Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


553-ე გამოშვება

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 553-ე გამოშვებას. დღეს ვეცდებით გავარკვიოთ, როდის ამოქმედდება საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლობა; მოგითხრობთ იმაზე, თუ როგორ დაუმეგობრდნენ ჩეჩენი ქალები ქართველ ჟურნალისტს, რომელსაც თავდაპირველად ცემას უპირებდნენ; გესაუბრებით ბიზნესისა და კანონმდებლობის საკითხებთან დაკავშირებულ ახალ გამოცემაზე; შემოგთავაზებთ მასალას ჭიათურის რაიონში გაკეთებული არქეოლოგიური აღმოჩენის მნიშვნელობაზე; გამოშვების ბოლოს გესაუბრებით გამოჩენილ პოლონელ პოეტზე, ნობელის პრემიის ლაურეატ ჩესლავ მილოშზე, რომელიც ამ დღეებში გარდაიცვალა 93 წლის ასაკში. პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.

როდის ამოქმედდება საზოგადოებრივი მაუწყებლობა

ერთ-ერთი რეფორმა, რომლის განხორციელებას საქართველოს ხელისუფლება აპირებს, სახელმწიფო ტელერადიო მაუწყებლობის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნა გახლავთ. ეს არის არა კეთილი ნების, არამედ შესასრულებელი ვალდებულების საკითხი. საზოგადოებრივი მაუწყებლობის ჩამოყალიბება საქართველომ ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდეგ იკისრა, თუმცა, ყოფილი ხელისუფლების დროს საამისოდ არაფერი გაუკეთებია, თუ არ ჩავთვლით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომზადებულ კანონპროექტს. 2004 წლის მარტიდან სახელმწიფო ტელევიზიაში დაიწყო პროცესი, რომელიც საზოგადებრივი ტელერადიო მაუწყებლობის შექმნით უნდა დასრულდეს. რა იყო აქამდე გამოვლილ პერიოდში ყველაზე მტკივნეული? ეს შეკითხვა დავით პაიჭაძემ სახელმწიფო ტელევიზიის თავმჯდომარეს, ზაზა შემგელიას დაუსვა.

იხ. აუდიოვერსია.

როგორ დაუმეგობრდნენ ჩეჩენი ქალები ქართველ ჟურნალისტს, რომელსაც თავდაპირველად ცემას უპირებდნენ

გადაცემას ჩეჩნეთის კონფლიქტთან დაკავშირებული თემით განვაგრძობთ. როგორც იცით, ამ თვის ბოლო, 29 აგვისტოს ჩეჩნეთში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, რომელსაც კვლავ ბოიკოტს უცხადებენ პანკისში მყოფი ჩეჩენი დევნილები. რამდენიმე დღის წინ ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ ასლამბეკ აბდურზანოვმა მორიგი „მასკარადი“ უწოდა ჩეჩნეთში დანიშნულ არჩევნებს. რით ცხოვრობენ პანკისელი ჩეჩნები - ამ თემაზე თამარ ჩიქოვანი მოგითხრობთ


