Accessibility links

logo-print

როგორ დასრულდა კონფლიქტი თბილისის მერიასა და სასტუმრო “ივერიის” მობინადრეთა შორის


თქვენთვის ცნობილია, თუ რა კონფლიქტი წარმოშვა სასტუმრო ”ივერიაში” კომპაქტურად განსახლებულ აფხაზეთიდან დევნილთა სასტუმროდან გამოსახლების ინიციატივამ.

შეგახსენებთ, რომ “ივერიის” მობინადრეთა დიდი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა 7 ათასი ამერიკული დოლარის კომპენსაციის სანაცვლოდ სასტუმროს დატოვება. თუმცა, თბილისის მერიის მხრიდან გადადგმული არცთუ პოპულარული ნაბიჯების შემდეგ, დევნილთა უმრავლესობამ კომპენსაციის აღებაზე თანხმობა განაცხადა, აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებსაც, სურვილის მიუხედავად, კომპენსაცია არ ერგოთ. მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ რა შედეგებით დასრულდა “ივერიასთან” დაკავშირებით წარმოქმნილი დაპირისპირება.

თბილისის მუნიციპალიტეტის პრემიერი და დედაქალაქის სხვა მაღალჩინოსნები სასტუმრო “ივერიაში” კომპაქტურად განსახლებულ დევნილებს ხან საკომპენსაციო თანხის განახევრებით და ხანაც, საერთოდ, თანხისა და თავშესაფრის გარეშე დარჩენით ემუქრებოდნენ. ახლაც სასტუმრო “ივერიას”, სადაც ჯერ კიდევ ცხოვრობენ აფხაზეთიდან დევნილები, არ მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი და გათიშულია ტელეფონები. ამ საკმაოდ მკაცრმა ზეწოლამ შედეგი გამოიღო და სასტუმრო “ივერიის” 327 ოთახის მფლობელებთან 7000 დოლარის კომპენსაციის თაობაზე ხელშეკრულებები გაფორმდა.

[ბიძინა ბრეგაძის ხმა] ”სულ 327 ხელშეკრულება არის გაფორმებული და მინდა მთელ მოსახლეობას მივულოცო ეს წარმატება. რაც შეეხება მეორე ეტაპს, თანხის გაცემას, ეს ეტაპი დაიწყება ორშაბათიდან, 23 აგვისტოდან...”

თბილისის ახალგაზრდა პრემიერს ბიძინა ბრეგაძეს საქმე, მართლაც, მოსალოცად აქვს. მან დევნილთა ისეთი წინააღმდეგობის დაძლევა შეძლო, რომელიც კონფლიქტის საწყის ეტაპზე გადაულახავ ბარიერს ჰგავდა. დედაქალაქის მთავრობის ამ ნაძალადევი წარმატებით დევნილთა შორის ჯერჯერობით მხოლოდ ერთეულები არიან კმაყოფილნი - ისინი, რომლებმაც კომპენსაციის მიღებასთან ერთად საცხოვრებელი ბინის შეძენაც შეძლეს. კვლავ უკმაყოფილებას გამოთქვამენ ის დევნილები, რომლებისგანაც სასტუმრო “ივერიის” ნომრების დაცლას 1 კვირის მანძილზე მოითხოვენ.

[ისმის უკმაყოფილო დევნილების ხმა] ”გვაცადონ სექტემბრის ბოლომდე, რაღაცა იქნება ვიშოვოთ.

80 წლის ქალი ვარ მე, ინვალიდი, პენსიონერი, რა ვქნა, სად წავიდე?”

უკმაყოფილონი არიან ისინიც, ვინც ვერ აიძულეს საკომპენსაციო ხელშეკრულებისთვის ხელი მოეწერათ.

[ისმის უკმაყოფილო დევნილების ხმა] ”მთელი მეზობლობა დამემოწმება, მთელი “ივერია” დამემოწმება, რომ ჩემი შვილი ცხოვრობს “ივერიაში”, “ივერიიდან” 1 დღეც არ გასულა.”

თუ ეს ქალბატონი იმის გამოა გაცხარებული, რომ მის შვილს კომპენსაცია არ ერგო, არიან ისეთებიც, რომლებიც პროტესტს კომპენსაციის არათანაბრად განაწილების გამო გამოთქვამენ. მაგალითად, ეგრეთ წოდებული ლუქსის მფლობელ ოჯახებს 14 ათასი დოლარი გადაეცათ. ერთ ჩვეულებრივ ნომერში შეხიზნულ, მაგალითად, 8 ადამიანს კი მხოლოდ 7000 დოლარი ერგო წილად. დაპირისპირება წარმოშვა თავად ოთახის ბინადართა შორის თანხის განაწილების საკითხმაც. დევნილთა შორის არასასიამოვნო დაპირისპირებას ლტოლვილთა მინისტრი ეთერ ასტემიროვაც არ მალავს:

[ეთერ ასტემიროვას ხმა] ”ჩემთან რამდენიმე დევნილი მოვიდა იმის გამო, რომ მათი ოთახები სხვებს ჰქონდათ დაკავებული. მათზე გაცემული იყო ორდერებიც, მაგრამ ისინი ოთახში არ შეუშვეს და ამიტომ ეს ხალხი დარჩა ანაზღაურების გარეშე, იმიტომ რომ არ ცხოვრობდნენ იქ წლების მანძილზე.”

მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ივერიელი დევნილების წინაშე თბილისის მთავრობას პირნათლად მიიჩნევს და არც იმ დევნილების პრეტენზიებს იზიარებს, რომლებმაც კომპენსაცია მიიღეს. მათი ნაწილი იმითაც არის უკმაყოფილო, რომ “ივერიის” დატოვების შემდეგ ელექტროენერგიისა და წყლის შეღავათები გაუქმდება.

[დევნილის ხმა] ”მეორედ გადაგვასახლეს. უარესი იყო ეს. პირველად მტერი მაინც მოგვზდევდა, შიში გვქონდა და... ახლა თითქოს ეს დაწყობილი ხალხი და... მერე შუქზე ვინ მოგცემს ფულს, წყალზე ვინ მოგცემს ფულს, მიმოსვლა, ტროლეიბუსი... აქ თითქმის უფასო იყო შუქი და წყალი - 3 ლარს ვიხდიდით მთლიანად.”(სტილი დაცულია)

აფხაზეთიდან დევნილი ამ ბატონის პრეტენზიებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს ეთერ ასტემიროვა, რომელიც ამბობს, რომ ივერიელი დევნილები ყველაზე მოგებულები დარჩნენ. მისი თქმით, მრავლად არიან ისეთი დევნილები, რომელთა კომპაქტურად განსახლება წლების მანძილზე ვერ ხერხდება და რომლებიც იძულებულები არიან კომუნალურ გადასახადებთან ერთად საცხოვრებელი ფართობის იჯარის საფასურიც იხადონ.
XS
SM
MD
LG