Accessibility links

რეალურია თუ არა ნავთობზე ფასის დაკლება?


სარეკორდოდ მაღალი ნიშნულიდან მიმდინარე კვირის პირველ ორ დღეში ნავთობის ფასმა მსოფლიო ბაზარზე ოდნავ დაბლა დაიწია.

სპეციალისტთა აზრით, ამას ხელი შეუწყო ნავთობის ერთ-ერთ უდიდეს ექსპორტიორ ქვეყანაში, ვენესუელაში ჩატარებულმა რეფერენდუმმა, რომლის შედეგადაც პრეზიდენტმა უგო ჩავესმა სავარძელი შეინარჩუნა. მაგრამ, ექსპერტთა შორის ასევე გავრცელებულია მოსაზრება, რომ ფასის დაწევა დროებითი მოვლენაა და კვლავაც დიდია ალბათობა, რომ ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 50 დოლარს მიაღწიოს.

ექსპერტები, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ოდნავ შემცირებას თავშეკავებული ოპტიმიზმით ხვდებიან, სხვადასხვა ნეგატიურ ფაქტორზე ამახვილებენ ყურადღებას. ამ ფაქტორთა სიის სათავეშია არასტაბილურობა ერაყში, რუსეთის კომპანია-გიგანტ "იუკოსის" საფინანსო კრიზისი და არეულობა აფრიკის ნავთობის ძირითად მწარმოებელ ნიგერიაში. უარყოფით ფაქტორებს მიეკუთვნება, აგრეთვე, ტერორისტთა არაერთი მუქარა საუდის არაბეთის ნავთობსადენის აფეთქების თაობაზე. ამავე დროს, მსოფლიოში იზრდება მოთხოვნილება ნავთობპროდუქტებზე აღმავალი ეკონომიკის ქვეყნების, განსაკუთრებით შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ხარჯზე.

ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გასულ კვირაში გავრცელებული ინფორმაციით, ნავთობზე ყოველდღიურმა მოთხოვნილება 82 მილიონ ბარელს შეადგენს. როგორც ჩვენი რადიოს მიმომხილველს კეთლინ მურს სინგაპურში მოქმედი ნავთობისა და გაზის მრეწველობის საინფორმაციო ინტერნეტ-გვერდის რედაქტორმა ნგუ ვენგ ჰუნგმა, მსოფლიოში აშკარად შეინიშნება ნავთობის მომარაგების მცდელობა.

[ნგუ ვენგ ჰუნგის ხმა] "აშკარაა მოთხოვნილების მკვეთრი ზრდა, რაც ბაზარს გარკვეულ ბიძგს აძლევს. მაგრამ მიწოდების ასპექტის თვალსაზრისით ჩვენ ხელთა გვაქვს შიშით გამოწვეული ზეწოლა. არა მგონია, ეს ირაციონალური იყოს. ქვეყნები და კომპანიები აკვირდებიან, რა ხდება მათ ირგვლივ, ხედავენ ამ გაუთავებელ ომს ერაყში, რომელიც ცუდსა და უარესს შორის მერყეობს, რის გამოც მსოფლიოში ნავთობის დაგროვების პროცესის მოწმენი ვხდებით."

თუ მხედველობაში მიიღებთ ინფლაციას, უდავოა, რომ ნავთობის ფასი არ არის ისე მაღალი, როგორც 80-იანი წლების დამდეგს ირანის რევოლუციის შემდგომ იყო. თუმცა, ეკონომისტები შიშობენ, რომ ნავთობის ფასი საკმარისად მაღალია იმისათვის, რათა ზიანი მიაყენოს მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკური აღმავლობის ქვეყნებს – შეერთებულ შტატებსა და გერმანიას. ეს კი, თავის მხრივ, ექსპორტიორ ქვეყნებს უბიძგებს, გაზარდონ ნავთობის წარმოება. მაგრამ პრობლემა სწორედ ის არის, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის, ოპეკის წევრი სახელმწიფოები უკვე ისედაც გაზრდილი მოთხოვნების გათვალისწინებით აწარმოებენ ნავთობს, ამბობს ლონდონის გლობალური ენერგიის შემსწავლელი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი მუჰამედ ზეინი, რომლის აზრით, არსებობს მცირე შანსი, რომლის გამოყენებაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის შემცირებას შეძლებდა.

[მუჰამედ ზეინის ხმა] "ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს არის ის, რომ მაღალი ფასის გამო დამუხრუჭდეს მოთხოვნა ნავთობზე, შემდეგ მოთხოვნა შემცირდეს, რის შემდეგაც ბაზარზე შეიძლება მოხდეს ფასების გაწონასწორება."

ზეინის თქმით, "იუკოსის" პრობლემის მოგვარება და ნიგერიაში მღელვარების ჩაცხრობა ისევე სწრაფად შეძლებს ნავთობზე ფასის დაწევას, როგორც ეს ვენესუელაში რეფერენდუმის ჩატარების უმალ მოხდა.

ნავთობის ფასზე გავლენის მოხდენა კიდევ რამდენიმე არაპროგნოზირებად ფაქტორს შეუძლია. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გახლავთ ამინდი. ვთქვათ, უჩვეულოდ ცივი ზამთარი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, რომელსაც ტერორიზმსა და არასტაბილურ ერაყზე ნაკლებ როდი შეუძლია გაზარდოს მოთხოვნილება ნავთობზე.
XS
SM
MD
LG