Accessibility links

logo-print

როდის და როგორ ჩაენაცვლება რუს სამშვიდობო ძალებს საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტი


კონფლიქტის ზონებში დისლოცირებული რუსი სამშვიდობო ძალების საერთაშორისო კონტინგენტით ჩანაცვლების იდეა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს გაჩნდა.

მაშინ ლაპარაკი იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე უკრაინელი ცისფერჩაფხუტიანების განთავსების თაობაზე, მაგრამ იმის გამო, რომ ოფიციალური კიევი, დესეთეს ნაცვლად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მანდატს ითხოვდა, ხოლო საქართველოს ხელისუფლება კრემლთან ურთიერთობის მეტად გაფუჭებას ერიდებოდა, რუსი მშვიდობისმყოფელების ჩანაცვლების იდეის ხორცშესხმა მაშინ ვერ მოხერხდა. თუმცა წლების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება კვლავ ინიციატივით გამოდის და საერთაშორისო თანამეგობრობას ცხინვალში დისლოცირებული რუსული სამშვიდობო ძალების საერთაშორისო კონტინგენტით ჩანაცვლების საკითხთან დაკავშირებით აქტიურ მხარდაჭერას სთხოვს. რამდენად რეალურია საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო სამშვიდობო ძალების გამოჩენა?



დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მანდატით მოქმედი რუსი სამშვიდობო ძალები აფხაზეთსა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მშვიდობას თორმეტ წელიწადზე მეტია იცავენ, თუმცა იმას, რაც აფხაზეთსა და, განასაკუთრებით, ცხინვალის რეგიონში ბოლო დროს ხდება, მშვიდობა პირობითადაც კი არ ეთქმის. სწორედ ამის გამო საქართველოს პარლამენტმა სულ ახლახან ცხინვალის რეგიონში მოქმედი სამშვიდობო ძალების საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტით ჩანაცვლებისა და კონფლიქტის ზონაში ეუთო-ს მანდატის გაფართოებასთან დაკავშირებით საგანგებო დადგენილება მიიღო. ანალოგიური ინიციატივით გამოდის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც, 17 აგვისტოს უოლ-სტრიტ ჯორნელში გამოქვეყნეული წერილის მიხედვით, სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარების წინაპირობად რეგიონში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების გამოჩენას მიიჩნევს. უცნაურია, მაგრამ დაახლოებით მსგავსი ინიციატივით, აფხაზეთთან მიმართებაში, საქართველოს ყოფილი ხელისუფებაც გამოდიოდა, თუმცა ერთი განსხვავებით - შევარდნაძის დროინდელი მთავრობა ამ იდეის მხოლოდ დეკლარირებას სჯერდებოდა.

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] “უბრალოდ, წინა ხელისუფლებას არ უნდოდა გაემწვავებინა რუსეთთან ურთიერთობა, თუმცა რა უნდა ყოფილიყო ამაზე მეტად გასამწვავებელი… საქართველოში ყველაფერი მიშვებული იყო თვითდინებაზე”

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ყოფილი ლიდერი თამაზ ნადარეიშვილი იმედოვნებს, რომ მოქმედი ხელისუფლება, წინამორბედისაგან განსხვავებით, მეტ პრინციპულობას გამოიჩენს და საქართველოს ტერიტორიაზე სულ მალე, ბალკანეთის მსგავსად, გაეროს მანდატით მოქმედი ნატოს სამშვიდობო ძალები გამოჩნდებიან. ნადარეიშვილი ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და ეუთოს მიმართ ნაკლები ნდობით არის განმსჭვალული:

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] “ ეუთოს არ გააჩნია ისეთი ძალა და არ გააჩნია ისეთი ავტორიტეტი, რომელიც შეძლებს ვინმეს დაავალოს ამის გაკეთება. ეს იქნება ფარატინა ქაღალდი და ჩვენ ამის მაგალითი გვაქვს, როდესაც ეუთოს სტამბულის სამიტზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ. ის არ შესრულდა, ამიტომ ეუთოს ეს გადაწყვეტილება დარჩა ფარატინა ქაღალდად.”

თუმცა, მიუხედავად ამ სავალალო გამოცდილებისა, საქართველოს ხელისუფლება უახლოეს პერიოდში ნატოს სამშვიდობო ძალების საქართველოში გამოჩენის შესაძლებლობას გამორიცხავს. ამის შესახებ რადიო “თავისუფლებასთან” საუბრისას პარალამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა განაცხადა:

[კოტე გაბაშვილის ხმა] “ინტერნაციონალიზაცია ნიშნავს ახალი მანდატის ჩამოყალიბებას და ახალი ფიგურანტების ჩართვას, მაგრამ ნატოს ჩართვა იქნებოდა სულ სხვა მოვლენა, რომელიც უფრო გაამწვავებდა კონფლიქტის შესაძლებლობებს.”

დასტურად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ნატოზე მატად გათვლას ევროპულ ორგანიზაციებზე აკეთებს, სალომე ზურაბიშვილის ვენაში ვიზიტიც გამოდგება. გვარცელებული ცნობით, ეუთოს მუდმივი საბჭოს საგანგებო სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საბჭოს წევრებს ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის სპეციალურ მიმართვას გააცნობს. საერთაშორისო ორგანიზაციების იმედი საქართველოს პარლამენტის წევრს ივლიანე ხაინდრავასაც აქვს. მისი თქმით, სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაცია, თუ საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრული იქნება, სავსებით შესაძლებელია.

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] “წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ეს ხელისუფლება გაცილებით უფრო მიზანმიმართულია და არა მხოლოდ ლაპარაკობს, არამედ რაღაცას აკეთებს ხოლმე… თუ ამ მიმართულებით ძალისხმევა არ იქნება დამოკიდებული კონიუნქტურაზე და რომელიღაც რუსი მაღალჩინოსნის გაღიმებაზე, არ დაიწყება ლაპარაკი - არიქა, რუსეთთან ურთიერთობა მოვაგვარეთო და ახლა თავი დავანებოთო, მაშინ, ჩემი აზრით, ადრე თუ გვიან, ნაყოფს გამოიღებს.”

თუმცა, ივლიანე ხაინდრავას თქმით, სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიცაზია კონფლიქტის მოგვარების მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია. “კონფლიქტს სამშვიდობო ძალები ვერ მოაგვარებენ”, ამბობს იგი და დასძენს: კონფლიქტის მოგვარების გასაღები პოლიტიკურ, ანუ ქართულ-ოსური ურთიერთობების, სიბრტყეშია მოსაძებნი.
XS
SM
MD
LG