თამარ ჩიქოვანი:
პანკისის ხეობაში მაცხოვრებელი ჩეჩენი დევილების თემა ქართველ ჟურნალისტებს პერიოდულად გვახსენდება - მაშინ, როცა იქ რაიმე ხდება. ალბათ, ამიტომაც, პანკისელ ჩეჩნებს ჟურნალისტები მაინცდამაინც არ უყვართ
[ვერიკო კლდიაშვილის ხმა] „თავიდან რომ ნახეს, ჟურნალისტი ვიყავი - აგრესიულები იყვნენ. მოდიხართო, გვალაპარაკებთო და შემდეგ არაფერს არ აშუქებთო. თანდატან გალღვა ეს ყინული დ დაახლოებით შუადღისთვის უკვე ასი პროცენტით მენდობოდნენ. რამდენიმე დღე ვიყავი იქ და ნდობის ფაქტორმა მოიმატა. წამოვედი ისე, რომ თითქმის მეგობრები გახდნენ - ჩეჩნბიც და ქისტებიც. ყველა მეპატიჟებოდა, მიღიმოდნენ. ძალიან კარგი ხალხია - ჩეჩნებიც და ქისტებიც. თავიდან - არა...თურმე, ერთი-ორი ქალი ცემასაც კი მიპირებდა. მერე მითხრეს.“
ეს ჟურნალისტი, პანკისელი ჩეჩენი ქალები თავიდან ცემას რომ უპირებდნენ, თელაველი ჟურნალისტი ვერიკო კდლიაშვილია. პანკისში შემთხვევით აღმოჩნდა - ერთერთი საერთაშორისო პროგრამის ხაზით დევნილებზე რეპორტაჟი გაკეთება დაავალეს. მიუხედავად იმისა, რომ თელავში მრავლად არიან აფხაზეთიდან დევნილები, მაინც პანკისში მაცხოვრებელი ჩეჩენი დევნილების ცხოვრების კვლევა არჩია. მისი თქმით, ჩეჩნეთიდან დევნილების მდგომარეობა უმძიმესია:
[ვერიკო კდლიაშვილის ხმა] „ზოგადად საქართველოში ყველას უჭირს და პირობები მძიმეა, მაგრამ იქ რაც ჩემი თვალით ვნახე - ერთ ოთახში, რომელიც საკმაოდ პატარაა, შვილი ადამიანი რომ იცხოვრებს, საკვები რომ არ ექნებათ არაფერი, გარდა ჰუმანიტარული დახმარებისა - მე მგონი, ეს საშინელებაა. თანაც, ძალიან ბევრი ბავბია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მდგომარეობაში არიან, შობადობა არ მცირდება.“
ვერიკოს თქმით, ჰუმანიტარული დახმარება - ეს ცალკე თემაა. მაგალითად, დევნილებს ლობიოს დანახვა აღარ შეუძლიათ, რადგან მთელი ზამთრის მანძილზე მათი კვების ერთაერთი პროდუქტი სწორედ ჰუმანიტარული დახმარების სახით დარიგებული ლობიოა. არადა, სამწუხაროდ, ბოლო დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების ყურადღება პანკისში მაცხოვრებელი ჩეჩნებისადმი საკმაოდ შემცირდა
[ვერიკო კდლიაშვილის ხმა] „ როცა ახალი შემოსულები იყვნენ საქართველოში, თითქმის მთელი მსოფლიო ეხმარებოდათ. ახლა ძალიან არის დახმარება შემცირებული. მათ რუსეთიდან არ უნდათ დახმარება, რადგან რუსეთის წყალობით გაუბედურდნენ, რუსეთის წყალობით დარჩნენ უსახლკაროდ, რუსეთის წყალობით დაეღუპათ ოჯახები.“
ცუდი კვება თავისთავად აისახება დევნილების ჯანმრთელობაზე - ვერიკოს თქმით, საგრძნობლად გაზრდილია დევნილებში ტუბერკულიოზის შემთხვევები
[ვერიკო კდლიაშვილის ხმა] „ 47 ტუბერკულიოზით დაავადებულია ოფიციალურად რეგისტრირებული მთელ რაიონში და აქედან 39 პანკისის ხეობის მკვიდრია. ღია დორმით აღენიშნება 14-ს. ძალიან ბევრი არ მიდის ექიმთან, რადგან საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლის ეშინია. ეს ხალხი ტრიალებს იქ. არიან საშიში გარშემომყოფებისთვის. ვერ გეტყვით, რომ ეპიდემიაა, მაგრამ ეპიდემიის წინაპირობა არსებობს.“
და მაინც, რა იმედი ამოძრავებთ დევნილებს, რომლებიც, უკვე მეხუთე წელია, თავს პანკისის ხეობას აფასებენ და ჩეჩენთში დაბრუნებაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ
[ვერიკო კლდიაშვილის ხმა]“ მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩენი ერი თითქმის განადგურებულია, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი საშუალება არ არის, რომ რუსეთს რამენაირად აჯობონ - ამ ხალხს აქვს რწმენა, რომ სახლში დაბრუნდება.“
თელაველი ჟურნალისტის თქმით, ეს რწმენა ჩეჩნეთიდან დევნილებს ყველაზე გაუსაძლის პირობებშიც კი უკეთესი მომავლის იმედს უსახავს

თამარ ჩიქოვანი, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


ბიზნესისა და კანონმდებლობის საკითხებთან დაკავშირებული ახალი გამოცემა


ბიძინა რამიშვილი:
“ბიზნესი და კანონმდებლობა”. ასე ჰქვია ახალ ჟურნალს, რომლის გამოცემის აუცილებლობასთან დაკავშირებით, ჟურნალის მთავარი რედაქტორი ზაურ ნაჭყებია ამბობს, რომ “მოთხოვნილება ასეთ პრაქტიკულ-ანალიტიკურ გამოცემაზე საქართველოში დიდი ხანია არსებობდა”.
ჟურნალის პერიოდულობა - თვეში ორი ნომერია, უკვე გამოიცა 4 ნომერი. მთავარ რედაქტორს ჩვენი კოლეგა გიორგი კაკაბაძე ესაუბრა.


