Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აფასებს ”ეუთო” ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს


თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გამო შექმნილი კონფლიქტის მოგვარების პროცესში საქართველოს ხელისუფლება დიდ იმედებს ამყარებს ევროპაში

უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის თანადგომაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოში ვიზიტის შესახებ 18 აგვისტოს გადაცემაში გესაუბრეთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს დიპლომატიური ძალისხმევა კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო მისიის ინტერნაციონალიზაციისკენაა მიმართული. ახლა კი ამ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის როი რივის (Roy Stephen Reeve) პოზიციას გაგაცნობთ.

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია აქტიურადაა ჩართული მოლაპარაკებებში, რომლებიც ეგრეთ წოდებული ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავების შემდეგ დაიწყო. მიუხედავად ამ საერთაშორისო ორგანიზაციის აქტიურობისა, მოლაპარაკებებზე მიღწეული შეთანხმების დაცვა მაინც ვერ ხერხდება კონფლიქტის ზონაში არაფორმალური შეიარაღებული რაზმების არსებობის გამო.

ამ რაზმების მოქმედების აღკვეთა დღემდე ვერ შეძლო რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა შერეულმა სამშვიდობო მისიამ.

[როი რივის ხმა] ”შერეულმა სამშვიდობო ძალებმა ვერ შეძლეს გამკლავებოდნენ არაოფიციალურ შეიარაღებულ ძალებს და ვერ შეძლეს მათი კონფლიქტის ზონიდან გამოძევება. ბატონ ჟვანიასთან და ბატონ კოკოითთან შეხვედრებზე მწუხარებით აღინიშნა, რომ 3 ბატალიონი, რომლებიც შეადგენენ შერეულ სამშვიდობო ძალებს, უკვე აღარ მოქმედებენ როგორც ერთიანი ორგანიზმი.”

ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა როი რივიმ 19 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე. რუსეთისა და რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ნაწილის, ჩრდილოეთ ოსეთის, სამშვიდობო ბატალიონებმა კონფლიქტის გამწვავებიდან დღემდე არაფერი გააკეთეს თუნდაც ქართული სოფლებისკენ მიმავალი იმ ერთადერთი გზის დასაცავად, რომლის დაცვას ათზე მეტი ქართველი მშვიდობისმყოფელი შეეწირა. ის, რაც ვერ გააკეთეს რუსეთის სამშვიდობო ბატალიონებმა, 19 აგვისტოს დილით საქართველოს შინაგანმა ჯარმა მოახერხა.

[როი რივის ხმა] ”გუშინ შერეულმა საკონტროლო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შერეულ სამშვიდობო ძალებს დაეკავებინათ ის სიმაღლეები, საიდანაც კარგად ჩანს ქართველების მიერ გაყვანილი შემოვლითი გზა. ეს ზუსტად ის ტერიტორიებია, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრმა ოქრუაშვილმა ოპერაცია ჩაატარა იმ ძალებისგან გასათავისუფლებლად, რომლებიც ცეცხლს უშენდნენ შემოვლით გზას. ახლა იქ ჩვენი სამხედრო დამკვირვებლები სამშვიდობო ბატალიონების წარმომადგენლებთან ერთად სამეთვალყურეო პოსტებს აყალიბებენ.”

ეუთოს მისიის ხელმძღვანელს როი რივის მიაჩნია, რომ სამშვიდობო ძალების ქმედითობის საკითხი უახლოეს ხანებში, სიტუაციის განმუხტვისთანავეა გადასაწყვეტი. ქართული მხარე სამშვიდობო მისიის ქმედობაუნარიანობის ამაღლებას მისიის ინტერნაციონალიზაციაში ხედავს.

[როი რივის ხმა] ”რაც შეეხება ინტერნაციონალიზაციას, ჯერჯერობით არც ერთ მხარეს არ მოუმართავს ასეთი წინადადებით და, სიმართლე გითხრათ, მე არც კი ვიცი, რომელი ორგანიზაცია იკისრებს ამის განხორციელებას მსოფლიოში შექმნილი ვითარების ფონზე.”

თუმცა ეუთო მზადყოფნას გამოთქვამს, ინტერნაციონალიზაციის საკითხზე მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, ეს საკითხი სერიოზულად განიხილოს და ის გზებიც მოიძიოს, რაც რეალობად აქცევს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო მისიის ინტერნაციონალიზაციის იდეას.
XS
SM
MD
LG