Accessibility links

გამარჯობა! ჩვენი პროგრამის პირველ ნაწილში იმ ბავშვებზე მოგითხრობთ


ეკა წამალაშვილი, დავით პაიჭაძე, თბილისი გამარჯობა! ჩვენი პროგრამის პირველ ნაწილში იმ ბავშვებზე მოგითხრობთ,

რომლებიც ცხინვალის რეგიონს გაარიდეს. მათი დასვენება და შენახვა სახელმწიფომ და ზოგიერთმა ქართულმა ბიზნესკომპანიამ იტვირთა. ხელისუფლების დაპირების თანახმად, სწავლის დაწყებისთვის ისინი მშობლიურ ადგილებს უნდა დაუბრუნდნენ, მაგრამ დღეს ამაში დარწმუნებული არავინ არის. ეკა წამალაშვილი უფრო ახლოს გაგაცნობთ ბავშვებსა და მათ დღევანდელ მეურვეებს.

ეკა წამალაშვილი:

ცხინვალის რეგიონში ცეცხლი შეწყვეტილია, თუმცა მშვიდობას, რომელმაც კონფლიქტის ზონაში ეს 2 დღეა დაისადგურა, მშვიდობა მაინც არ ეთქმის. ქართულ-ოსური კონფქლიტის ზონა ბავშვებისგან დაცლილია. ცხინვალის რეგიონში გაჩაღებულ ბრძოლებს ისინი საქართველოს სხვადასხვა კურორტზე ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე განარიდეს. ბავშვებმა იციან, რომ საკუთარ სოფლებში იმ შემთხვევაში დაბრუნდებიან, თუ იქ შენარჩუნებული იქნება მშვიდობა. მათ კვებაზე, მათ მოვლაზე შეფობა სხვადასხვა ქართულმა კომპანიებმა აიღეს. მოკლედ, აჭარაში ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ოსი ბავშვების დასვენების შემდეგ, რაც კონფლიქტის ზონაში ცეცხლის განახლებამდე საქართველოს პრეზიდენტის უშუალო ინიციატივით მოხდა, დღეს საქართველოს კურორტებზე ცხინვალის რეგიონის ქართული სოფლებიდან სროლას და დაბომბვას გამორიდებული ბავშვები ისვენებენ. კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ბევრმა მათგანმა არ იცის, როდის დაბრუნდება სახლში ან რა მდგომარეობა დახვდება საკუთარ სოფელში. შეკითხვას, როდის უნდა დაბრუნდნენ შინ, ისინი ასე უპასუხებენ:

[ ლანას ხმა] “არ ვიცი. მე მგონია, სახლში როცა დავბრუნდები, ყევლაფერი კარგად დამხვდება. მაგის იმედი მაქვს. “

[ქეთის ხმა] “თუ ასე გაგრძელდება და იქნება სტაბილურობა, მაშინ დავბრუნდებით. მე ვარ სოფელ ერედვიდან. იქ ძალიან დიდი სროლები იყო და იმიტომ გამოვედით იქიდან. ჩემი სოფლიდან გამოვიდნენ ბავშვებიც და მშობლებიც. “

ეს გოგონები ცხინვალის რეგიონის ქართული სოფლებიდან წაყვანილ სხვა, 90-მდე, ბავშვთან ერთად ზაფხულს ბორჯომის რაიონის კურორტ კეჩხობში ატარებენ. იქ მათ დასვენებაზე შეფობა “საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიამ” აიღო. ამ კომპანიის თანამშრომლებმა პარასკევს ერედველ, თამარაშენელ თუ ერგნეთელ ბავშვებს კეჩხობში საჩუქრებიც ჩაუტანეს და ბორჯომის ხეობაში პატარა ექსკურსიაც მოუწყვეს.

[ლევან ბაღდავაძის ხმა] “თითოეული ლოცულობდა უკან დაბრუნებაზე იმ ტაძარში, სადაც წავიყვანეთ.“

გვითხრა “საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიის” წარმომადგენელმა ლევან ბაღდავაძემ. ამ კომპანიის წარმომადგენლები კეჩხობის სანატორიუმებში განთავსებულ ბავშვებს, რომლებიც ისვენებენ და თან საკუთარ სახლებში დაბრუნებისთვის ლოცულობენ, საჩუქრებს კიდევ რამდენჯერმე ჩაუტანენ.

