Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“რუსეთ-საქართველოს ომი” - გარდაუვალი რეალობა თუ შესაძლო ხაფანგი საქართველოსთვის?


ცხინვალის რეგიონში უკიდურესად დაძაბული ვითარება ბოლო დროს მნიშვნელოვნად განიმუხტა: აღარ იღუპებიან ადამიანები, აღარ იბომბება სოფლები, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას,

რომ მშვიდობას სამომავლოდ არაფერი ემუქრება. სკეპტიციზმის საფუძველს დაპირისპირებულ მხარეთა მაღალი მილიტარისტული სულისკვეთება განაპირობებს. სეპარატისები სანგრებს აღრმავებენ, რუსეთის რეგულარული საჯარისო ნაწილები საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მახლობლად სამხედრო წვრთნებს ატარებენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კი საზოგადოებას ჩრდილოეთიდან მომავალი აგრესიის მოსაგერიებლად ამზადებენ. რამდენად იზიარებს ქართული საზოგადოება ხელისუფლების მოწოდებას, ბრძოლაში დაამარცხოს პოტენციური აგრესორი, ანუ რუსეთი?

[გივი თარგამაძის ხმა] “ჩვენი ჯარი ამიერიდან მოემზადება ასეთი ტიპის რუსული აგრესიის მოსაგერიებლად, ჩვენი ჯარი იქნება მზად, რომ ჩამოაგდოს ამ ტიპის ვერტმფრენები, რომ ააფეთქოს ამ ტიპის საბრძოლო ტექნიკა. ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, ჩეჩნეთში მრავალჯერ გაუმკლავდნენ რუსული რეგულარული არმიის ნაწილებს და ჩვენ არაფრით არ ვართ მათზე ნაკლები…”

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე აცხადებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე შემდგარ საქართველოს მეზობელი რუსეთი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად უხეში სამხედრო ძალით დაუპირისპირდება. თარგამაძე ამ წინააღმდეგობის გადალახვას სავსებით შესაძლებლად მიიჩნევს, თუმცა ამისათვის, როგორც საქართველოში უყვართ თქმა, ერი და ბერი ერთად უნდა დადგეს და ყველამ თავ-თავის ადგილზე გმირული შემართებით უნდა იღვაწოს. საქართველოს რომ ჩრდილოელი მეზობლისათვის საკადრისი პასუხის გაცემა შეუძლია, ამაში პრეზიდენტი სააკაშვილიც დარწმუნებულია:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ჩვენ შეგნებულად ვიკავებთ თავს მკვეთრი ნაბიჯების გადადგმისგან, მაგრამ მე მინდა იცოდეს ყველამ, რომ ეს აღარ არის ის საქართველო, რომელსაც ორი წლის წინ ბომბავდნენ, დღეს საქართველოს აქვს ტექნიკური საშუალებები თავი დაიცვას.”

თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ამ მოსაზრებას ბევრი მოქალაქე არ იზიარებს. მათი თქმით, ომს წინ არაფერი უდგას, საკითხის მთელი სირთულე კი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში მდგომარეობს. საქართველოს ხელისუფლებამ გაცილებით ძლიერ რუსეთთან დაპირისპირების განმუხტვა უნდა შეძლოს და არა კონფლიქტის ესკალაცია.
[ქალბატონის ხმა] “ვართ ძალიან ცოტანი ქართველები და ყველას უნდა გავუფრთხილდეთ, ყველანი ცოდვა ვართ. უნდა გავუფრთხილდეთ ქართველ ერს და მოვაგვაროთ კონფლიქტი ნორმალურად, მოლაპარაკებით…”

[მამაკაცის ხმა] “საქართველო, ჯერ ერთი, ისეთი გაჭირვებული სახელმწიფოა, რომ ხომ ხედავთ, დაიცალა საქართველო, წავიდა ნახევარზე მეტი და ახლა ჩვენ რომ გამოვუცხადოთ ომი რუსეთს, ვინ დაგეხმარება?”

ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა განუწყვეტელი ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ საქართველოს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოუწევს რუსულ საჯარისო ფორმირებებთან სამხედრო კონფლიქტში შესვლა და რომ ამისთვის თითოეული ქართული ოჯახი უნდა ემზადოს, საზოგადოების კონსოლიდირებისათვის არ კმარა. საყვარელიძე რუსეთის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის ნიმუშად ჩეჩნეთის მაგალითის მოტანასაც შეცდომად მიიჩნევს:

[რამაზ საყვარელიძის ხმა] “ქვეყნის განვითარებას, გარდა ვაჟკაცობისა, რაც, უდავოდ, არის საჭირო, სტრატეგიული აზროვნებაც ესაჭიროება. ამ სტრატეგიული აზროვნების თვალსაზრისით, ჩეჩნური მაგალითი თვითონ ჩეჩნეთისთვის არის მიუღებელი. მე მგონი, ეს პოზიცია ჩამოყალიბებულად თუ ინტუიციურად ყველა ქართველში არის და რუსეთთან დაპირისპირება საქართველოს კონსოლიდირებას ნამდვილად არ გამოიწვევს და, პირიქით, შეიძლება ნაპრალი გააჩინოს.”

საყვარელიძეს მიაჩნია, რომ რუსეთმა ჩეჩნებს საომარი მოქმედებები თავს მოახვია და “ჩეჩნური ომი” უფრო რუსული ხაფანგია, ვიდრე პატრიოტული სულისკვეთების გამოვლინება. განვითარებული მოვლენებისა და მაღალი თანამდებობის მოხელეთა გამონათქვამების ფონზე, ლოგიკურად დაისმის კითხვა: თავად ხომ არ ჩქარობს ხელისუფლება ამჯერად უკვე “საქართველოსთვის დაგებულ” ხაფანგში გაებას?
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG