Accessibility links

logo-print

საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლება ოფიციალურ განცხადებას იღებს ეუთოსა და სხვა საერთაშორისო


საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლება ოფიციალურ განცხადებას იღებს ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გასაგზავნად. დეპუტატებს რუსეთი

ქართულ-ოსურ კონფლიქტში მიუკერძოებელ არბიტრად არ მიაჩნიათ და აცხადებენ, რომ მის პოლიტიკურ მიზნებში არ შედის მშვიდობის დამყარება ცხინვალის რეგიონში. პარლამენტის წევრები საქართველოს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს გააქტიურებისაკენ მოუწოდებენ და კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოში რეაქციული ძალების გამარჯვებით საფრთხე ემუქრება დემოკრატიას პოსტსაბჭოთა სივრცეში. მინდა მოგითხროთ მიღებული განცხადებისა და დეპუტატთა პოლიტიკური განწყობილებების შესახებ.

,,რუსეთი, როგორც საქართველოს მეზობელი სახელმწიფო, კონფლიქტის ზონაში ჩაყენებულ სამშვიდობო ძალებს პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იყენებს, რის გამოც ის არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ქართულ-ოსურ კონფლიქტში მიუკერძოებელ არბიტრად. რუსეთის, როგორც მშვიდობის მყოფელის, პოლიტიკურ მიზნებში არ შედის მშვიდობის დამყარება ცხინვალის რეგიონში. აქედან გამომდინარე, ჩვენ განვაცხადეთ, რომ გაზრდილი საერთაშორისო კონტინგენტის მიერ რუსეთის ამჟამინდელი მისიის ჩანაცვლება წარმოადგენს კონფლიქტის სამართლიანი და საბოლოო მოგვარებისთვის უმნიშვნელოვანეს პირობას.”- ამ ტიპის განცხადება მიიღო საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გასაგზავნად. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუა აცხადებს, რომ მათ მიმართვაში პრობლემის განზოგადება არჩიეს. ამ ხერხით პარლამენტის წევრები შეეცადნენ უცხოელი პარტნიორებისა და საქართველოს მეგობარი სახელმწიფოებისათვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რეაქციული ძალების გამარჯვებით პოსტაბჭოთა სივრცეში საფრთხე მთლიანად დემოკრატიას ემუქრება. შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, ქართული მხარე კვლავ გამოთქვამს მზადყოფნას მშვიდობიანი მოლაპარაკებისათვის.

[ნიკა რურუას ხმა] ,,საქართველო არის მზად, გამოხატავს სურვილს და აქვს შესაძლებლობა, რომ ხსენებული პროცესი წარმართოს მშვიდობიანად და ამოწუროს ყველა სამშვიდობო დიპლომატიური ხერხი იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს ოსეთის სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო მმართველებთან ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილება. მაგრამ როდესაც ყველა მშვიდობიანი ხერხი ამოწურული იქნება, საქართველო იტოვებს უფლებას დაიცვას საკუთარი სუვერენობა და დემოკრატია ყველა საშუალებით - სამხედრო მეთოდის ჩათვლით.”(სტილი დაცულია)

იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე არ მოითხოვს დაგომისის, მოსკოვის, სოჭისა და სხვა მსგავსი ხელშეკრულებების გაუქმებას, რის მიხედვითაც რუსეთის სამშვიდობო ძალები საქართველოშია განლაგებული, ნებისმიერი სახის განცხადებების მიღება სისულელეა, - მიაჩნია პარლამენტის წევრს კობა დავითაშვილს. იგი ბრძოლით დაკარგული ტერიტორიის დაბრუნებას ბრძოლითვე ფიქრობს და თვლის, რომ ხელისუფლება დაიბნა, რადგან ვითარების ასეთ ესკალაციას არ ელოდა:

[კობა დავითაშვილის ხმა] ,,ერთი მხრივ, ჩვენ განცხადებებს ვაკეთებთ, რომ ეს ძალები მშვიდობის დამყარების ნაცვლად ომს აჩაღებენ და, მეორე მხრივ, მოწერილი გვაქვს ხელშეკრულებები, რომლებიც უფლებას აძლევს ამ ძალებს დარჩნენ აქ და იმოქმედონ, როგორც გაუხარდებათ. ჩვენ უნდა განვახორციელოთ კოკოითისა და მისი ბანდიტების დაკავების ოპერაცია და თუ ისინი შეიარაღებულ წინააღმდეგობას გაწევენ, მაშინ სათანადო ძალა იქნეს გამოყენებული მათ წინააღმდეგ.”

კობა დავითშვილისაგან განსხვავებით, საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს პარლამენტის პოზიციის დაფიქსირება მნიშვნელოვნად მიაჩნია დეპუტატ დავით საგანელიძეს, თუმცა მიღებული წერილის შედეგად ეუთოს გააქტიურებას გამორიცხავს. შექმნილ ვითარებაში იგი საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს, რადგან, მისი აზრით, მთავრობამ არასწორად შეაფასა რუსეთისა და დასავლეთის როლი. ამ ყველაფერში კი დამნაშავედ ქართული მხარის არათანმიმდევრულ პოლიტიკას მიიჩნევს:

[დავით საგანელიძის ხმა] ,,ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ იმას, თუ რა ხდება ქვეყანაში, ვინ არიან მთავარი მოქმედი პირები, ვის გამო ხდება ეს ყველაფერი და გვაქვს სურვილი საკითხი გადაწყდეს მშვიდობიანად. რუსეთმა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მოგვატყუა და მან თავისთვის ხელსაყრელი პოზიცია შეიქმნა იმ მხრივ, რომ თუ სამაჩაბლოსთან ჩვენ გვქონდა ძალიან ღია პოზიცია, ასე თუ ისე, და ბევრად უკეთესი, დღეს აღმოვჩნდით ბევრად მძიმე სიტუაციაში. დასავლეთი ძალიან პასიურია ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ.” (სტილი დაცულია)

მიღებული განცხადების ეფექტურობისა დეპუტატების უმრავლესობას არ სჯერა. ისინი დღეს უფრო ხშირად საუბრობენ ამოწურულ სამშვიდობო ხერხებზე და მიიჩნევენ, რომ ქვეყანამ იმპულსური რეაქციისაგან თავი უნდა შეიკავოს.
XS
SM
MD
LG