Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური თბილისი ირწმუნება, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ომი ახლოსაა


“ომი რუსეთთან ახლოსაა და აუცილებელია ამისთვის ქვეყნის მოსახლეობის მომზადება,” - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგული გამოცემა

“lebaration”- ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. რუსეთთან ომის საშიშროება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემაც აღნიშნა. 24 აგვისტოს მოწვეულ პრესკონფერენციაზე თარგამაძემ ჟურნალისტებს უჩვენა ჩრდილოეთ ოსეთში ფარული კამერით გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც, მისი თქმით, მოწმობს, თუ როგორ ემზადებოდნენ 19 აგვისტოს რუსეთის რეგულარული საჯარისო ნაწილები საქართველოში ინტერვენციისთვის. “საქართველოს არმია მზადაა მოიგერიოს რუსეთის აგრესია,” - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. რა გახდა ასეთი განცხადების საბაბი?

[გივი თარგამაძის ხმა] “ეს არის სახმელეთო მოიერიშე რაზმი, ეს ხალხი არის გამზადებული იმისთვის, რომ გადაადგილნენ. ახლაც იქ დგანან.”

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ასეთი კომენტარებით უჩვენებდა ჟურნალისტებს ვიდეომასალას, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე, უშუალოდ როკის გვირაბის სიახლოვეს, არის გადაღებული.
მასზე ასახულია ის მძიმე ტექნიკა, შეიარაღება და ცოცხალი ძალა, რომელიც, გივი თარგამაძის მტკიცებით, გამზადებული იყო, როკის გვირაბის გავლით, ცხინვალის რეგიონში შემოსასვლელად. ლაპარაკია 80-მდე “ბმპ”- ზე, 40 ერთეულ სამხედრო ვერტმფრენსა და კარგად მომზადებულ ცოცხალ ძალაზე, მოკლედ რომ ვთვქათ, როკის გვირაბთან მიყენებულ რუსეთის რეგულარული ჯარების ნაწილებზე. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ხაზგასმით აცხადებს, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონასთან ასე ახლოს ამ ნაწილების კონცენტრაციას არანაირი კავშირი არა აქვს ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაწყებულ სამხედრო სწავლებასთან, რომ ყველაფერი ცხინვალის რეგიონში ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირების გაშლაზე იქნა გათვლილი. გივი თარგამაძის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ნაწილებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრა 19 აგვისტოს უნდა განეხორციელებინათ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ცხინვალის რეგიონში სტრატეგიული სიმაღლეების აღების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალები კიდევ უფრო წინ წაწევას გადაწყვეტდნენ. “უკან დახევით რუსეთის სამხედრო ნაწილებთან დაპირისპირების რეალური საფრთხე დაიძლია,” - ასეთი ახსნა აქვს უკან დახევას, თუმცა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამიერიდან საქართველოს არმია რუსეთის აგრესიის მოგერიებისთვის მოემზადება:

[გივი თარგამაძის ხმა] “ ჩვენი ჯარი ამიერიდან მოემზადება რუსული აგრესიის მოსაგერიებლად. ჩვენი ჯარი იქნება მზად ჩამოაგდოს ამ ტიპის ვერტმფრენები, ააფეთქოს ასეთი ჯავშანტექნიკა. ეს არ იქნება პირველი შემთხვევა. ჩეჩნები არაერთხელ გაუმკლავდნენ რუსეთის არმიას და ჩვენ არაფრით არ ვართ მათზე ნაკლები. “

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მტკიცებით, ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გამოყვანით რუსეთთან ომის საფრთხე დაიძლია, მაგრამ რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი?
ლაპარაკია იმაზე, რომ რუსეთი კონფლიქტის მონაწილე მხარედ უნდა იქნეს აღიარებელი და რომ, ბოლოს და ბოლოს, უნდა გადაწყდეს საქართველოდან მისი სამშვიდობო ჯარების გაყვანის საკითხი. მაგრამ ეს ჯერჯერობით მხოლოდ მოსაზრებებია. ომის თავიდან ასაცილებლად საქართველოს პრეზიდენტმა ეგრეთ წოდებული სამხერთ ოსეთის ხელმძღვანელობას ყოფილი ავტონომიური ოლქისთვის ფართო ავტონომია შესთავაზა.
არის თუ არა შესაძლებელი მხარეებს შორის რეგიონის სტატუსზე შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში? ამ შეკითხვაზე პასუხად კოკოითის წარმომადგენელმა ვაჟა ხაჭაპურიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ყველაფერია მოსალოდნელი, თუმცა - ვნახოთ. ზურან ჟვანიას და ედუარდ კოკოითის შეხვედრის წინ კოკოითს ცხინვალში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჰეიკი ტალვიტიე შეხვდა. მისი თქმით, ოსური მხარე მზად არის დიალოგისთვის და ედუარდ კოკითს არ სჭირდება შეხვედრა მხოლოდ შეხვედრისათვის.
XS
SM
MD
LG