Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთი ემზადება საპრეზიდენტო არჩევნებისათვის, რომელიც 29 აგვისტოს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანიას


ჩეჩნეთი ემზადება საპრეზიდენტო არჩევნებისათვის, რომელიც 29 აგვისტოს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანიას ამ დროისათვის 7 კანდიდატი ეწევა, თუმცა ყველაზე

რეალურად ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალუ ალხანოვი სახელდება. საქართველოში მცხოვრები ჩეჩნები ფიქრობენ, რომ ეს არჩევნები მათთვის არაფერს შეცვლის, რადგან ალხანოვი კრემლის მიერ ხელდასხმული კანდიდატია. პესიმისტურად განწყობილ მოსახლეობას შინ დაბრუნება არ სურს, რადგან რეპრესიების ეშინია, - მიაჩნია კავკასიის საკითხების ექსპერტს მამუკა არეშიძეს. დევნილი ჩეჩნები სამშვიდობო პოლიტიკის გამტარებელი პრეზიდენტის მოლოდინში არიან. დღეს მინდა საპრეზიდენტო არჩევნებისა და საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის შესახებ მოგითხროთ.

საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს არც კი იცნობს. არჩევნების შედეგებს მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობაც არა აქვს, რადგან მომავალ პრეზიდენტში ისინი მშველელს ვერ ხედავენ. კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატურა სანდო არ არის, მისი მხარდაჭერის გარეშე კი პრეზიდენტი ვერავინ გახდება, - ასეთია ჩეჩენთა ლოგიკა. პანკისის ხეობაში მცხოვრებ ჩეჩნებს მიაჩნიათ, რომ არჩევნების ჩატარება რუსეთის მთავრობას მხოლოდ საერთაშორისო არენაზე სათქმელად სჭირდება. დუისელი პენსიონერი ხასო ხანგოშვილი რუსეთის მიერ მართულ ჩეჩნეთის მთავრობას საჭადრაკო დაფაზე განლაგებულ ფიგურებს უწოდებს და ლტოლვილთა უკან დაბრუნების იმედი არა აქვს:

[ხასო ხანგოშვილის ხმა] ,,თუ ის შეძლებს, მაგალითად, ამ წინააღმდეგობის მოძრაობასთან, იმავე მასხადოვსა ან სხვა საველე მეთაურებთან, მოლაპარაკებას, რაღაც შედეგის მიღწევას, რა თქმა უნდა, რუსეთთან ურთიერთობაში, მაშინ შიძლება ლტოლვოლების დაბრუნების საკითხი დადგეს, მაგრამ მე არა მგონია ასეთი რამე მაინც საერთოდ იყოს შესაძლებელი.”

დევნილი ჩეჩნები 29 აგვისტოს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს დადგმულ სპექტაკლს უწოდებენ. დუისის გამგებელი ჯარაფ ხანგოშვილი დარწმუნებულია, რომ ფალსიფიცირებული არჩევნები პანკისის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობისათვის არაფერს შეცვლის.

[ჯარაფ ხანგოშვილის ხმა] ,,გავა ის, ვინც რუსეთს მოუნდება, აი, ასეთი რწმენაა. ახლაც იხვეწებიან, დაბრუნდითო, მაგრამ დაბრუნებულებს რას უშვრებიან, ხომ ხედავთ - არც ერთი ცოცხალი მამაკაცი არ არსებობს.”

კვირას დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც 7 კანდიდატი იღებს მონაწილეობას, ყველაზე რეალური ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალი ალუ ალხანოვია. კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიას შემდეგი ლოზუნგით ეწევა: გაგრძელდეს ახმად კადიროვის მიერ აღებული კურსი. მისი მომხრეები კი აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს სეპარატისტებთან ბრძოლის მდიდარი გამოცდილება და რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა აქვს. კავკასიური სახლისა და ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი მას შესაფერის კანდიდატურად მიიჩნევს:

[მექა ხანგოშვილის ხმა] ,,ამ შემთხვევაში, ამ მდგომარეობაში უფრო შესაფერისი კანდიდატურა ალხანოვისაა, იმიტომ რომ ის არასოდეს დაპირისპირებული არ ყოფილა თვითონ მასხადოვის მთავრობასთან. თუმცა თითქმის ყველა კანდიდატურა არის რუსეთის კანდიდატურა.”

ალხანოვი მეტი სიმპათიებით სარგებლობს პანკისის ხეობის მოსახლეობაში. მათ ის კადიროვის გუნდის წევრად არ მიაჩნიათ და იმედოვნებენ, რომ განათლებული და, ალბათ, პატრიოტი ალხანოვი პოლიტიკურ დაფაზე პაიკი არ იქნება. თუმცა, ასეთი დახასიათების მიუხედავად, მათი განწყობა მაინც პესიმისტურია. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მათ მთავარ პრობლემაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჩეჩნებისათვის ამჟამად არჩევნებზე მეტად აქტუალური საკითხი მასხადოვის განცხადებაა:

[მამუკა არეშიძის ხმა] ,,მთავარი, რაც ამათ აწუხებთ, ამ ჩეჩნებს, ეს არის ის, რომ უკან დაბრუნების შემთხვევაში რეპრესიების შიში აქვთ. იქ ახლა უფრო მეტი ლაპარაკია მასხადოვის განცხადებაზე, რომ 28 აგვისტოს ის მოქმედებების ახალ სერიას დაიწყებს, ვიდრე ამ არჩევნებზე.”

რა უფრო მნიშვნელოვანია ჩეჩნებისათვის - მასხადოვის მიერ მოქმედებების ახალი სერიის დაწყება თუ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები? - ამის შესახებ დევნილები არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ მათი მხარდაჭერა მხოლოდ მებრძოლ პრეზიდენტს ექნება.
XS
SM
MD
LG