Accessibility links

logo-print

სამხრეთი ოსეთის კონფლიქტი ომის ზღვარს მიუახლოვდა


დავით პაიჭაძე, თბილისი 19 აგვისტო ყველაზე მწვავე დღე იყო კონფლიქტში, რომელიც ყოფილ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განახლდა. ღამეული სროლის ჩვეულებრივ საბრძოლო მოქმედებებში, ანუ ომში, გადაზრდას თითქოს ძალიან ცოტა უკლია.

რამ შეიძლება შეაკავოს ომი? - ამ კითხვის პასუხი დღეს, ალბათ, უკლებლივ ყველას აინტერესებს საქართველოში.

ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ერთი ნაბიჯი, რათა მთლიანად დავიკავოთ სამხრეთი ოსეთი - 19 აგვისტოს საღამოს ეს განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა. ხუთშაბათს ოქრუაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებული ოპერაციის შედეგად, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს ის ადგილები, საიდანაც, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცებით, ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე რეგიონის ქართულ სოფლებს ესვრიან. ახალი პოზიციების დაკავებას მოჰყვა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საჯარო გამოსვლა. პრეზიდენტმა მშვიდობის აღდგენისა და შენარჩუნების ერთადერთ პირობად შემდეგი ნაბიჯები მიიჩნია:

“ამ სიმაღლეების დაკავება ჩვენ გვაძლევს საშუალებას, მოვახდინოთ კონფლიქტის ზონაში არსებული შეიარაღებული ძალების გადაჯგუფება. ჩვენ მზად ვართ, ამ სიმაღლეების კონტროლი გადავცეთ სამმხრივ სამშვიდობო კონტინგენტს, რომელშიც შედიან ქართველებიც. მზად ვართ, ჩვენს სოფლებში დავტოვოთ 500 რჩეული მებრძოლი, სამშვიდობო ძალების კვოტით, ამ სოფლების შემოტევებისგან დასაცავად, ხოლო ყველა სხვა პოზიციიდან გამოვიყვანოთ და გადავაჯგუფოთ ჩვენი ძალები და განვალაგოთ კონფლიქტის ზონის გარეთ, გორის ტერიტორიაზე. ეს ყველანაირ საბაბს მოუხსნის მოწინააღმდეგეს, გაამართლოს სიტუაციის შემდგომი ესკალაცია. ეს არის ბოლო შანსი მშვიდობისათვის.”

მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის დროს სოფელ თამარაშენზე იერიში მიიტანეს ოსური მხრიდან. მეორე მხრივ, თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭდვის კომიტეტის თავმჯდომარე ირინა გაგლოევა აცხადებს, რომ, ცხინვალის მიმართულებით სროლის შედეგად, ქალაქში დაიღუპა ერთი მოზარდი და მძიმედ დაიჭრა ქალი. გარდა ამისა, ცხინვალის ჩრდილოეთით საარტილერიო ჭურვი მოხვდა სახლს და მთლიანად იმსხვერპლა სამკაციანი ოჯახი. მიმდინარეობს ინტენსიური სროლა ტყვიამფრქვევებიდან და ნაღმტყორცნებიდან, ქართული ფორმირებები ჩრდილოეთის მხრიდან იჭრებიან ცხინვალში - ასეთ ინფორმაციას ავრცელებდა 19 აგვისტოს ირინა გაგლოევა.

ხუთშაბათს საღამოსვე ცნობილი გახდა, რომ კონფლიქტის ზონაში ეუთოს სამხედრო დამკვირვებლები და შერეული სამშვიდობო ძალების სამი ბატალიონის წარმომადგენლები, არსებითად, შეუდგნენ პრეზიდენტ სააკაშვილის წინადადების განხორციელებას: ისინი აყალიბებენ მუდმივ სადამკვირვებლო სამუშაოებს იმ ტერიტორიაზე, სადაც ირაკლი ოქრუაშვილმა ჩაატარა ოპერაცია. საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა როი რივმა განაცხადა, რომ საგუშაგოები 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ. ამ მუშაობის ეფექტი შეიძლება გამოჩნდეს 20 აგვისტოს ღამესვე, როცა ქართული სოფლები ან გადაურჩებიან, ან ვერ გადაურჩებიან მორიგ სროლასა და დაბომბვას.
XS
SM
MD
LG