Accessibility links

logo-print

პენსიონერების მორიგი რეგისტრაცია 25 აგვისტოდან დაიწყება


საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, 25 აგვისტოდან პენსიონერთა ხელახალ რეგისტრაციას იწყებს.

პირველ ეტაპზე რეგისტრაციას თბილისში, სამეგრელოს რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები პენსიონერები გაივლიან. საქართველოს სხვა რეგიონებისთვის აღნიშნული პროცესი სექტემბერში დაიწყება და იგი ექვს თვემდე გასტანს. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ, ხელახალი აღრიცხვის შედეგად, არაერთ დარღვევას გამოავლენს და გამოთავისუფლებული სახსრებით საპენსიო დავალიანების გასტუმრებასაც შეძლებს. ამგვარი ოპტიმისტური გათვლების საწინააღმდეგოდ, თავად პენსიონერები ინფორმაციას ხელახალი რეგისტრაციის გავლის შესახებ ენთუზიაზმის გარეშე ხვდებიან. რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ პენსიონერთა ხელახალი აღრიცხვა და რას ფიქრობენ ამის შესახებ თავად პენსიონერები?

საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი ფონდი პენსიონერთა ხელახალ რეგისტრაციას ერთადერთი მიზნით - აღრიცხვის მოსაწესრიგებლად - იწყებს. ბოლო აღრიცხვამ, რომელიც 2001 წელს ჩატარდა, უამრავ დარღვევასთან ერთად ასობით ფიქტიური პენსიონერიც გამოავლინა. ფონდის ხელმძღვანელობა ეჭვობს, რომ ეგრეთ წოდებული “მკვდარი სულები” დღესაც იღებენ პენსიას. ფონდის გენერალური დირექტორი ზაზა სოფრომაძე დაახლოებით 3 პროცენტიან ცდომილებაზე საუბრობს:

[ზაზა სოფრომაძის ხმა] “855 ათასი პენსიონერია დღესდღეობით რეგისტრირებული, პენსიის მიმღები, უფრო სწორად. ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 3 პროცენტის ფარგლებში იქნება რაღაც ცდომილება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ 3 თუ 5 პროცენტი მაინცდამაინც “მკვდარი სულია”, იწერება მათზე პენსია და ამ თანხას ვიღაც ითვისებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ან არასწორად აქვს დანიშნული პენსია რაღაც ნაწილს, “მკვდარ სულსაც” არ გამოვრიცხავ, რაღაც ნაწილი გასულია საზღვარგარეთ და არ ეკუთვნის პენსია და მაინც ირიცხება მასზე და ასე შემდეგ.”

იმის გამო, რომ რეგისტრაციის პროცესი საკმაოდ დიდ რესურსებს მოითხოვს და მთელი ქვეყნის მოცვა ერთბაშად შეუძლებელია, აღრიცხვა, პენსიების გაცემის პარალელურად, პირველ ეტაპზე თბილისში, სამეგრელოს რეგიონსა და აჭარაში 25 აგვისტოდან დაიწყება. ანუ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები, აგვისტოს თვის პენსიის მიღების პარალელურად, რეგისტრაციასაც გაივლიან. თუმცა ამისათვის მათ თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა და საპენსიო წიგნაკი. ოდენ საპენსიო წიგნაკით, მართალია, პენსია გაიცემა, მაგრამ ანკეტის მეორე მხარეს გაკეთდება ჩანაწერი, რომ მომავალი თვის პენსიის აღებისას პენსიონერმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას პენსია შეუწყდება:

[ზაზა სოფრომაძის ხმა] “საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით, პირველი სექტემბრისთვის ისედაც უნდა ჰქონდეს ყველას საქართველოში გაცემული პირადობის მოწმობა. სხვა დოკუმენტი, უბრალოდ, არ იმოქმედებს, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, ადამიანს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი თუ არა აქვს, პენსიას ვერ ინიშნავს, ამიტომ ეს პრობლემა არ უნდა იყოს. მაგრამ, დავუშვათ და, მაინც პრობლემაა - ჩვენ ერთთვიან ვადას ვაძლევთ ამ პრობლემის გამოსასწორებლად.”

თავად პენსიონერები ხელახალ რეგისტრაციას ახალ თავის ტკივილს, დროისა და ენერგიის ფუჭად კარგვას უწოდებენ. მათი უმეტესობა ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ პენსიონერებისათვის ცხოვრების გართულებაზე კი არა, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე უნდა იფიქროს.

[მამაკაცის ხმა] “კი, მოვუსმინე, რომ რეგისტრაცია უნდა გაიაროთო, მაგრამ შემიძლია მაგდენი?! ძლივსა ვდგავარ… რა არის, იციან, რომ პენსიონერი წლოვანი არის და რატომ აჯახირებენ მაინც.”

[ქალბატონის ხმა] “კაპიტალიზმში ვცხოვრობთო და კაპიტალისტებს პენსია 300 დოლარი აქვთ, ჩვენ გვაქვს 20 ლარი. წყლის ფული უნდა გადაიხადო, ბინის ქირა უნდა გადაიხადო, რაღაც-რაღაცეები უნდა გადაიხადო და მერე რა გრჩება, პურის ფული არ გრჩება… მე ვერ გავიგე, ეს სააკაშვილი რას აკეთებს… სულ აბრალებდნენ, რომ შევარდნაძის ბრალია, ახლა ვისი ბრალია? სააკაშვილი არაფერს არ აკეთებს!..”

საპენსიო ფონდში კი აცხადებენ, რომ პენსიონერები ხელახალი რეგისტრაციის გასავლელად სულ რაღაც ხუთ წუთს დაკარგავენ. ხოლო იმ მოქალაქეებს, რომლებსაც გადაადგილება უჭირთ, ფოსტის თანამშრომლები და ადგილობრივ გამგეობებში შექმნილი კომისიის წევრები შინ მიაკითხავენ.

[ზაზა სოფრომაძის ხმა] “წუთებით გვაქვს გაანგარიშებული. თუ თითოეულ პენსიონერზე დაახლოებით 1,5-2 წუთს იჭერდა პენსიის აღების დრო, ახლა ეს გაიზრდება კიდევ ორი-სამი წუთით, იმიტომ რომ ის ანკეტა, რომელიც მე გითხარით, უცებ უნდა მოვძებნოთ და…”


აღნიშნული პროცედურის გავლა, როგორც სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში აცხადებენ, სექტემბრიდან საქართველოს დანარჩენ რეგიონებში მცხოვრებ პენსიონერებსაც მოუწევთ. ფონდის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ აღრიცხვის მოწესრიგებით დაიზოგება თანხები, რაც შემდგომში საქართველოს მოქალაქეთა საპენსიო უზრუნველყოფის გაუმჯობესებას მოხმარდება.
XS
SM
MD
LG