Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა პრინციპით ანაწილებს ხელისუფლება ბუნებრივ აირს თბილისში


საქართველოს დედაქალაქში ელექტროენერგიის განაწილების პრობლემის ასე თუ ისე მოგვარების შემდეგ თავი იჩინა კიდევ ერთმა ენერგეტიკულმა პრობლემამ,

რაც ბუნებრივი აირის მიწოდებასა და განაწილებასთანაა დაკავშირებული. თუ დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში ბუნებრივი აირი ერთი თვის წინ შეწყდა და ისიც მხოლოდ ურჩგადამხდელებად წოდებულ საცხოვრებელ კორპუსებში, აი, თბილისის ცენტრიდან მოშორებულ დედაქალაქის რაიონებში კი, 5 თვეზე მეტია, ბუნებრივი აირი თვალით არავის უნახავს. ერთ-ერთი ასეთი რაიონის, გლდანის, მკვიდრთა სოციალური პრობლემებით მათი რჩეული პარლამენტარი კობა დავითაშვილი დაინტერესდა და საპროტესტო აქციაც გამართა.

[ისმის საპროტესტო აქციის მონაწილეთა ხმა] ”ყველაზე მეტი ხმები გლდანის რაიონიდან უნდათ, არჩევნები როცა არის, და, როცა საქმეა გასაკეთებელი, მაშინ აღარ სჭირდებათ მოსახლეობა?

ამიტომ 7 სექტემბერს მერიასთან შევიკრიბოთ და გავახსენოთ წინასაარჩევნო დაპირებები.

ბატონო კობა, ძალიანა გთხოვთ, მე ნაძალადევის რაიონიდან ვარ, თემქაზე ვცხოვრობ, 5 თვეა გაზი არა გვაქვს...”

ასეთი დიალოგი წარიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის წინ შეკრებილ 50 მოქალაქესა და პარლამენტარ კობა დავითაშვილს შორის. მმართველი პარტიის ოპოზიციად ქცეული, მიხეილ სააკაშვილის ყველაზე ერთგული ყოფილი თანამებრძოლი კობა დავითაშვილი ფიქრობს, რომ გაზის მიწოდებაზე პასუხისმგებელი ადგილობრივი ხელისუფლებაა და სწორედ ამიტომ მოაწყო საპროტესტო აქცია გამგეობის შენობის წინ.

[კობა დავითაშვილის ხმა] ”თბილგაზის ხელმძღვანელობა, როგორც ჩანს, იღებს ინსტრუქციებს ხელისუფლებისგან, რომ ზოგი რაიონი მოამარაგოს გაზით და ზოგი არა, იმიტომ რომ ეს რაიონი დაშორებულია ძალიან რუსთაველის პროსპექტს, ასე ფიქრობენ, და აქედან ხალხის მისვლა და რუსთაველის გადაკეტვა უფრო ძნელია, ვიდრე იქ ახლომყოფი რაიონებისა. ჩვენ ამიტომ უნდა მოვახდინოთ ხალხის ორგანიზება და ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ აქაურ ხალხსაც შეუძლია რუსთაველის პროსპექტის გადაკეტვა და მაშინ აქ გაზი იქნება.”

გლდანი-ნაძალადევის გამგეობიდან აქციის მონაწილეებთან შესახვედრად არავინ გამოსულა. კობა დავითაშვილი როგორც რაიონის ხელისუფლებას, ასევე დედაქალაქის მთავრობას გაზმომარაგების აღსადგენად 2 კვირიან ვადას აძლევს. მისი აზრით, ეს სრულებით საკმარისია არგადამხდელი და პატიოსანი მომხმარებლების აღსარიცხავად.

თბილისში ბუნებრივი აირის განაწილება მართლაც დამოკიდებულია თუ არა მოსახლეობასა და რუსთაველის გამზირს შორის მანძილზე, ამის გასარკვევად თბილგაზის წარმომადგენელს ეკა სარიას დავუკავშირდი. იგი გლდანის, ნაძალადევისა და სხვა გარეუბნების მთლიანად გათიშვის მიზეზად მოწოდებული გაზის მცირე რაოდენობასა და ამ მცირე რაოდენობის განაწილების შეზღუდულ ტექნიკურ შესაძლებლობებს ასახელებს. გაზის იმპორტის გაზრდა კი დაკავშირებულია თბილგაზის იმ ვალების დაფარვასთან, რომელიც, დაახლოებით, 12 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

[ეკა სარიას ხმა] ”ეს არის საკითხი სამთავრობათაშორისო - გნებავთ, რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური წრეების, გნებავთ, ორი ქვეყნის გაზის მწარმოებელი კომპანიების - შეთანხმებისა, სადაც თბილგაზი შეიძლება იყოს ჩართული როგორც ერთ-ერთი რგოლი. იგი მზად არის ჩაერთოს ამ მოლაპარაკებებში და აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა...”

როგორც ჩანს, ბუნებრივი აირით მომარაგების პრობლემა, მართლაც, ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, როგორც ამას კობა დავითაშვილი ამტკიცებდა საპროტესტო აქციაზე. თბილგაზის ახალი ხელმძღვანელი კი ირწმუნება, რომ საკმარისი რაოდენობის ბუნებრივი აირის მიღების შემთხვევაში კომპანია ერთმანეთისაგან არ განასხვავებს გლდანისა თუ ვერა-ვაკის მოსახლეობას.
XS
SM
MD
LG