Accessibility links

ქვემო ქართლში მცირე მასშტაბის კონფლიქტების რიცხვი იზრდება


ქვემო ქართლის მხარე, ეთნიკური სიჭრელის გამო, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონად ითვლება. მხარის ტერიტორიაზე მომხდარი უმარტივესი

საყოფაცხოვრებო კონფლიქტიც კი ხშირ შემთხვევაში მასშტაბურ ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიზრდება ხოლმე. ამგვარი სავალალო შემთხვევებით სავსეა საქართველოს უახლოესი ისტორია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ალბათ, გახსოვთ რამდენიმე თვის წინ წალკის რაიონში მომხდარი მასშტაბური დაპირისპირების დეტალები, როცა რაიონის სომხურ და ქართულ მოსახლეობას შორის ჩხუბი - არც მეტი, არც ნაკლები - ბავშვებს შორის გამართული საფეხბურთო მატჩის გამო დაიწყო. მაშინ წალკაში მცხოვრები ეთნიკური სომხებისა და ქართველების დასაშოშმინებლად რაიონის ტერიტორიაზე შინაგანი ჯარის ნაწილების შეყვანა გახდა საჭირო. კონფლიქტი, რომლის შესახებაც მინდა დღეს მოგითხროთ, ამჯერადაც ქვემო ქართლის მხარეში, კერძოდ კი, მარნეულის რაიონულ ცენტრში მოხდა და მასში მოგვიანებით რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ინციდენტი, რომელიც მარნეულის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ კერძო ბაზარში 22 აგვისტოს მოხდა, ამჯერად შინაგანი ჯარის ჩარევის გარეშე განიმუხტა. არადა, დარბევაში, როგორც ამის შესახებ თვითმხილველები იუწყებიან, სამასამდე ადამიანი - ძირითადად, ეთნიკური აზერბაიჯანელები -მონაწილეობდა. მათ გადაკეტეს მარნეული-თბილისის ცენტრალური ავტომაგისტრალი და დაამტვრიეს რამდენიმე ავტომანქანა. ამ ყველაფრის მიზეზად ბაზრის კონტროლიორს, ვინმე კურტანიძესა, და 51 წლის ვახიბ ზეინალოვს შორის მომხდარი ფიზიკური შეხლა-შემოხლა იქცა, რაც ამ უკანასკნელის გარდაცვალებით დასრულდა.

[ისრაფილ ბაირამოვის ხმა] “ასეთი რამ მოხდა: კონტროლიორმა მსუბუქი მანქანის მფლობელისაგან 7 თუ 8 ლარი მოითხოვა. მან კი უპასუხა, საქონელს გავყიდი და მერე გადავიხდიო. ამაზე მოუვიდათ ჩხუბი. კონტროლიორმა ქვა ესროლა მანქანას, მერე შეაგინა. იჩხუბეს. კონტროლიორი მოერია, სახეშიც გაარტყა, მაგრამ ექსპერტიზამ აჩვენა, რომ სერიოზული დაზიანება არ მიუღია. ინფარქტი ადრეც ჰქონდა გადატანილი. ეტყობა ნერვიულობისგან გაუმეორა და ადგილზე გარდაიცვალა.”

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის ისრაფილ ბაირამოვის თქმით, საპროტესტო აქცია, რომელიც მოგვიანებით მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, გარდაცვლილის ნათესავებმა და თანასოფლელებმა მოაწყვეს. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, მას შემდეგ, რაც დამნაშავის დასჯის პირობა მიიღეს, აქციის მონაწილენი დაიშალნენ, თუმცა მათ მანამდე პოლიციას გვარიანი წინააღმდეგობა გაუწიეს. ბაირამოვი მომხდარში ეთნიკური დაპირისპირების ნიშნებს ვერ ხედავს. მის ამ მოსაზრებას მარნეულის რაიონის გამგებელი ამირან შუბითიძეც იზიარებს:

[ამირან შუბითიძის ხმა] “შელაპარაკება მოხდა. ამის შემდგომ ჯდება თავის კუთვნილ მანქანაში, მოაბრუნა, უნდა წამოსულიყო და ამ დროს მისცა გულმა შეტევა და დაიღუპა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებმა გაკვეთა მოახდინეს და იქნება თუ არა მათი დასკვნა, ალბათ, ცნობილი იქნება რითი გარდაიცვალა.”

