Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ვერ სრულდება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მშვიდობა არც 17 აგვისტოს შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე გაფორმებულ სამშვიდობო შეთანხმებას მოუტანია.

18 აგვისტო ცხინვალის რეგიონში ახალი მსხვერპლით გათენდა. ღამის ორმხრივ სროლას კიდევ 3 ქართველი სამხედრო მოსამსახურე შეეწირა. ქართული მხარისგან განსხვავებით, ოსური მხარე დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მიღწეული შეთანხმების დარღვევას ის კვლავინდებურად კონფლიქტის ზონაში რუსეთიდან გადმოსული დაქირავებული ბოევიკების უკუნტროლო ქმედებას მიაწერს, ეგრეთ წოდებულ მესამე ძალას, თუმცა ამ მესამე ძალის წინააღმდეგ საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად მოქმედებაზე უარს აცხადებს. რატომ არ წყდება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ცეცხლი, ანუ რატომ არ სრულდება სამშვიდობო შეთანხმება?


რატომ და რომელი მხრიდან ირღვევა ცხინვალის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებები? ამ შეკითხვაზე საქართველოს მხარეს თავისი პასუხი აქვს, ოსურ მხარეს კიდევ - თავისი. პასუხები, რა თქმა უნდა, სხვადასხვაგვარია. მხარეები სამშვიდობო შეთანხმებების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. “ კონტრაბანდის არხების გადაკეტვამ კოკოითის რეჟიმი შემოსავლის გარეშე დატოვა, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში უკვე ისიც კარგად ესმით, რომ რუსეთთან მიერთება, უბრალოდ, არ გამოუვათ. ყოველგვარი პერსპექტივა დაიკარგა და კოკოითს ერთადერთი - ომის გზა დარჩა” - ასეთია საქართველოს ხელისუფლების არგუმენტი. იქ აცხადებენ, რომ მხარე, რომელსაც ომი ხელს აძლევს, ოსური მხარეა და ცეცხლი ქართული სოფლებისკენ ღამღამობით სწორედ ოსების პოზიციებიდან იხსნება.


[გივი თარგამაძის ხმა] “ საიდან მოდის ცეცხლი, ეს შეიძლება საკუთარი თვალით ნახოთ - სარაბუკიდან, სადაც არიან განლაგებული ოსები და თუ იქ კაზაკებიც არიან, ეს ოსების და რუსების დანაშაულია. კაზაკები განიხილება ისევე იმ მხარედ, რომელსაც რუსები და ოსები წარმოადგენენ. ეს არის ერთი ძალა და მესამე, მეოთხე და მეხუთე ძალის ძიება არ არის საჭირო. “

“არავითარი მესამე ძალა არ არსებობს. ცხინვალის რეგიონში საქართველოს უპირისპირდება ერთი ძალა, რომელსაც ოსები და რუსები წარმოადგენენ, თავისი დაქირავებული კაზაკებით,” - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე. მის აზრს საქართველოს ხელისუფლებაში სხვებიც იზიარებენ. ოსური მხარე კი ცდილობს ყველა დააჯეროს, რომ კონფლიქტის ზონაში საომარ ვითარებას როკის გვირაბიდან მათ მხარეს შემოსული დაქირავებული ბოევიკები ქმნიან, რადგანაც კოკოითი მათ ვერ აკონტროლებს. ამის შესახებ 17 აგვისტოს თბილისში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზეც ითქვა.სხდომაზე ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის შეთანხმებას, თუმცა ამის შემდეგ ოსურმა მხარემ არ მიიღო საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეთავაზება, ერთობლივი ძალებით მოხდეს შეტევა ეგრეთ წოდებული მესამე ძალის გასანეიტრალებლად. უარი თავისთავად მრავლისმეტყველია. საქართველოს მხარე აცხადებს, რომ “მესამე ძალაზე” აქცენტების გაკეთებით კოკოითის რეჟიმი, უბრალოდ, პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას შეეცადა.

რომელი მხარე ხსნის ცეცხლს კონფლიქტის ზონაში? ამ შეკითხვაზე თავისი პასუხი აქვს შერეული სამშვიდობო ძალების შტაბში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელსაც:

[ნიკოლოზ ბარანოვის ხმა] “გამოუცდილობით თუ სპეციალურად, მაშინ, როცა შესაძლებელია ცეცხლის შეწყვეტა, ქართული მხრიდან ცეცხლი უმისამართოდ იხსნება. ამბობენ, გვიტევენო. ვინ გიტევთო, ვეკითხებით და გვიპასუხებენ, არ ვიცითო. “

ასეთია რეალური მესამე მხარის პასუხი. ცნობისათვის: რუსეთი ვერ ხედავს ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების აუცილებლობას, ისე როგორც ამას საქართველო ითხოვს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
XS
SM
MD
LG