გიორგი კაკაბაძე:
ბიზნესისა და კანონმდებლობის ურთიერთკავშირის მხრივ საქართველოში რომ მაინცდამაინც სახარბიელო ვითარება არ არის შექმნილი, ეს კარგადაა ცნობილი. ამასთან, როგორც ზაურ ნაჭყებია აღნიშნავს, მოქმედ კანონმდებლობაში გარკვევა არა მხოლოდ მეწარმეებს, არამედ სპეცილიასტებსაც უჭირთ. არსებული ხარვეზის შევსებას კი ახალი გამოცემა არა მხოლოდ სტატიებით, არამედ კონსულტაციების და კომენტარების საშუალებით შეეცდება. თორემ, ალბათ, შეიძლებოდა რომ ახალ ჟურნალს, ვთქვათ, “ბიზნესი და კეთილდღეობა” დარქმეოდა. ამასთან დაკავშირებით ჟურნალის მთავარი რედაქტორი მიიჩნევს, რომ არსებული კანონდებლობის გამო დღეს საქართველოში პატიოსანი ბიზნესი არ ან ვერ არსებობს:
[ნაჭყებიას ხმა]“რაც შეეხება კეთილდღეობას. შეიძლება სხვა სახელმწიფოებში არსებობს ასეთი სახელწოდების ჟურნალი, - “ბიზნესი და კეთილდღეობა”, - მაგრამ კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს: გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში სრულყოფას საჭიროებს კანონმდებლობა, მიგვაჩნია, რომ ჯერ უნდა მივიღოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დაარეგულირებს ამ სფეროს, ხოლო კეთილდღეობა თავისთავად მოვა, როცა ბიზნესი სწორი გზით წავა და ხალხიც იგრძნობს კეთილდღეობას.

რა პუბლიკაციებზე ამახვილებს ყურადღებას ზაურ ნაჭყებია:

[ნაჭყებიას ხმა] “ძალიან საინტერესოა ქალბატონ ელზა ჯმუხაძის პუბლიკაცია - “იყიდება საქართველოს რეალური სიმპტომები”. მასში ექსპერტი ვახტან ხმალაძე პროფესიონალურად განმარტავს მოსალოდნელი ელვისებური პრივატიზაციის შედეგებს. ასევე ძალიან საინტერესოა ბატონი თამაზ აქუბარდიას სტატია - “ვინ უნდა დაწეროს ახალი საგადასახადო კოდექსი”.

პირადად მე კი, პირველ ნომერში, ჩემს საპროგრამო წერილში სათაურით, “ხელისუფლებას ოპონენტი სჭირდება და მეწარმეს მხარდაჭერა”, - ვამბობ, რომ შეიძლება ზოგიერთის აზრით ახალი ჟურნალი ოპოზიციურია, რადგან აქ იბეჭდება ოფიციალური მოსაზრებებისგან განსხვავებული პუბლიკაციები, მაგრამ ოპოზიციაში ყოფნა ჩვენი თვითმიზანი არ არის. ჩვენ ვცდილობთ ობიექტურები ვიყოთ შეფასებებში და ამასთან, კორექტულობაც დავიცვათ, მაგრამ ის, რომ საქართველოში ნელ-ნელა კვდება ოპოზიციური აზრი და, ვთქვათ, მასმედია კარგავს იმ აქტუალობას, რომლითაც ის გამოირჩეოდა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, ძალიან ცუდია და არასასურველი”.

-ბატონო ზაურ, თქვენი ჟურნალის ერთი-ერთი პუბლიკაცია ეძღვნება მასმედიის თავისუფლების პრობლემას. საზოგადოდ, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა დაინტერესებული საქართველოს ხელისუფლება თავისუფალი მედიის არსებობით?

