Accessibility links

logo-print

დაპირისპირება მმართველი პარტიის, ნაციონალური მოძრაობის, ზუგდიდის ორგანიზაციაში


თითქმის ყველა მმართველი პარტიისთვის პრობლემატური იყო სამეგრელოს პირველადი პარტიული ორგანიზაცია. სწორედ ამ რეგიონში ვითარდებოდა ხოლმე ყველაზე მწვავე

შიდაპარტიული დაპირისპირებები. ასეა ახლაც. მმართველ პოლიტიკურ ძალას “ნაციონალურ მოძრაობა - დემოკრატებს” ზუგდიდში პირველადი ორგანიზაციის ორი ოფისი აქვს, ორი გუნდითა და ორი ლიდერით, რომელთა შორის გამუდმებული დაპირისპირებაა. ისინი იბრძვიან როგორც პარტიული პოსტების დასაკავებლად, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებაზე გავლენის მოსაპოვებლად.

კონფლიქტი “ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატების” ზუგდიდის პირველად პარტიულ ორგანიზაციაში ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაიწყო. დაპირისპირება საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ორ შესაძლო კანდიდატს შორის მოხდა. ერთ-ერთი მათგანი ახლა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კემულარიას დისშვილი ლაშა დარასელიაა, მეორე კი - ზუგდიდის ტელევიზია ”ოდიშის” ერთ-ერთი მფლობელი გრიგოლ ქობალია.

როგორც ირკვევა, მიხეილ სააკაშვილის უფრო მეტი ყურადღებით სარგებლობდა გრიგოლ ქობალია, რომელსაც რევოლუციამდე არაერთხელ სწვევია სამეგრელოში ვიზიტად მყოფი სააკაშვილი. სწორედ მიხეილ სააკაშვილმა დაასახელა ის საარჩევნო შტაბის უფროსად. მან ლაშა დარასელიას თანათავმჯდომარეობა შესთავაზა, მაგრამ კონკურენტი ამან კიდევ უფრო გააღიზიანა და თავის მომხრეებთან ერთად სხვა ოფისში გადაბარგდა. ასე ცალ-ცალკე მოღვაწეობისა და ურთიერთდაპირისპირებისას უამრავი სკანდალური ფაქტი წამოტივტივდა - მათ შორის, ლაშა დარასელიას მიერ უშიშროების ამჟამინდელი მინისტრის ვანო მერაბიშვილისთვის 20 ათასი ლარის გადაცემის ფაქტი. ეს თანხა თითქოს საპრეზიდენტო არჩევნებს უნდა მოხმარებოდა და ასე შემდეგ.

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] ”ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით აღმოჩნდა, რომ ეს სრული სისულელეა, ეს ყველაფერი. იქ კიდევ აღმოჩნდა რაღაც თანხები, რომლის დაბრალებაც მიდიოდა და იქვე გავარკვიეთ, რომ ეს იყო სისულელე და ყურით მოთრეული. არ ყოფილა ეგეთი რამე, საერთოდ. ეს იყო გამოყენებული რაღაც იარაღად ერთი ჯგუფის მიერ მეორის წინააღმდეგ. ხომ იცით, აი, კაცს რომ დააბრალებენ, აქლემი ხარო და მერე იმ კაცმა თავი რომ უნდა იმართლოს.”(სტილი დაცულია)

ეს იყო პარლამენტარი მიხეილ მაჭავარიანი. იგი იმ სპეციალური პარტიული ჯუფის წევრია, რომელიც ზუგდიდში პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიავლინა კონფლიქტის შესასწავლად და მტყუან-მართლის გასარკვევად.

მაჭავარიანი ჯერჯერობით არ ამბობს, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სპეციალურმა კომისიამ და აცხადებს, რომ რეკომენდაციებს მხოლოდ პარტიის უმაღლეს მმართველობით ორგანოებს გაანდობს. თუმცა მაჭავარიანმა განაცხადა, რომ გრიგოლ ქობალიას მიერ დაკავებული ოფისი მის კანონიერ მფლობელს, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს, ნაციონალური მოძრაობის ოპონენტს გოჩა ფიფიას უნდა დაუბრუნდეს.

[ლაშა ბერულავას ხმა] ”მიხეილ მაჭავარიანმა თავის კომენტარში აღნიშნა, რომ ზუგდიდში არსებობს მერვე ფიდერის პრობლემა, რომლიდანაც ხდება ხაზების გადაჭიმვა და ეს გადაიქცა გარკვეული ბიზნესის წყაროდ. ეს მერვე ფიდერი ეკუთვნის გრიშა ქობალიას და რადგან მიშა მაჭავარიანმა დარტყმა განახორციელა მერვე ფიდერზეც, უნდა ვივარაუდოთ, რომ გენერალურ მდივანს და პრეზიდენტს ისინი გრიშა ქობალიასთვის სასარგებლო ინფორმაციას არ მიაწვდიან.”

ასეთ ვარაუდს გამოთქვამს ჩვენი ზუგდიდელი კორესპონდენტი ლაშა ბერულავა. როგორც ლაშა ბერულავა ამბობს, ნაციონალურ მოძრაობაში ბრძოლა ადგილობრივ ხელისუფლებაზე გავლენის მოსაპოვებლად მიმდინარეობს. ამას აღიარებს მიხეილ მაჭავარიანიც და აცხადებს, რომ მომავალში ადგილობრივი ხელისუფლება რეკომენდაციებს მხოლოდ პარტიის ცენტრალური ოფისიდან მიიღებს.
XS
SM
MD
LG