Accessibility links

logo-print

საქართველოს მთავრობა აჭარასა და დასავლეთ საქართველოში


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს მთავრობა აჭარაში ჩასვლას რომ აპირებდა, კარგა ხნით ადრე იყო ცნობილი. ბათუმში მთავრობის სხდომის გამართვა თითქოს დაგვიანდა.

ის ოთხშაბათს, 25 აგვისტოს, შედგება. თუმცა მთავრობის მეთაური და რამდენიმე მინისტრი ავტონომიურ რესპუბლიკაში წინადღეს, 24 აგვისტოს, ჩავიდა. ცნობილია ისიც, რომ მთავრობის წევრები აჭარაში ყოფნას არ დასჯერდებიან და გურიისა და სამეგრელოს რაიონებსაც მოივლიან. შეგახსენებთ რამდენიმე საკითხს, რომელიც აჭარასთან დაკავშირებით და მისგან დამოუკიდებლად უნდა განიხილოს საქართველოს მთავრობამ.

[ზურაბ მელიქიშვილის ხმა] “ეს იქნება მთავრობის ჩვეულებრივი სხდომა. ჩვენ ვაპირებთ დღეს აჭარაში რამდენიმე რაიონი შემოვიაროთ. ჩავალთ ხელვაჩაურში. ვფიქრობთ ხულოს რაიონში გასვლასა და მოსახლეობასთან შეხვედრას. უახლოეს დღეებში ვაპირებთ დასავლეთ საქართველოში რამდენიმე ასეთი გასვლითი თათბირის ჩატარებას.”

ეს განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ მელიქიშვილმა. რამდენიმე დღის მანძილზე დასავლეთ საქართველოში მთავრობის წევრთა მიმოსვლას, წმინდა საქმიანი ასპექტების გარდა, მორალური და პოლიტიკური დატვირთვა აქვს: ამ რეგიონებში საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ერთად, კარგა ხანია, არ ჩასულან და დასავლეთ საქართველოს მკვიდრ მოქალაქეებს უნდა აგრძნობინონ, რომ ისინი არ დავიწყებიათ. მეორეც, აფხაზეთსა და დასავლეთ საქართველოში დაიწყო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მანდატით მოქმედი რუსეთის სამშვიდობო ძალების სამხედრო სწავლება. რუსეთთან ურთიერთობის გამწვავების ფონზე ამ ქვეყნის სამხედრო მანევრების უშუალო სიახლოვეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ყოფნა რეგიონის მოქალაქეებს ეუბნება, რომ ისინი მარტო არ არიან. სხვათა შორის, ამჟამად რუსეთის შეიარაღებული ძალების წვრთნები მიმდინარეობს ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქში და საქართველოს სამხრეთი საზღვრის სიახლოვეს, მეზობელ სომხეთშიც. ასე რომ, საქართველო რუსული საწვრთნელი ცეცხლის ალყაშია მოქცეული.

მაგრამ დავუბრუნდეთ ბათუმს. გარდა იმისა, რომ საქართველოს მთავრობის წევრები ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად ახალ საგადასახადო კოდექსზე იმჯელებენ, ლაპარაკი შეეხება საპრივატიზაციო ობიექტებსაც აჭარაში. ეს დაადასტურა აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ:

“პროგრამა დიდია. ძირითადად, განხილული იქნება მიმდინარე საკითხები აჭარასთან მიმართებით. შედგება გაფართოებული სხდომა, სადაც მოვიწვევთ ყველა სამინისტროს, ექსპერტებს... პრივატიზაციას, საგადასახადო კოდექსს - ყველაფერს განვიხილავთ ერთად.”

რა შეიძლება გაიყიდოს აჭარაში? ბათუმში სასტუმრო “ინტურისტს” - ნიშნად იმისა, რომ ჰყიდიან - ორი თვის წინ შემოავლეს უზარმაზარი ბაფთა. ცნობილია, რომ ხელისუფლება გასაყიდად ასევე შეფუთავს ქობულეთის ორ სასტუმროს - “ივერიასა” და “კოლხეთს”, აგრეთვე შედარებით ახალ და კომფორტულ კომპლექს “ოაზისს” ჩაქვში. იყიდება ბათუმის რკინიგზის სადგურის შენობაც და ქალაქის ცენტრში არასაცხოვრებელი ფართი, რომლის მფლობელი დანამდვილებით გარკვეული არ არის. ეს ფართობი დღეს მაღაზიებს უკავიათ. მთავრობა ღია აუქციონს 15 სექტემბერს გეგმავს.
XS
SM
MD
LG