საშუალება, ქართული ტელეარხის მეშვეობით ადევნონ თვალი ოლიმპიადის მსვლელობას, მეორე მხრივ, მათ არ შეუძლიათ, რომელიმე სხვა ტელეარხს შეხედონ: კომპანია აიეტი-TV თბილისელ ტელემაყურებელს, ქართული ტელეარხების გარდა, დაახლოებით 40 უცხოური ტელეარხის პროდუქციას აწვდის, მაგრამ ამ დღეებში არ გადასცემს სხვა არხების იმ პროგრამებს, რომლებიც ასევე აშუქებენ ოლიპიადას. ასე რომ, ათენში მიმდინარე ასპარეზობით დაინტერესებულ ქართველ მაყურებელს არჩევანი დროებით წაართვეს და დააჯერეს ტელეკომპანია “იმედის” ყურებას.

[ისმის მუსიკა და ჯამლეთ ხუხაშვილის ხმა]

ეს ვითარება ყველას არ მოსწონს. მაგალითად, რუსეთის ტელეკომპანია “ენ-ტე-ვე”-ს სამი არხი აშუქებს ოლიმპიადას და, ტრანსლაციის ასეთი სისავსის მიუხედავად, სპორტით დაინტერესებულ მაყურებელს შეიძლება მაინც გამორჩეს რაღაც. თუმცა ეს არ ედრება მდგომარეობას ქართველი მაყურებლისას, რომელიც იძულებულია გაუგებარი ლოგიკით დაკავშირებული ფრაგმენტებიდან აღადგინოს ოლიმპიადის სურათი. რეჟისორი ანდრო ჭიაურელი მეუბნება, რომ ოლიმპიადებს 1968 წლიდან უყურებს და ასე კრიტიკული არასოდეს ყოფილა. ინფორმაციის მისაღებად მას გაზეთები და ინტერნეტში შესვლა სჭირდება:

[ანდრო ჭიაურელის ხმა] “ჯერ ერთი, არ შეიძლება ოლიმპიადის წაყვანა თბილისიდან. თუ ოლიმპიადა მიგყავს, იქ უნდა იყო და იცოდე, რა ხდება. ესენი აქ სხედან, რაღაც-რაღაცები არ იციან და გასაგებია, რომ არ იციან. ამიტომ სიტყვიერი ინფორმაციაც ცოტაა და ისიც ძალიან აწეწილია, რასაც აჩვენებენ. ვერაფერს ვერ გაიგებ: ჯერ თამაშის ერთ ტაიმს აჩვენებენ, მერე გადადიან სხვაზე, ვითომ უნდათ, რომ ყველა სპორტი მოიცვან, მაგრამ ეგეც არ არის, ალბათ, სწორი გზა.”

მე დავუკავშირდი ჩვენს კოლეგებს - სპორტულ ჟურნალისტებს, მათ შორის, იმ გაზეთებიდან, რომელთაც თანამშრომლები მიავლინეს ათენში: არავინ ისურვა ეთერში საკუთარი ხმითა და სახელით ლაპარაკი, თუმცა არ დაუმალავთ კრიტიკული დამოკიდებულება ოლიმპიადის გაშუქების მიმართ. ძალიან ზოგადად რომ გადმოვცე მათი აზრები, გამოვა, რომ ათენში ჟურნალისტები წაიყვანეს არა მხოლოდ მათი პროფესიონალიზმის, არამედ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან სიახლოვის გათვალისწინებით. რეპორტაჟების ხარისხიც შერჩევის ადეკვატურია.
XS
SM
MD
LG