Accessibility links

logo-print

ძალისმიერი პოლიტიკის ლოგიკური შედეგი


საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, საერთაშორისო თანადგომით შეაჩეროს სისხლისღვრა სამხრეთ ოსეთში. თუმცა აფხაზეთის ომის გამოცდილება მიგვანიშნებს,

რომ ძალისმიერ ფაზაში შესული კონფლიქტი საერთაშორისო თანამეგობრობის გავლენას ძნელად თუ დაექვემდებარება. არის თუ არა სამხრეთ ოსეთში განვითარებული პროცესი შემთხვევითი? თუ ის მხოლოდ მორიგი რგოლია სახელმწიფო პოლიტიკის ერთიან ჯაჭვში?

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ხშირად ამბობენ, რომ ახალგაზრდა პრეზიდენტი მშვიდ ცხოვრებას არ დაგვპირებია; რომ ძალისმიერი პოლიტიკა, რომელსაც ახალი ხელისუფლება ატარებს, უალტერნატივოა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად.

მაინც, როგორია ეს პოლიტიკა, რომელიც, ოფიციალური განმარტებით, “ძლიერ პრეზიდენტს” და “ქმედით ხელისუფლებას” ეფუძნება? აშკარაა, რომ ეს არის პოლიტიკა, რომელიც იგეგმება დახურულ კაბინეტებში, ხორციელდება ავტორიტარული მეთოდებით და გამორიცხავს საზოგადოების მონაწილეობას. ორი სიტყვით თუ დავახასიათებთ, ეს არის ძალისმიერი და ჩრდილოვანი პოლიტიკა.

საზოგადოებრივი თუ ექსპერტული აზრის იგნორირების ტენდენციამ თავი პირველად მაშინ იჩინა, როდესაც ხელისუფლებამ “კავალერისტული” მეთოდით შეცვალა კონსტიტუცია: გაზარდა პრეზიდენტის ძალაუფლება, საგრძნობლად დაასუსტა პარლამენტი და მთავრობაც ორმხრივად მოწყლვადი გახადა. რაგინდ სასარგებლო ყოფილიყო საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნისთვის, რაგინდ შესაბამისი ყოფილიყო ახალ რეალობასთან, - კონსტიტუციის შეცვლა ძველ პარლამენტზე დაყრდნობით ბუნებრივად აღძრავდა უნდობლობას ახალი სახელისუფლო პოლიტიკის მიმართ.

შემდეგ დაიწყო ამ პოლიტიკის მეორე ტალღა: დაპატიმრება-გათავისუფლებათა სერია. ესეც ძალისმიერი და ჩრდილოვანი პროცესი აღმოჩნდა, რომელიც, ექსპერტების განმარტებით, სამართლებრივ ჩარჩოში ვერ მოთავსდა. საქართველოში არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას მისცემდა, დაეპატიმრებინა კორუმპირებული ჩინოვნიკი, მიეღო მისგან უკანონოდ მითვისებული თანხა და საქმე დაეხურა. სამაგიეროდ, ხელისუფლების მიერ ჩამორთმეულ მილიონებს ხალხმა თავიდანვე დაარქვა “ტანკების ფული”. არცთუ შემთხვევით: თავად პრეზიდენტი აცხადებდა, რომ სოციალური პრობლემების მოგვარება მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება. განსაკუთრებული აქცენტი შეირაღებაზე ბუნებრივად იწვევდა გაუმჭვირვალობას როგორც უკანონო თანხის ჩამორთმევაში, ისე მის ხარჯვაში. სხვათა შორის, შევარდნაძის ჩინოვნიკების ფულით ნაყიდი ტანკები სწორედ ის ტანკებია, რომლებიც ახლა ცხინვალის რეგიონში იბრძვიან და რომელთა შესაჩერებლად პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებას ითხოვს.

ახალი სახელისუფლო პოლიტიკის მესამე მიმართულება რეფორმებია. ეს მიმართულება ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, რადგან ჯერჯერობით რეფორმების მთავარი შინაარსი ხალხის სამსახურიდან დათხოვნაა. ამ პროცესს ახასიათებს, ისევ და ისევ, ძალისმიერი გადაწყვეტა და გაუმჭვირვალობა. სამსახურების უმრავლესობაში თანამშრომელთა შემცირება მოხდა ობიექტური კრიტერიუმების გარეშე, ერთი ხელის დაკვრით. შედეგად, უსახსროდ დარჩენილი ადამიანები უსამართლობის განცდით აგრძელებენ ცხოვრებას. ცხადია, შესაძლებელი იყო კრიტერიუმების შემუშავება და მათი დაცვა იმისათვის, რომ საკადრო რეფორმები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო, მაგრამ რევოლუციურ ხელისუფლებას სიფრთხილისთვის და სამართლიანობისთვის არ ეცალა.

ახალი პოლიტიკის შემდეგი გამოხატულება იყო უმაღლესი საბჭოს არჩევნები აჭარაში. ამ არჩევნებმა დაადასტურა, რომ ერთპარტიულობა სახელისუფლო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია და რომ ნაციონალური მოძრაობა არ დაუშვებს სხვა პარტიის გაძლიერებას არათუ მთელი ქვეყნის მასშტაბით, არამედ, თუნდაც, ერთ რომელიმე რეგიონში.

ბოლო მიმართულება, რომელზე საუბარსაც გვერდს ვერ ავუვლით, მედიის მიმართ განხორციელებული პოლიტიკაა. მედიაპოლიტიკაც ზემოთ მოხმობილი ორი სიტყვით ხასიათდება: “ძალისმიერი” და “ჩრდილოვანი”. იმის გამო, რომ ქართული მედიასაშუალებების მფლობელებს აქვთ სხვა, გაცილებით ძლიერი, ბიზნესი, ვიდრე გაზეთი ან ტელევიზიაა, ისინი ხელისუფლების “ხაფანგში” აღმოჩნდნენ. შესაბამისად, ყოველგვარი ხმაურისა და ღია ძალადობის გარეშე, მედია გახდა უაღრესად ლოიალური პრეზიდენტისა და მთავრობის მიმართ - შესაბამისად, გახდა უღიმღამო და უინტერესო.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ თავდაჯერებული და საკუთარი ძალების რწმენით აღსავსე ხელისუფლება ატარებს პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს სწრაფი და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღებას საჯარო განხილვის, მსჯელობის, ექსპერტული აზრის გათვალისწინების გარეშე; ატარებს ძალისმიერ და გაუმჭვირვალე პოლიტიკას, რომელიც ახალისებს ხოტბას და ახშობს კრიტიკას. სწორედ ამ “რევოლუციურ-კავალერისტული” პოლიტიკის ერთ-ერთი გამოვლინება და ლოგიკური შედეგია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის გადაზრდა ძალისმიერ, სისხლიან დაპირისპირებაში.

დღეს ხელისუფლება ამბობს, რომ “ამჟამინდელი ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება”. საინტერესოა, რა იგულისხმება ამ ფრაზაში სამომავლოდ: კიდევ მეტი ძალის გამოყენება თუ, მაინც, მეტი დემოკრატია?
XS
SM
MD
LG