Accessibility links

logo-print

ისტორიის სხვა სახე - ზეპირი ისტორიები


ჩვენი ყოველდღიური ყოფა პირად ცხოვრებასა თუ საზოგადოებრივ სფეროში მომხდარი უამრავი მოვლენით არის სავსე. დრო ამ მოვლენებს სხვადასხვაგვარ ბედს

არგუნებს ხოლმე – ზოგი მათგანი დავიწყებას მიეცემა, ზოგი მხოლოდ ჩვენი პირადი მოგონებების ნაწილი ხდება, სხვები კი კოლექტიურ მახსოვრობაში რჩება და, საბოლოოდ, ისტორიის კუთვნილებად იქცევა. ჩვენს პირად ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები ძალიან ხშირად უშუალოდაა დაკავშირებული ფართო პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებთან. სხვა საქმეა, რომ ტრადიციული ფორმით შემონახული ისტორია ნაკლებად ახერხებს იმ მრავალფეროვანი განცდების დაფიქსირებას, რომელთაც კონკრეტული მოვლენები სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელ ადამიანებში იწვევს. დღეს მინდა გესაუბროთ ისტორიის კვლევის ალტერნატიულ მეთოდზე, რომელიც სწორედ ტრადიციული ისტორიის მრავალფეროვანი გამოცდილებით გამდიდრებას ისახავს მიზნად და რომელიც, ისტორიოგრაფიისთვის ჩვეული - საარქივო და დამწერლობითი - ფორმების ნაცვლად, ზეპირ ფორმას ემყარება.

[ხმები]: “სტალინი რომ გარდაიცვალა, შიშის ზარმა მოიცვა მთელი საბჭოთა კავშირი. სახლში ვიყავი და გავედი ლენინის მოედანზე. და იქ იყო უამრავი ხალხი. ბუზის გაფრენა ისმოდა და ქვითინებდა ხალხი.

გადასახლების ამბებს ნუღარ კითხულობ. ბავშვებით ვიყავი სახლში მარტო, ცხონებული მამაჩემი არ იყო. ღამის პირველ საათზე მომადგნენ, ბატონო, მწვანექუდიანები, გამაღებინეს კარი. გავუღე – ორი საათი ნება მომცეს, ორ საათში რაცხას მოხიკავ, მოხიკე და წამოდიო. სად? გასახლებთო. შვილი არ მყავს სახლში, მამა არ მყავს სახლში და როგორ თუ მასახლებთ-მეთქი. გინდა თუ არა... გავემზადე, რაც მქონდა, მოვჭუჭკე და გამოვედი სახლიდან. წავიყვანე ეს უმცროსი გოგო. სიცხე იყო. ბერძნების ვაგონში შეგვყარეს საშინლად - ძროხებივით, საქონელივით. არც დასაჯდომი მქონდა, არც დასაწოლი მქონდა. იქ ვიყავით შეყრილი ერთი სუტკა.” (სტილი დაცულია)


ეს გახლდათ დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ქალთა მოგონებები, რომელიც მათ ქალთა ზეპირი ისტორიების მკვლევარებს უამბეს. პირველი მათგანი სტალინის სიკვდილის განცდას იხსენებს, მეორე კი იგონებს სტალინურ რეპრესიებს, კერძოდ, იმ დროს, როდესაც საქართველოდან შუა აზიაში ადამიანების მასობრივი გადასახლება მოხდა. ეს ორი მოგონება იმ ას ოცამდე ქალის ცხოვრების ისტორიებში შედის, რომლებიც 2001 წელს “ღია საზოგადოება – საქართველოს” ქალთა ქსელური პროგრამის მიერ განხორციელებულმა კვლევამ მოიპოვა. კვლევის მიზანი იყო მეოცე საუკუნის განმავლობაში საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელ ქალთა ისტორიების, გამოცდილებისა და განცდების შესწავლა.

საქართველოში ეს ერთ-ერთი პირველი ორგანიზებული კვლევითი პროექტი იყო, რომელმაც უშუალო მეთოდოლოგიად ზეპირი ისტორიის კვლევა აირჩია. თუმცა ისტორიის კვლევის ამ მეთოდს თავად აქვს დიდი ისტორია. ზოგადად რომ ითქვას, შემდგომ თაობებში წარსული მოვლენების ზეპირი ფორმით გადაცემის პრაქტიკა, ალბათ, ყველა ეპოქასა და კულტურაში არსებობდა, მაგრამ ზეპირი ისტორია, როგორც უშუალოდ კვლევის მეთოდი, რაც, თავის მხრივ, ისტორიის კვლევის და შენახვის ალტერნატიული ფორმების იმ ინტენსიურ ძიებათა ნაწილი იყო, რომელიც დისციპლინაში მე-20 საუკუნეში განხორციელდა, 40-იანი წლებიდან იღებს სათავეს. ისტორიკოსებმა ახალი მეთოდებისა და მიდგომების შემუშავება დაიწყეს, ვინაიდან დარწმუნდნენ, რომ მკვლევართა ყურადღების ტრადიციული კონცენტრაცია პოლიტიკურ, დიპლომატიურ და ომებთან დაკავშირებულ ფაქტებზე ბევრი ადამიანის და სოციალური დაჯგუფების გამოცდილებას არ ითვალისწინებდა.