[ნაჭყებიას ხმა]“თუ რეალურ სიმპტომებზე ვისაუბრებთ, რაც გამოიკვეთა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება მაინცდამაინც არ წყალობს მასმედიას და ამის არაერთი ფაქტი გვაქვს. რაც შეეხება ჩვენს თემატიკას და აღნიშნულ სტატიას -თუ რატომ არ წყალობს ხელისუფლება მასმედიას,- მასში ძალიან კარგად არის ნაჩვენები, რომ უჭირს დღეს მასმედიას გამომდინარე იქიდან, რომ რეალური მხარდამჭერი არ ჰყავს. უპირველესად, მასმედიის მხარდამჭერი უნდა იყოს ხელისუფლება, აგრეთვე მკითხველი და მაყურებელი. თუ ჩვენ გამოვრიცხავთ ოპოზიციური აზრის არსებობას საქართველოში, თუ გამოვალთ იქიდან, რომ ფაქტიურად ოპოზიციური პარტიები საქართველოში არ არსებობენ, ეს, ალბათ, ძალიან ცუდად დაუბრუნდება ისევ ჩვენს ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ხელისულებამ თვითონ უნდა იზრუნოს ქვეყანაში თავისუფალი მასმედიის არსებობაზე”.

მართალია ჟურნალს ჯერ არ შემოუღია რუბრიკა დისკუსიების გასამართად, - ეს, ალბათ, სულ მალე მოხდება,- მაგრამ დისკუსია უკვე შედგა: პირველ ნომერში გამოქვეყნდა ეკონომისტ ვაჟა ფარულავას წერილი “თავისუფალი ეკონომიკური ზონების” დამკვიდრების სასარგებლოდ. მეორე ნომერში კი, იურისტი ავთანდილ კახნიაშვილი სხვა რაკურსით განიხილავს პრობლემას და საწინააღმდეგო არგუმენტები მოჰყავს.
“ბიზნესი და კანონმდებლობის” მთავარი რედაქტორი ამბობს, ის დიდი სიამოვნებით დაბეჭავს ჟურნალში ხელისუფლების წარმომადგენელთა მოსაზრებებს, რასაკვირველია, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ.

[ნაჭყებიას ხმა] “და ერთ რამესაც გეტყვით: ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების უმრავლესობა აბსოლუტური კეთილმოსურნეობით არის გაჟღენთილი. აქედან გამომდინარე ჩვენ არავის ვუსწორებთ ანგარიშს. შეიძლება ეს არის კრიტიკა, განსხვავებული აზრი, მაგრამ ეს არის კეთილმოსურნეობის პრინციპიდან გამომდინარე”.

ბიძინა რამიშვილი:
ეს გახლდათ ჟურნალ “ბიზნესი და კანონმდებლობის” მთავარი რედაქტორი ზაურ ნაჭყებია. მას გიორგი კაკაბაძე ესაუბრებოდა.


არქეოლოგიური აღმოჩენა ჭიათურის რაიონში

ბიძინა რამიშვილი:
შეკითხვას, ყველაზე მეტად რა იტაცებს არქეოლოგის პროფესიაში, ქვის ხანის ცნობილმა სპეციალისტმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა ოფერ ბარ-იოზეფმა ასე უპასუხა: არქეოლოგიის დახმარებით ვეცნობით ადამიანისა და საზოგადოების ქცევის ევოლუციას, ეს კი, თავის მხრივ, ჩვენი თანამედროვეების, ჩვენი საკუთარი საზოგადოების უკეთ წვდომაში გვეხმარება. არ ვიცი, რამდენად დაეხმარება პროფესორ ბარ-იოზეფსა და მის ქართველ კოლეგებს სულ ახლახან, ჭიათურის რაიონში გაკეთებული აღმოჩენა თანამედროვე საზოგადოების უკეთ წვდომაში, ის კი უდავოა, რომ ზედა პალეოლითის ხანაზე მათს ცოდნას ეს აღმოჩენა ახალი და, როგორც თავად მეცნიერები ამბობენ, მნიშვნელოვანი ინფორმაციით შეავსებს. დავით კაკაბაძე დაინტერესდა, რით არის ეს აღმოჩენა ასე მნიშვნელოვანი.

იხ. აუდიოვერსია

ჭიათურის რაიონში გაკეთებული არქეოლოგიური აღმოჩენის მნიშვნელობის შესახებ მასალა დავით კაკაბაძემ მოამზადა.


გარდაიცვალა ჩესლავ მილოში

[მუსიკა. მილოშის ხმა]

ბიძინა რამიშვილი:
იგი იყო მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოლონელი პოეტი და კომუნისტური რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობის სიმბოლო: ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა ჩესლავ მილოშმა, რომელიც ამ დღეებში გარდაიცვალა 93 წლის ასაკში, თავისი ხანგრძლივი ცხოვრების გზის დიდი ნაწილი ემიგრაციაში გაატარა. "პოეზიის პილიგრიმს" - ასე უწოდა მას ერთმა კრიტიკოსმა - ნამდვილი პოპულარობა არასოდეს ღირსებია. ლიტვაში დაბადებულმა მილოშმა მხოლოდ პოლიტიკური კატაკლიზმების შემდეგ შეძლო სამშობლოში დაბრუნება.