ეთნიკური დაპირისპირების ფაქტს მარნეულის რაიონის წერეთლის თემის საკრებულოს თავმჯდომარე რომან ტაბატაძეც უარყოფს. ცნობისათვის: გარდაცვლილი ზეინალოვი, ისევე როგორც კონტროლიორი კურტანიძე, წერეთლის თემის მკვიდრია.

[რომან ტაბატაძის ხმა] “ასეთი რამ არ ხდება, ნორმალური ურთიერთობა გვაქვს და არავინ არავის არ ჩაგრავს. ჩვენ ვართ 7-8 პროცენტი და დანარჩენი ისინი არიან. დაჩაგვრაზე ნამდვილად არ არის. ჩვენს საკრებულოში ერთი სოფელი აზერბაიჯანულია, ერთი სომხურია და ორი ქართულია.”

საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ თემის მკვიდრთა შორის ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებას არც ადრე ჰქონია ადგილი. რაიონის მოსახლეობას ამგვარი დაპირისპირების საბაბს, როგორც ამას ჩემთან საუბარში მარნეულის რაიონის პროკურორი ანზორ ლაცუზბაია ამბობს, არც ძალოვანი უწყებები მისცემენ. პროკურორის თქმით, გამოძიება ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას ელოდება:

[ანზორ ლაცუზბაიას ხმა] “ამაზეც იქნება აღძრული სისხლის სამართლის საქმე, თუ დავადგენთ, რა თქმა უნდა, თუ არადა… ამისათვის არის საჭირო დასკვნის მიღება. მისი ორგანო ები - გული, ფილტვი - გაგზავნილია სამედიცინო-სასამართლო გამოკვლევისათვის და, იქიდან გამომდინარე, დადგება პასუხისმგებლობის საკითხი.”

პროკურორის თქმით, გამოძიებას სრულფასოვანი მოკვლევის ჩასატარებლად 20 დღიანი ვადა აქვს მიცემული. თუმცა იგი იქვე შენიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმე მასობრივი არეულობის მოწყობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზეც არის აღძრული.



.

ბერძნულ სათვისტომოთა კავშირის თავმჯდომარე კირიაკი იორდანოვი წალკის რაიონის სოფელ გუნიაკალაში მომხდარი ინციდენტის ეთნიკურ მოტივს გამორიცხავს და აცხადებს, რომ ბერძენი ეროვნების მოქალაქეზე თავდასხმა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე განხორციელდა.

ორი დღის წინ რამდენიმე შეიარაღებული პირი ფულის გამოძალვის მიზნით თავს დაესხა ადგილობრივ მკვიდრს, ბერძენი ეროვნების 72 წლის პანტელეი კალაჩევს. როგორც “ინტერ-პრესისთვის” გახდა ცნობილი, აღნიშნული პიროვნება რუსეთში აპირებდა გამგზავრებას და სახლში გარკვეული რაოდენობის თანხას ინახავდა. კალაჩევს მრავალრიცხოვანი ჭრილობები მიაყენეს. გვამს წამების კვალიც აღენიშნება.

მომხდართან დაკავშირებით წალკის რაიონის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ადგილზე ჩავიდნენ ბერძნული დიასპორის წარმომადგენლები. პრეზიდენტმა ადგილობრივ სამართალდამცველებს დანაშაულში ეჭვმიტანილთა დასაკავებლად 15 დღე მისცა.

”ინტერ-პრესთან” საუბრისას კირიაკი იორდანოვმა გამოთქვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ აღნიშნული დანაშაული ქართველების მიერ არის ჩადენილი. მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები სოფელში ადრეც დაფიქსირებულა.
XS
SM
MD
LG