Accessibility links

logo-print

ქართველ სამღვდელო პირთა პროტესტი


დავით პაიჭაძე, თბილისი ორშაბათს, 23 აგვისტოს, ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე პროცესებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო პირებიც გამოეხმაურნენ.

ოღონდ ეს არ ყოფილა საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია ან მისი სახელით გავრცელებული განცხადება. მართლმადიდებელი ეკლესიის სამი ეპისკოპოსი და 20 მღვდელი პირველად შეიკრიბა საჯაროდ, რათა გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება სამხრეთ ოსეთში რუსეთის როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ისე მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედებისადმი.

[მიტროპოლიტ აბრაამ გარმელიას ხმა] “ჩვენ ვართ წინააღმდეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც საქართველოს მიმართ ახორციელებს რუსეთის ხელისუფლება და რუსეთის ეკლესია. ჩვენი პოზიციის გამზიარებელთა რიცხვი ამ დარბაზში შეკრებილთა რიცხვს აღემატება. ჩვენ არ დაგვისახავს მიზნად, რომ ყველა ჩვენი მომხრე დარბაზში მოგვეყვანა.”

ეს განაცხადა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა, რომელიც ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოს გრიგოლთან და დმანელ ეპისკოპოს ზენონთან ერთად ხელს აწერს მიმართვას ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიების, მსოფლიოს რელიგიური ლიდერებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისადმი. მიტროპოლიტი აბრაამი ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ლაპარაკობდა. შეკრებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოცამდე სასულიერო პირი ესწრებოდა.

რუსეთის პოლიტიკა სამხრეთ ოსეთთან მიმართებით, ასე თუ ისე, გასაგები და ცნობილია საქართველოს მოქალაქეთათვის. ერისა და ბერის თვალსაზრისები აქ თითქმის ემთხვევა ერთმანეთს:

[მიტროპოლიტ აბრაამის ხმა] “რუსეთის დაქირავებული ბოევიკებისა და რუსეთის მიერ წაქეზებული სეპარატისტების მხრიდან ადგილი აქვს ჩვენი სოფლების დაბომბვას, იღვრება უდანაშაულო ადამიანების სისხლი, აშკარად გამოიკვეთა დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში სეპარატისტების მიერ ეთნიკური წმენდის განხორციელების საშიშროება. ჩვენი თანამოქალაქეები ისევ ლტოლვილები არიან საკუთარ ქვეყანაში და ჩვენი სახელმწიფო ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დადგა.”

რაც შეეხება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, ქართველ ეპისკოპოსთა განცხადებით, ისიც ჩართულია საქართველოს წინააღმდეგ რუსულ იმპერიალისტურ აგრესიაში. მიტროპოლიტ აბრაამის თქმით, რუსეთის ეკლესიამ ცხინვალის რეგიონში მიავლინა სამღვდელოება, რომელმაც

[მიტროპოლიტ აბრაამის ხმა] “უკანონოდ დაიპყრო სეპარატისტული ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული ტაძრები, რის გამოც ადგილობრივ მღვდელმთავარსა და სამღვდელოებას არ ეძლევა შესაძლებლობა, განახორციელოს საეკლესიო მსახურება. ცხინვალის რეგიონში შემოჭრილი რუსეთის ეკლესიის სამღვდელოება და კოკოითის დე ფაქტო ხელისუფლება ეწევიან მართლმადიდებელი ეკლესიის პოლიტიკურ მანიპულაციას, რაც გამოიხატება მართლმადიდებლობის ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის რუსეთის ეკლესიისათვის შეერთების მცდელობებში. რუსეთი ცდილობს საქართველოსათვის ცხინვალის რეგიონის არა მხოლოდ ტერიტორიულ, არამედ ეკლესიურ ჩამოშორებასაც.”

მიტროპილიტ აბრაამის თქმით, რუსეთის ეკლესიის ასეთი მოქმედება სამოციქულო ტრადიციასა და საეკლესიო კანონებს ეწინააღმდეგება.

რით შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამი ეპისკოპოსისა და მათი თანამგრძნობი სასულიერო პირების ერთობლივი გამოსვლა რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ? მოგეხსენებათ, საქართველოს ეკლესიის სამღვდელოების გარკვეულ ნაწილს სამოქალაქო სექტორისა და თავად ეკლესიის ცალკეული წარმომადგენლები რუსული გავლენის აგენტად მიიჩნევს. ე.წ. ფანატიკოსთა საქმიანობის შინაარსად საქართველოში სწორედ რუსეთის ეკლესიის გავლენის გავრცელებას მიიჩნევენ. 23 აგვისტო იყო პირველი დღე, როცა საქართველოში ამ მიმართულების საპირისპირო ტენდენციის გამომხატველი სამღვდელოება შეიკრიბა. და ამ შეკრებით მიანიშნა, რომ რუსული გავლენის წინააღმდეგობა საქართველოს ეკლესიაში თითო-ოროლა მღვდლის ამარა არ არის დარჩენილი.
XS
SM
MD
LG