1980 წელს, ნობელის პრემიის მინიჭების საზეიმო ცერემონიაზე წარმოთქმულ სიტყვაში მილოშმა თავი "სხვა ევროპას" მიაკუთვნა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის უკვე 20 წელზე მეტი ხნის მანძილზე ასწავლიდა ბერკლის უნივერსიტეტში, შინაგანად მაინც იმ სამყაროსთან იყო დაკავშირებული, რომელიც რკინის ფარდის მიღმა დარჩა.

ერთ დროს ავანგარდისტი პოეტი ჩესლავ მილოში, რომელიც მრავალეთნიკურ ვილნიუსში აღიზარდა, პოლონელების, ებრაელებისა და ლიტველების გარემოში, ნაცისტების ოკუპაცია და სტალინისტური რეჟიმი გამოსცადა, ოპოზიციის მორალურ ლიდერად იქცა.

მილოშმა, რომელიც დიპლომატის ამპლუაში წარმოადგენდა პოლონეთს შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში, კომუნიზმს ზურგი 1953 წელს შეაქცია. იგი უკვე პარიზში ცხოვრობდა ემიგრაციაში, როცა გამოვიდა მისი წიგნი "დამონებული აზროვნება" - კომუნისტური სისტემისა და იმ ინტელექტუალების ანალიზი, რომლებიც მასთან თანამშრომლობენ. პოეტის სამშობლოში წიგნი ათწლეულების მანძილზე იყო აკრძალული, ან კონტრაბანდით შედიოდა პოლონეთში ან კონსპირაციულად გამოიცემოდა და ცენტრალურ ევროპაში ოპოზიციური მოძრაობების ბიბლიად ითვლებოდა.

კომუნიზმის პერიოდის ცენზური მიუხედავად ჩესლავ მილოში თავის სამშობლოში ერთ-ერთ უდიდეს პოეტად მიიჩნეოდა. "შენ, ვინც უბრალო ადამიანებს უსამართლოდ / მოეპყარ და თანაც ქირქილებ, / (...) ნუ ხარ გულმშვიდად. პოეტი ყველაფერს ხედავს. / და თუ მას მოკლავ, ვინმე სხვა მოვა სანაცვლოდ მისა." ეს სიტყვები 1980 წლიდან ამშვენებს გდანსკის გემშემკეთებელი ქარხნის მუშების მემორიალს. პროფკავშირელებმა მაშინ მილოშის ლექსი აირჩიეს თავიანთი დაღუპული კოლეგების პატივსაცემად.

მწერალს, რომელიც ცენტრალური ევროპის გარდასულ სამყაროს აცოცხლებდა ისეთ ნაწარმოებებში, როგორიცაა, მაგალითად, "ისას ველი" ან "ვილნიუსის ქუჩები", აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიული ცვლილებების შემდეგაც მკაფიო პოზიცია ეკავა. იგი პოლონეთსა და ლიტვას ძველი ანგარიშების დავიწყებისკენ მოუწოდებდა.

მილოშმა ჯერ კიდევ 30-იან წლებში მიიქცია ყურადღება, როგორც ვილნიუსელმა ავანგარდისტმა პოეტმა. ომის დასრულების შემდეგ მილოში დიპლომატიურ სამსახურში იყო და 1946-დან 1951 წლამდე ვაშინგტონსა და პარიზში მუშაობდა. სტალინური რეპრესიების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად პოეტმა პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა საფრანგეთში. 1960 წლიდან მოყოლებული იგი სლავური ენებისა და ლიტერატური პროფესორი იყო ბერკლიში, კალიფორნიის უნივერსიტეტში. 1980 წლამდე მისი არცერთი წიგნი არ გამოცემულა პოლონეთში ოფიციალურად. პირველად ეს შესაძლებელი გახდა გდანსკში დაწყებული დემოკრატიული რეფორმების შემდეგ.

ამ დღეებში ჩესლავ მილოშს პოეზიის მოყვარულები მთელს მსოფლიში ემშვიდობებოდნენ. "იგი განეკუთვნებოდა იმ არაჩვეულებრივ ხელოვანთა რიცხვს, რომელთაც სინამდვილე შეცვალესო", თქვა გამოჩენილმა პოლონელმა კინორეჟისორმა ანჯეი ვაიდამ.

[მილოშის ხმა]


ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. მომავალ პარასკევამდე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG