Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობამ ახალ საგადასახადო კოდექსზე მუშაობა, ფაქტობრივად, დაასრულა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს მთავრობამ ახალ საგადასახადო კოდექსზე მუშაობა დაასრულა და უმოკლეს ხანში იგი საკანონმდებლო ხელისუფლებას გადაეგზავნება განსახილველად.

ახალი საგადასახადო პოლიტიკა ფისკალური ტვირთის სერიოზულ შემსუბუქებაზეა გათვლილი და, პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური კანონი იქნება აღმოსავლეთ ევროპაში.

საგადასახადო კოდექსზე მუშაობა, რომლის ლიბერალიზაციის შესახებ ამდენს საუბრობდა ხელისუფლება, „ფინიშის სწორზე“ გავიდა. მინისტრთა კაბინეტი კანონპროექტს მალე პარლამენტში გადაგზავნის და, სავარაუდოდ, შემოდგომისათვის იგი უკვე მიღებული იქნება, თუ, რა თქმა უნდა, მოხდება შეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელიც საქართველოს მთავრობისათვის მოწერილ თავის ბოლო წერილში ხელისუფლებას საგადასახადო განაკვეთების მყისიერი შემცირებისაგან თავის შეკავებას ურჩევს. ფონდის ამ წერილმა უკვე გამოიწვია გარკვეული გაღიზიანება ხელისუფლებაში. ეს გაღიზიანება მკვეთრი ფორმით ეკონომიკის მინისტრმა კახა ბენდუქიძემ თავის სკანდალურ განცხადებაშიც გამოხატა.

ამდენად, მთავრობა დადგა აშკარა ალტერნატივის წინაშე: ან უნდა შეინარჩუნოს ფონდთან დიდი ძალისხმევით აღდგენილი ურთიერთობა, ან თავისი დეკლარირებული პრინციპების ერთგული დარჩეს და საგადასახადო ტვირთის მკვეთრ შემცირებაზე წავიდეს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ახალ საგადასახადო კოდექსს, თავისი მნიშვნელობით, სამაჩაბლოში არსებული პრობლემების სიბრტყეში აყენებს:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] „მართალი გითხრათ, ცხინვალის რეგიონის პრობლემებზე არანაკლებ მწვავე საკითხად მიმაჩნია, შემდგომი დაყოვნების გარეშე წარვუდგინოთ პარლამენტს ახალი კოდექსი და საქართველოს ჰქონდეს შემოდგომამდე, სექტემბრის ბოლომდე, ახალი საგადასახადო კანონმდებლობა.“

თავად ახალი კოდექსი ითვალისწინებს მთელი რიგი გადასახადების საერთოდ გაუქმებას, ხოლო არსებული ტვირთი მნიშვნელოვნად გამარტივდება და შემცირდება. კერძოდ, საუბარია საშემოსავლო გადასახადის 18-დან 12 პროცენტამდე შემცირებაზე; 33-დან 20 პროცენტამდე დავა სოციალური გადასახადი; 20-ის ნაცვლად 18 პროცენტი ხდება დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ); უცლელი რჩება მოგებისა და ქონების გადასახადი; დიფერენცირებული იქნება აქციზი, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასა და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლები. სხვა გადასახადები, ფაქტობრივად, უქმდება.

საგადასახადო პოლიტიკის ამგვარი ცვლილება, ზურაბ ჟვანიას აზრით, საქართველოს ფისკალურ პოლიტიკას აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურს გახდის, რამაც მეწარმეობას უნდა მისცეს სტიმული და საქართველო საინვესტიციო საქმიანობისათვის მომხიბლავ ქვეყნად აქციოს. გადასახადების შემცირებით მთავრობა იმ პირობების შესრულებასაც შეეცდება, რომელთა შესახებაც ცოტა ხნის წინ გამართულ ხმაურიან ბიზნესფორუმებზე იყო საუბარი.

ლიბერალიზაციას, პირველ რიგში, მოუთმენლად ელოდება ქართული ბიზნესი, რომლის ლეგალური საქმიანობა არსებული საგადასახადო კანონმდებლობის პირობებში, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო და რომელიც სწორედ ამის გამო იძულებული იყო „შავი ბუღალტერიის“ წარმოებით დიდძალი გადასახადი დაემალა სახელმწიფოსათვის.
XS
SM
MD
LG