ზეპირი ისტორიის მეთოდმა უშუალო შესწავლის ობიექტად გაიხადა ჩვეულებრივ ადამიანთა მოგონებები და ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც ისტორიის წერილობით წყაროებში ხშირად იგნორირებული იყო. აქ ისტორიების შეგროვება ხდება ინტერვიუს ფორმით, რომელსაც მკვლევარი ჩამოართმევს ინდივიდს და რომელიც, როგორც წესი, აუდიო ან ვიდეო ფირზე ფიქსირდება. გენდერის საკითხების მკვლევარი თამუნა საბედაშვილი ამ მეთოდს ასე ახასიათებს:

[თამუნა საბედაშვილის ხმა]: “ანალიზის ძირითად ერთეულად აქცევს ადამიანის გამოცდილებას და არ მიაჩნია, რომ ეს არის აუცილებლად უტყუარი სიმართლე და ჭეშმარიტება, რასაც ადამიანი გვაწვდის ინტერვიუს დროს. მაგრამ თვითონ ის, თუ როგორ ახსოვს მას თავისი წარსული და რას წყვეტს, რომ უთხრას ინტერვიუერს, ითვლება მნიშვნელოვნად.” (სტილი დაცულია)

ინდივიდების მახსოვრობაში სტრუქტურირებული მოვლენების კვლევის გარდა, ზეპირი ისტორია ოფიციალურ წყაროებში იგნორირებული ფაქტების დაფიქსირებასაც ემსახურება. ამის მაგალითად თამუნა საბედაშვილი შემდეგ შემთხვევას იხსენებს:

[თამუნა საბედაშვილის ხმა]: “ზეპირმა ისტორიებმა გახსნა ისეთი ფურცლები, რომლებიც ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში, საერთოდ, იგნორირებული იყო ან არ არსებობდა. მაგალითისთვის: როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს ფრანგებმა და ამერიკელებმა იტალია გაათავისუფლეს, იქ ჰყავდათ დაქირავებული მაროკოელი ჯარისკაცები. მათ, როგორც ჯილდო, ჰქონდათ უფლება, რომ ქალებთან დრო გაეტარებინათ, იტალიელ ქალებთან. ეს მომენტი ისტორიოგრაფიაში არ არის დაფიქსირებული, რომ ესენი მასიურად აუპატიურებდნენ ქალებს. ასიათასობით გაუპატიურებაზეა საუბარი.”

ტრადიციულ ისტორიაში იგნორირებული გამოცდილებების რეაბილიტაციის სურვილის გამო ზეპირი ისტორიის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტად ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა ნიშნით უმცირესობას მიკუთვნებული სოციალური დაჯგუფებები იქცა. ისტორიის კვლევის ეს მეთოდი ინტენსიურად გამოიყენება, აგრეთვე, სქესთა ურთიერთმიმართების საკითხების შესწავლისას. თამუნა საბედაშვილი ამ ასპექტს ასე ხსნის:

[თამუნა საბედაშვილის ხმა]: “გენდერული პოლიტიკის კუთხით არის ძალიან მრავლისმთქმელი და ძალიან დიდი პოტენციის მქონე. რატომ? იმიტომ რომ, ვთქვათ, თუ ჩვენ თეორიულად შეგვიძლია, რომ განვიხილოთ და გავაანალიზოთ ისეთი ცნებები, როგორიცაა: დისკრიმინაცია, მსხვერპლად ყოფნა, ძალთა იერარქია და ასე შემდეგ… მოკლედ, თეორიულად გაანალიზება ამ პრობლემებისა არის ერთი მხარე და მნიშვნელოვანი, მაგრამ ზეპირ ისტორიას შეუძლია, რომ გადმოგვცეს კომპლექსურად ადამიანის ცხოვრების კუთხით.” (სტილი დაცულია)

ღია საზოგადოების ქალთა ქსელური პროგრამის მიერ საქართველოში განხორციელებულ კვლევით პროექტს თამუნა საბედაშვილი იმ ადამიანების ხმად მიიჩნევს, რომლებიც საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, როგორც წესი, გარიყულები არიან:

[თამუნა საბედაშვილის ხმა]: “საერთოდ, ქალების ისტორია და მონათხრობი ჩვენს ქვეყანაში მაინცდამაინც არ ფიგურირებს, არსად არ ჩანს ასეთი ფორმით – მით უმეტეს, არც იყო ზეპირი ისტორიები – და, მით უფრო, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების, იმიტომ რომ ეთნიკური უმცირესობების ხმა, საერთოდ, ნაკლებად ისმის. ძალიან ძლიერი არის ასეთი პროექტები ჩვენნაირი ტიპის ქვეყნისთვის, იმიტომ რომ როდესაც წავიკითხავთ ამ მასალას, იქ ეთნიკური უმრავლესობის წარმომადგენელი იქნება, უმცირესობის თუ სხვა უმცირესობის, რომ წაიკითხავს, მიხვდება, რომ უფრო მეტი საერთო აქვს ამ ადამიანს შენთან თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებით, ვიდრე შენ გეგონა.” (სტილი დაცულია)

23-26 ივნისს რომში ჩატარდა ‘მეხსიერებად და გლობალიზაციად’ წოდებული ზეპირი ისტორიების მეცამეტე საერთაშორისო კონფერენცია, სადაც თამუნა საბედაშვილმა ღია საზოგადოების მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტი წარადგინა. თამუნა ფიქრობს, რომ საქართველოში მცხოვრები ჩვეულებრივი ქალების ომებთან, მიგრაციებსა და ძალაუფლების სტრუქტურებთან დაკავშირებული ისტორიების ფართო საზოგადოებაში წარმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ამით იმ ადამიანების გამოცდილებას შევიტყობთ, ვისი ხმაც არც წარსულში გაგვიგია და არც აწმყოში.
XS
SM
MD
LG