Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეთხელებული შტატი - სახელმწიფო სამსახურების რეფორმის პირველი შედეგი


დავით პაიჭაძე, თბილისი აგვისტოს მიწურულს საქართველოში მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყებები საზოგადოებას უცხადებენ, რომ სტრუქტურული რეფორმები მათ სისტემაში დასრულებულია.

ასეთი რეფორმის ყველაზე თვალშისაცემი შედეგი თანამშრომელთა რიცხვის შემცირებაა. რაც შეეხება რეფორმის პოზიტიურ ეფექტს, ანუ რეფორმირებული სამსახურის გაუმჯობესებულ მუშაობას, ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა.

საქართველოს პროკურატურაში რეფორმებზე ლაპარაკი დასრულდა და რეფორმა დაიწყო გენერალურ პროკურორად ზურაბ ადეიშვილის დანიშვნის შემდეგ. “ვარდების რევოლუციის” შემდგომ სწორედ ზურაბ ადეიშვილი აღმოჩნდა ის ფიგურა, რომელსაც კონკრეტულ უწყებებში რეფორმის დასაწყებად ამწესებდნენ. ამ მიზნით დაინიშნა იგი იუსტიციის მინისტრად, ხოლო უშიშროების სამინისტროს ზურაბ ადეიშვილი, ძირითადად, იმიტომ ჩაუყენეს სათავეში, რომ იქ არსებული საბჭოური და პოსტსაბჭოური რუდიმენტები მოენგრია. მაგალითად, ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტი უშიშროების სამინისტროში სწორედ ადეიშვილის დროს გაუქმდა.

ადეიშვილის წინაშე იგივე ამოცანა დადგა გენერალურ პროკურატურაში. მანამდე ამ უწყების რეფორმირება მის შესახებ ლაპარაკით ამოიწურებოდა. პროკურატურის რეფორმირების პირობას იძლეოდნენ გია მეფარიშვილი და ნუგზარ გაბრიჩიძე. ირაკლი ოქრუაშვილის, როგორც გენერალური პროკურორის, ორიენტირი კი იმდენად შემაშფოთებელი აღმოჩნდა, რომ სჯობდა, რეფორმა არ განხორციელებულიყო: ოქრუაშვილმა ნიმუშად ვახტანგ რაზმაძის დროინდელი პროკურატურა დაისახა. საბოლოოდ, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც უწყება ოპერატიული მუშაობის შტაბს დაამსგავსა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიყვანეს, ხოლო პროკურატურას თანმიმდევრული დეკონსტრუქტორი ზურაბ ადეიშვილი ჩაუდგა სათავეში. მისი მუშაობის შედეგად, საქართველოში პროკურატურების რიცხვი 25-მდე დავიდა. სხვათა შორის, იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი პროექტით, 25 უნდა იყოს საქართველოში საქალაქო სასამართლოთა რაოდენობაც. ასე რომ, ეს შემთხვევითი დამთხვევა არ გახლავთ. ყველა რაიონს საკუთარი პროკურატურა აღარ ჰყავს. აღარ არსებობს ტრანსპორტის, სამხედრო და სასჯელაღსრულების პროკურატურები. ზოგიერთ მხარეშიც გაუქმდა სამხარეო პროკურატურა. უწყების თანამშრომელთა რიცხვი 30%-ით შემცირდა.

მაგრამ რა რეფორმაც უნდა განხორციელდეს საქართველოს პროკურატურაში, ერთი რამ იქ უცვლელი რჩება: ესაა პროკურორ გია ჯიქიას საშტატო ერთეული. გია ჯიქია პროკურატურის მაწვნის დედაა: ყოველი საკადრო გადაადგილებისა თუ რყევის შემდეგ ის აუცილებლად აღმოჩნდება სისტემის რომელიმე საკვანძო ადგილას; ჯიქიას გარეშე პროკურატურა წარმოუდგენელი ჩანს. ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ ამ კაცის კორუფციული უბიწოების მიმართ საზოგადოებაში სერიოზული ეჭვი არსებობს, ყოფილი სამხედრო პროკურორი, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, ქვემო ქართლის ყოფილი სამხარეო პროკურორი გია ჯიქია თბილისის პროკურორის ვალერი გრიგალაშვილის მოადგილედ ინიშნება.

კიდევ ერთი ცნობა სახელმწიფო უწყებათა რეფორმების შესახებ: კონტროლის პალატაში ახალმა თავმჯდომარემ ზურაბ სოსელიამ 300 კაცით შეამცირა თანამშრომელთა რიცხვი; ამასთან, გააუქმა სამი მსხვილი სტრუქტურული ერთეული. მართალია, წინა თავმჯდომარემ, სულხან მოლაშვილმა, თანამშრომელთა მისაღებად ტესტირება ჩაატარა, ზურაბ სოსელია წლის ბოლომდე, ახალი და უფრო კვალიფიციური პერსონალის მისაზიდად, ასევე წერითი ტესტირების ფორმით, კონკურსის გამართვას გეგმავს. მანამდე კი შემცირების შედეგად დარჩენილ თანამშრომლებს ხელფასს 2-2,5-ჯერ უზრდის.
XS
SM
MD
LG