Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სჭირდება თუ არა თავდაცვის სამინისტროს მოხალისეები?


ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენები, ბუნებრივია, გულგრილს ვერ ტოვებს საქართველოს საზოგადოებას, რომლის ნაწილი შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსავალს

სამხედრო ძალის გამოყენებაში ხედავს. ეს ადამიანები მზად არიან სამოქალაქო ტანსაცმელი ჯარისკაცის ფარაჯაში გაცვალონ და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საბრძოლო მოქმედებებში მოხალისეების სტატუსით მიიღონ მონაწილეობა. რამდენად სჭირდება ამ კატეგორიის “მებრძოლები” შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს?

ცხინვალის რეგიონში ვითარების უკიდურესად გამწვავების პარალელურად, თბილისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს პატრიოტული საზოგადოება “ცხუმ-აფხაზეთი” და სოხუმის გარნიზონის მოხალისეთა ბატალიონის, “ცხუმის”, წევრები მზადყოფნას გამოთქვამენ, საჭიროების შემთხვევაში, სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგნენ. “მოვუწოდებთ ჩვენი ორგანიზაციის წევრებს, ვეტერან მეომრებს, რეზერვისტებს, სასწრაფოდ გაიარონ რეგისტრაცია რეგიონების მიხედვით,”- ამბობს ავთანდილ გეორბელიძე, აფხაზეთის ომის ვეტერანი და ბატალიონის ყოფილი ხელმძღვანელი :

[ავთანდილ გეორბელიძის ხმა] “ჩვენ ბატალიონი გვქონდა აფხაზეთში და გვინდა ბიჭებს მოვუწოდოთ, სად არიან, და მოვიყაროთ ერთად თავი. ამიტომ გავაკეთეთ ეს განცხადება… რომ რაღაცა გვემართება ოსეთში და გვინდა დაველაპარაკოთ ბიჭებს. რომ მოვიყრით თავს, მერე გადავწყვეტთ, ვისთან გავიდეთ კონტაქტზე." (სტილი დაცულია)

ამ ენთუზიაზმის საწინააღმდეგოდ თავდაცვის სამინისტრო არათუ მოხალისეების, დამატებითი ძალების მობილიზებასაც არ აპირებს. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თეა ინასარიძის თქმით, ამ ეტაპზე მსგავსი ღინისძიებების ჩატარების აუცილებლობა არ არსებობს:

[თეა ინასარიძის ხმა] “ალბათ, ისინი ნებაყოფლობით აკეთებენ ასეთ რაღაცას. თავდაცვის სამინისტროს არ გამოუცხადებია და ჯერ, ღმერთის წყალობით, ამის აუცილებლობა არ არის, იმიტომ რომ საკუთარი ძალები ჯერჯერობით გვაქვს იმდენი და ისეთი, რომ მობილიზაცია არ გამოვაცხადოთ.”

მოხალისეთა შეკრებას სკეპტიკურად უყურებს აფხაზეთის ომის ერთ-ერთი მონაწილე, რუზგენ გოგოხიაც. იგი ამჟამად კონფლიქტის ზონაში იმყოფება, თუმცა, როგორც თავად ამბობს, არა მოხალისის სტატუსით. გოგოხიას თქმით, საქართველოს ძალოვანი სამინისტროები ჯერჯერობით მოხალისეთა დახმარებას არ საჭიროებენ:

[რუზგენ გოგოხიას ხმა] “ჯერჯერობით არ სჭირდება - ყველაფერს ხუთიანზე აკეთებენ ბიჭები… ისინი ყველა, ვინც ყვირის, ამას გავაკეთებ და იმას გავაკეთებო და ტელევიზორით გამოდიან, იქ, თბილისში, არიან და მე აქ ვარ, ცხინვალში.” (სტილი დაცულია)

პირველად განცხადება იმის თაობაზე, სჭირდება თუ არა საქართველოს ხელისუფლებას სახალხო რაზმების დახმარება, შინაგან საქმეთა მინისტრმა ამ ორიოდე თვის წინ გააკეთა. მაშინ ირაკლი ოქრუაშვილმა ცხინვალის რეგიონის ქართული მოსახლეობის მოთხოვნას - დაერიგებინათ მათთვის იარაღი, ლაკონიურად უპასუხა: თუ ამის აუცილებლობა იქნება, იომებს ჯარი და არა მოსახლეობაო.. თუმცა ის, რომ მინისტრის ამ პოზიციას ბევრი ბრძოლისუნარიანი მამაკაცი არ იზიარებს, ჩემი მორიგი რესპონდენტის შემდეგი სიტყვებიდანაც კარგად ჩანს:

[მამაკაცის ხმა] “ბოლოს და ბოლოს, ზედ ხომ არ უნდა გადაგვიარონ, არა?… ჩვენ ვალდებულები ვართ, როგორმე დავიცვათ სამშობლო და ჩვენი ტერიტორიები. ეს არ არის მარტო სააკაშვილის ახირება, რომ გააერთიანოს საქართველო…საქართველოს გაერთიანება ყოველი ქართველის ვალი არის, მარტო სააკაშვილმა და ბარამიძემ რა ქნან, თუ ყველა ქართველი არ ჩაერთვება ამ საქმეში… უნდა გამოცხადდეს, ნამდვილად უნდა გამოცხადდეს საყოველთაო ომი.”

მიუხედავად იმისა, რომ ამ მოსაზრებას საქართველოში ბევრი იზიარებს, ხოლო საზოგადოებაში ხელისუფლების ნდობის ხარისხი კვლავაც მაღალია, ბრძოლისუნარიანი მოქალაქეების დიდი ნაწილი უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. ჩემი რესპონდენტი, რომელიც 32 წლისაა და ერთ-ერთ კლინიკაში ექიმად მუშაობს, მიიჩნევს, რომ ყველა მოხალისე, ადრე თუ გვიან, საზარბაზნე ხორცად იქცევა და ეს მაშინ, როცა მოხალისეთა თავგანწირვის შედეგი გაღებული მსხვერპლის ადეკვატური ვერ იქნება.

[მამაკაცის ხმა] “აზრი არა აქვს მოხალისისა და არაპროფესიონალის წასვლას - ეს არის, უბრალოდ, საზარაზნე ხორცი. თუ ჩემნაირები წავიდნენ და ჩემნაირების იმედზე ვიქნებით, ეს ომი, ჩათვალეთ, წაგებულია. ამიტომ იქ უნდა იბრძოლოს პროფესიონალურმა არმიამ და ჩვენ, რაც შეგვეძლება, იმით უნდა დავეხმაროთ, თორემ ჩემნაირების იქ წასვლა გამოიწვევს იმასვე, რაც მოხდა თავის დროზე აფხაზეთში, რაც მოხდა ოსეთში: გამოგვრეკავენ ერთი ხელის მოსმით."
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG