Accessibility links

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გივი იუკურიძე თანამდებობიდან გათავისუფლებულია


საქართველოს თავდაცვის სისტემაში სერიოზული საკადრო ცვლილება მოხდა. თანამდებობიდან გათავისუფლებულია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გივი იუკურიძე.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ოთხშაბათს განაცხადა, იუკურიძეს რუსეთში საქართველოს სამხედრო ატაშედ გაგზავნიან. შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განხორციელებული საკადრო ცვლილების მიზეზად ორი რამ სახელდება: პირველი - გენერალური შტაბის მუშაობის ტემპით პრეზიდენტისა და მთავრობის უკმაყოფილება და მეორე - ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ოპერაცია. რას ფიქრობს დასახელებულ მიზეზებზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი მეთაური?

ჩვენს შეკითხვას, რისი გაკეთება ვერ მოასწრო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა იმ მოკლე ხანში, რაც ამ პოსტზე იმყოფებოდა, გივი იუკურიძემ ასე უპასუხა:

[ გივი იუკურიძის ხმა] “ ძალიან ბევრის, მაგრამ რაც გავაკეთე, ვთვლი, რომ ამ ეტაპისთვის საკმარისია. “

საქართველოს მთავრობაში გენშტაბის ყოფილი მეთაურის საქმიანობა ცოტა სხვაგვარად შეაფასეს:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] “არ ვიყავით კმაყოფილი. პრეზიდენტი, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, არ იყო კმაყოფილი იმ ტემპით, რა ტემპითაც მუშაობდა გენერალური შტაბი. “

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად პრემიერ-მინისტრი სწორედ გენერალური შტაბის მუშაობის ტემპით პრეზიდენტის უკმაყოფილებას ასახელებს, თუმცა სახელდება სხვა მიზეზიც, რომელზეც პრემიერი არა, მაგრამ სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში გიორგი ხაინდრავა საუბრობს:

[გიორგი ხაინდრავას ხმა] “ მე ვფიქრობ, გარკვეულწილად, მიზეზი არის ის მოვლენები, რომელიც ცხინვალის რეგიონში განვითარდა. 16 კაცი დაგვეღუპა იქ. მე ვფიქრობ, რომ 16 კაცი არანაირად არ უნდა დაღუპულიყო. “

16 ჯარისკაცი ცხინვალის რეგიონში არანაირად არ უნდა დაღუპულიყოო, - თქვა გიორგი ხაინდრავამ. ნათქვამზე გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის პასუხი ასეთია:

[გივი იუკურიძის ხმა] “ეგ არის არაკომპეტენტური ადამიანის განცხადება და სირცხვილია იმ ბიჭების წინაშე, რომლებიც დაიღუპნენ. კაცმა , რომელსაც კონფლიქტების მოწესრიგება ავალია, უნდა იცოდეს რამდენი დაიღუპა. არ იცის, სამწუხაროდ. 11 ადგილზე დაგვეღუპა, 1 ჰოსპიტალში გარდაიცვალა.”

მსხვერპლი შემოვლითი გზის დაცვას მოჰყვა. ქართველ ჯარისკაცებს შორის მსხვერპლი ახლდა შეტაკებებს და საარტილერიო დაბომბვასაც. გივი იუკურიძე ფიქრობს, რომ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა ძალებმა ბრწყინვალედ და პატიოსნად შეასრულეს ის ამოცანა, რომელიც მათ არ დაუსახავთ, რომელიც მათ დაუსახეს.

[გივი იუკურიძის ხმა] “ ძალების კონცენტრაცია მიმართული იყო შემოვლითი გზის აღებაზე. 5 აგვისტოს ჩაგვაყენეს იქ . გზა რომ აეღოთ, ქართული სოფლები დარჩებოდა იზოლაციაში, ამიტომ ბრძანება შევასრულეთ და იქ არავინ შევუშვით. მართალია, დღეს ჩვენ იქ აღარ ვართ, ამ გზას სამშვიდობოები აკონტროლებენ. ბრძანება იყო მთავრობის და ჩვენ ის შევასრულეთ. სხვათა შორის, თავდაცვის მინისტრი იყო უფროსი იმ მიმართულებაზე. “

პასუხი გენშტაბის უფროსს მოეკითხა. მის შესაძლო გათავისუფლებაზე ადრე, ცხინვალის ოპერაციამდეც, ლაპარაკობდნენ. იუკურიძის შემცვლელად ვახტანგ კაპანაძე სახელდება. აქამდე ის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე იყო. ყოფილი უფროსი საკუთარი მოადგილის დახასიათებისგან თავს იკავებს.
XS
SM
MD
LG