Accessibility links

ქართული პოეზია – ელექტრონულ ფორმატში


თანამედროვე ქართველი მკითხველისთვის ლადო ასათიანის პოეზია ახლებურად აჟღერდა.... და არამარტო იმიტომ, რომ ზაფხულში პირველად გამოვიდა პოეტის ნაწარმოებების

– მისი ლექსების, ფუნაგორიების - ელექტრონული ვერსია, გამომცემლობა “ლიტერაში” დაბეჭდილი ლადო ასათიანის პოეზიის ახალი კრებული... ლადო ასათიანის ლექსები ისე ისმინება, თითქოს დღეს იყოს დაწერილი.

დიახ, სწორედაც რომ “ისმინება”... პოეზიის მოყვარულებს, რა თქმა უნდა, კომპიუტერის დახმარებით, როგორც ნაბეჭდი, ისე ხმოვანი ფორმით შეუძლიათ გაეცნონ გალაკტიონ ტაბიძის, ვაჟა-ფშაველას, აკაკი წერეთლის და ახლა უკვე ლადო ასათიანის შემოქმედებას, მოუსმინონ ცნობილი მსახიობების მიერ წაკითხულ ლექსებს.

“ჩემმა წიგნებმა უნდა გაახალისონ მკითხველი, უნდა იყვნენ მისი მხიარული თანამგზავრები” – წერს ლადო ასათიანი კრებულში, რომელიც გამომცემლობა “ლიტერამ” საზაფხულოდ მოამზადა ქართველი მკითხველისთვის... რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ იმ ხალხისთვის, ვინც ლადო ასათიანის ახალი კრებული, პოეტის შემოქმედების ამსახველი კომპაქტური დისკო მოამზადა, პოეზიის აღქმა – მუსიკალური ნაწარმოების აღქმას ჰგავს... უსმინეთ ამ კარგად ნაცნობ და, შესაძლებელია, უცნობ ნაწარმოებებს და გაერთეთ, დაისვენეთ... ახლა ხომ ზაფხულია.

ლადო ასათიანის პოეზია სიმძიმესა და სიტლანქეს რომაა მოკლებული, ეს წიგნის პრეზენტაციაზეც გამოჩნდა. გამომცემლობა “ლიტერას” მესვეურებმა ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში თითქოს გამიზნულად დაპატიჟეს ბავშვები – 5-10 წლის ბიჭები და გოგონები, რომლებიც მოთმინებით ელოდნენ თავიანთი რიგის მოსვლას მიკროფონთან, მერე კი ომახიანად კითხულობდნენ პოეტის ყველაზე ცნობილ ლექსებს. ამასობაში ჩვენ წიგნის ერთ-ერთ გამომცემელს, თამარ ებრალიძეს, გავესაუბრეთ:

[თამარ ებრალიძის ხმა] “მე მგონია, რომ საქართველოსთვის ახლა იმედიანი და ხალისიანი პერიოდია და ამ დროისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხში არსებობდეს ოპტიმისტური განწყობა... ჩვენ მიზნად დავისახეთ ლადო ასათიანის ისეთი კრებულის გამოცემა, რომელშიც ეს სიხალისე იქნებოდა.”

წიგნს წინასიტყვაობის ნაცვლად დაერთო ლადო ასათიანის ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი წერილი... ლადო ასათიანი აქ სიზმარში ნანახ ნორვეგიაზე გვიამბობს... რატომ არ უნდა ვნახო ცხადად იბსენის, გრიგის ქვეყანა... მე მენატრება ვნახო პარიზი, რომი, საბერძნეთი, ესპანეთიო, – წერდა პოეტი, რომელსაც აქამდე მკითხველის უმრავლესობა იცნობდა როგორც ავტორს, ძირითადად, ჰეროიკული, ისტორიული, პატრიოტული ლირიკისა... ყოველ შემთხვევაში, სკოლაში ლადო ასათიანს სწორედ ასე ასწავლიდნენ. მაგრამ “ლიტერამ”, რომელიც კვლავაც მომავალი თაობის აღზრდაზე ზრუნავს, ქართველი პოეტი განსხვავებულ რაკურსში წარმოგვიდგინა... 1940 წლიდან მოყოლებული, ლადო ასათიანის ლექსები, პოემები მრავალჯერ გამოიცა ცალკე წიგნებად, მაგრამ პოეტის დღიურებს, ჩანაწერებს ფართო მკითხველი დიდი ხანია არ გასცნობია:

[თათი ებრალიძის ხმა] “ჩვენი გამომცემლობა რაღაცნაირად ითავსებს საგანმანათლებლო ფუნქციას და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის დაგვენახვებინა ლადო ასათიანი ახალი სახით... ლადო არის ღია მთელი სამყაროს კულტურის მიმართ. შესანიშნავად იცნობს ევროპულ, აღმოსავლურ ლიტერატურას, მაგრამ ეს არის ადამიანი, რომელიც ასევე კარგად იცნობს თავისი ქვეყნის ლიტერატურას.”

ლადო ასათიანის ნაწარმოებთა ახალი კრებულის ტირაჟი საკმაოდ მოკრძალებულია. “ლიტერას” მესვეურები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ საზოგადოების მხრიდან ასეთ ინტერესს, უბრალოდ, არ ელოდნენ. დიდია მოთხოვნილება პოეტის ნაწარმოებების ელექტრონულ ვერსიაზეც... მიუხედავად იმისა, რომ ეს არაა “სუვენირი”, რომელსაც საქართველოში უცხოელები ყიდულობენ ხოლმე. ქართული პოეზიის სილამაზე რომ იგრძნო, ქართული ენა უნდა იცოდე...

გამოდის, რომ კომპიუტერი და წიგნის ელექტრონული ვერსია თანამედროვე ქართული ყოფის ჩვეულებრივი ატრიბუტი ხდება. თუმცა ვინ იცის, ლადო ასათიანის პოეზია ყოველთვის ორგანულად იყო დაკავშირებული ხალხურ ზეპირსიტყვიერებასთან. ამიტომ ლადოს ლექსები იმდენად მუსიკალურია და სადა, რომ იმ ადამიანებზეც მოქმედებს, რომელთაც, შესაძლებელია, საერთოდ არ ესმოდეთ ქართული ენა.
XS
SM
MD
LG