[თათიას ხმა] “სროლები იყო ძალიან და წამოგვიყავნეს, დაცალეს მოსახლეობისგან. ძალიან შემეშინდა. ბებია წამომყვა. ერგნეთში დედიკო და მამიკო დავტოვე. მეც ვურეკავ და ისინიც მირეკავენ, სროლებიაო ისევ, ამბობენ.. “


12 წლის თათიას კეჩხობში ბებია ახლავს. საკუთარი სოფელი მან მაშინ დატოვა, როცა იქ საშინელი ორმხრივი სროლა მიმდინარეობდა. თათია დღემდე ვერ იჯერებს, რომ მის სოფელში სროლა შეწყდა. ის ჯერ პატარაა და კარგად ვერ ერკვევა იმაში, რატომ ესროდნენ ერთმანეთს ქართველები და ოსები. თათიას მშობლები, სახლი ენატრება და ერთადერთი რამ უნდა - მშვიდობა. მასზე და მის თანატოლებზე კეჩხობის სანატორიუმის თანამშრომლები საკუთარი შვილებივით ზრუნავენ. ბავშვებს ჩვენ ტელეფონით სწორედ ერთ-ერთი მათგანის, ომარ გელაშვილის, დახმარებით გავესაუბრეთ.

[ომარ გელაშვილის ხმა] “შვილებივით მყავს ეს ბავშვები. თავიდან სულ ყველას სახეზე ეტყობოდა დაღვრემილობა, გულისტკივილი. 3-4 დღე რომ გავიდა, მომჯობინდნენ და ნამდვილი დამსვენებლები გახდნენ. აი, თამარაშენელ ბიჭს დაგალაპარაკებთ.”

[ თამარაშენელი შალვა ხუციშვილის ხმა] “მე ვარ შალვა, 12 წლის, სოფელ თამარაშენში ვცხოვრობ. არ ვიცი, რომ ჩავალ უკან, რა სიტუაცია დამხვდება. არც ის ვიცი ზუსტად, რატომ ომობენ ქართველები და ოსები. ეს ვიცი, რომ ცხინვალი ჩვენი ტერიტორიაა და მისი დაბრუნება უნდათ. “

კონფლიქტის ზონაში ჯერჯერობით მშვიდობაა. ამ ზონის მკვიდრი ქართველი ბავშვები საკუთარ სოფლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის უნდა დაბრუნდნენ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მშვიდობა შენარჩუნებული იქნება. მანამდე კი იქ, სადაც სროლა შეწყდა, მშვიდობას ქართული სამშვიდობო ბატალიონის ჯარისკაცები იცავენ და სახლში დაბრუნებაზე ისინიც ოცნებობენ.

[ერთ-ერთი ჯარისკაცის ხმა] “არ იციან ჩვენმა მშობლებმა, სად ვართ, როგორ ვართ. მოვიკითხავთ მათ და ვპირდებით, რომ მალე დავბრუნდებით. გაუმარჯოს საქართველოს!“

დავით პაიჭაძე:

ეკა წამალაშვილის სიუჟეტი დასრულდა იმ ქართველი ჯარისკაცის ხმით, რომელიც მშობლებს არ ატყობინებს თავის ადგილსამყოფელს. გადაცემის მეორე ნაწილში კი შევხვდებით ადამიანს, რომლის მოვალეობაც საზოგადოების ხშირი ინფორმირებაა. ეს არის პოეტი რატი ამაღლობელი - მან ცოტა ხნის წინ განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად დაიწყო მუშაობა. ამიერიდან რატის ძალიან ხშირად მოუწევს ლაპარაკი რეფორმაზე, რომელიც ყველას აინტერესებს, რადგან განათლებას, მისი თქმით, ნებისმიერი ადამიანი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ეხება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG