Accessibility links

logo-print

სამხრეთ საქართველოს 2 საბაჟო გამშვები პუნქტის, ნინოწმინდისა და ვალეს


სამხრეთ საქართველოს 2 საბაჟო გამშვები პუნქტის, ნინოწმინდისა და ვალეს, სათავო ოფისი ამიერიდან ბორჯომში იქნება. საბაჟო დეპარტამენტის ამ გადაწყვეტილებამ

გამშვებ პუნქტებში გამოიწვია რეორგანიზაცია, რომელიც ნინოწმინდის საბაჟოს ყოფილმა თანამშრომლებმა თავისებურად გაიგეს და განაცხადეს, რომ სამსახურიდან მათი გათავისუფლება ეროვნული ნიშნით მოხდა, რასაც კატეგორიულად უარყოფს თავად ნინოწმინდის საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი ტიგრან ჩოლახიანი. ყოფილი თანამშრომლების გარდა, მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა ადგილობრივი სახელისუფლებო ბლოკი და მესამე სექტორი. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირი” ამის გამო ხელმოწერებსაც აგროვებს და ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას გეგმავს. მოგითხრობთ სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე პროცესების შესახებ.

საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური საბაჟოს სათავო ოფისი ამიერიდან ბორჯომის რაიონში, კერძოდ, ჩითახევის ტერიტორიაზე განთავსდება. სამხრეთ საქართველოს ამ ნაწილში, ვალესა და ნინოწმინდაში, 2 საბაჟო გამშვები პუნქტია, რომელიც საქართველოს თურქეთთან და სომხეთთან აკავშირებს. დეპარტამენტის ამ გადაწყვეტილებას სამსახურებში რეორგანიზაცია მოჰყვა. გათავისუფლებულმა სომეხმა თანამშრომლებმა ეს ფაქტი თავისებურად გაიგეს. ნინოწმინდის საბაჟოს ინსპექტორი ომარ საქიძე ყოფილი თანამშრომლების განაწყენებას ასე ხსნის:

[ომარ საქიძის ხმა] ,, 5 თანამშრომელი გათავისუფლდა ჩვენი ნინოწმინდის საგუშაგოდან და, ალბათ, მაგის გამო ავრცელებენ ასეთ ინფორმაციას.
---და რატომ გათავისუფლდა?
----რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. თვითონ ეს ადგილობრივი მოსახლეობა, თანამშრომლები რომ გათავისუფლდნენ, ისინი ავრცელებენ. აი, სომეხი რომ ვარ იმიტომ გამათავისუფლესო. ძირითადი ის მაგისგან არის გამოწვეული.”(სტილი დაცულია)

საბაჟო დეპარტამენტის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა როგორც ადგილობრივი ხელისუფლებისათვის, აგრეთვე მესამე სექტორისთვისაც. იმ მეწარმეების ტვირთის განბაჟება, რომელთა მიერ შემოტანილი პროდუქცია 700 ლარს აღემატება, უკვე ბორჯომის ტერმინალში მოხდება. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირის” თავმჯდომარე გია მესხელი მიღებული გადაწყვეტილების ნეგატიურ მხარეებზე საუბრობს და საპროტესტო აქციებსაც არ გამორიცხავს:

[გია მესხელის ხმა] ,,ამჟამად მათ უკვე მოუხდებათ წასვლა ბორჯომში და მერე ისევ უკან ამოსვლა ახალციხეში და თავისი გზის ასე გაგრძელება. ნამდვილად აპირებენ და ფაქტიურად ჩვენ გველოდებიან, რომ ეს ხელმოწერები საბოლოოდ შევაგროვოთ და ისინიც, ვთქვათ, თუ ერთიანად მოვახერხეთ და აქცია ჩავატარეთ, ისინი აუცილებლად მხარში ამოგვიდგებიან. ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ეს არის რაღაც კორუფციული მომენტი.”(სტილი დაცულია)

მიუხედავად ამ განცხადებებისა, ნინოწმინდის საბაჟოს უფროსი ტიგრან ჩოლახიანი ირწმუნება, რომ ჯავახეთში, ამ მხრივ, ვითარება მშვიდია.

[ტიგრან ჩოლახიანის ხმა] ,,არანაირი აქციები არ არის, არანაირი საპროტესტო გამოსვლები არ იქნება. ჩვენთან ყველაფერი სტაბილურად და ნორმალურად მიმდინარეობს. მე ვიცი, რომ ამჟამად იქ მუშაობენ 50/50-ზე. ნახევარი ქართველი და ნახევარი სომეხი ეროვნების.”

საბაჟო დეპარტამენტის ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა ადგილობრივი სახელისუფლებო ბლოკი. ,,ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების” ახალციხის კოორდინატორი გოჩა კურტანიძე რაიონის მწირ შემოსავლებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საბაჟოს გადატანა მათგან ფარულად მოხდა.

[გოჩა კურტანიძის ხმა] ,,არასწორი ნაბიჯებია გადადგმული, ვინაიდან ბორჯომში უკვე არსებობს საბაჟო ტერმინალი. ზედმეტი გზა უნდა გაიაროს ამ მოსახლეობამ. ბორჯომს აქვს 7 მლნ ლარი ადგილობრივი შემოსავალი და ახალციხეს - მილიონი და, უბრალოდ, არ შეიძლებოდა ისედაც, რომ არ ყოფილიყო ახალციხეში და ყოფილიყო ბორჯომში. ძალიან ფარულად მოხდა ეს.”

სამხრეთის რეგიონალური საბაჟოს ხელმძღვანელის ნიკა ქიზიყურაშვილის განცხადებით, ბორჯომში ტერმინალის შექმნა სათავო ოფისის უქონლობამ განაპირობა. მისივე თქმით, ნინოწმინდის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არ ფუნქციონირებდა გაფორმების განყოფილება. სომხეთიდან გადმოსული ტვირთის აღრიცხვა კი ვალეში ხდებოდა.

[ნიკა ქიზიყურაშვილის ხმა] ,,რა შუაში არის ერთი გამშვები პუნქტი და მეორე გამშვები პუნქტი განბაჟებისთვის. ეს არსად არ ხდებოდა. შეირჩა ყველაზე ოპტიმალური ადგილი - ეს იყო ჩითახევი, იმიტომ რომ ზედ გზაზე არის, პირველ რიგში, ეს ტერმინალი. ნინოწმინდაში არასდროს არ ხდებოდა გაფორმება ტვირთის. პრობლემა იყო ის, რომ სახელი ჰქონდა, იურიდიულად არსებობდა და პრაქტიკულად არ არსებობდა რეგიონალური საბაჟო.”

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირი” ხელმოწერებთან ერთად ფინანსთა სამინისტროში ოფიციალური წერილის გაგზავნას ერთი კვირის შემდეგ აპირებს და მინისტრთან ან მის მოადგილესთან შეხვედრას გეგმავს. უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში კი, სექტემბრის დასაწყისში საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრება.
XS
SM
MD
LG