Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობამ საგადასახადო კოდექსის პროექტზე შეთანხმება მოახერხა


საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა ბოლო 3 თვის მანძილზე რამდენჯერმე გადადო საგადასახადო კოდექსის კანონპროექტის გამოქვეყნება. ამის მიზეზი კი გახდა

საგადასახადო კოდექსის პრინციპებზე მინისტრთა კაბინეტის წევრთა აზრთა სხვადასხვაობა, რაც თავად პროექტის შექმნის პროცესს აფერხებდა. როგორც იქნა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შეძლო საგადასახადო კოდექსის ისეთი პროექტის მომზადება, რომლის განხილვა ცხარე კამათს არ გამოიწვევდა და საქართველოს მთავრობა ამ პროექტში ცალკეული ცვლილებების შესატანად ბათუმში შეიკრიბა.

[ისმის აქციის ხმა]

ეს ხალხი ბათუმში პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ შეიკრიბა და საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას მოითხოვდა არა საგადასახადო კოდექსის პროექტის გამო: ისინი მცირე ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო ელემენტარული პირობების შექმნას ითხოვდნენ. ადგილობრივი ხელისუფლება ბათუმის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეებს ქალაქგარეთ გახსნილ სავაჭრო ცენტრში გადაყვანას უპირებს. ბიზნესში - თანაც, მცირე ბიზნესში - ხელისუფლების ასეთი უხეში ჩარევა ახლოსაც არ დგას იმ ლიბერალურ ეკონომიკურ პრინციპებთან, რომელთა შესახებაც საუბარი მოსახლეობას მაღალი ტრიბუნებიდან ესმის.

[ზურაბ ჟვანიას ხმა] ”ინოვაცია, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს იმას, რომ თითოეული გადამხდელი დარწმუნებული იყოს, რომ მას სამართლიანად ეპყრობიან და არ ხდება მათთვის ძალისმიერი მეთოდებით ისეთი ვალდებულებების დაკისრება, რაც კანონმდებლობას არ შეესაბამება.”

ასეთი სიტყვებით ახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ახალი ინსტიტუტების არბიტრაჟისა და საგადასახადო ომბუდსმენის ამოქმედების საჭიროება. თუმცა ეს ვერაფერი ნუგეშია ბათუმის ბაზრიდან გამოყრილი იმ ხალხისთვის, რომელსაც კოდექსის მიღებამდე სარჩო-საბადებლის მოპოვების ერთადერთ წყაროს ართმევენ.

სწორედ სახელმწიფოს უხეში ჩარევისგან ბიზნესის დაცვის პრინციპი წარმოადგენდა დავის საგანს, რაც მთავრობას დღემდე არ აძლევდა საგადასახადო კოდექსზე შეთანხმების საშუალებას. აი, როგორ აღწერს ეკონომიკური განვითარების მინისტრი კახა ბენდუქიძე ახალი საგადასახადო კოდექსის კონცეპტუალურ სიახლეებს:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”ყველას ეძლევა ძალიან დიდი შეღავათი, თუ კაცი აწარმოებს თავისი ბიზნესის გაფართოებას. და კიდევ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, საგადასახადო დავების ახალი წესის შემოღება, რაც საშუალებას გვაძლევს ფინანსთა სამინისტროში განვიხილოთ ეს დავები და მე იმედი მაქვს, რომ 90 პროცენტი იქვე მოგვარდება, და კერძო არბიტრაჟის პროცედურის შემოღება, როგორც ალტერნატივა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია...”(სტილი დაცულია)

ამასთან ერთად, ძალაში რჩება 3 თვის წინანდელი დაპირებებიც, რომელთა მიხედვითაც, 21 გადასახადის ნაცვლად მეწარმეებს მხოლოდ 9 გადასახადის გადახდა მოუწევთ. შემცირდება დარჩენილი 9 გადასახადის განაკვეთებიც. ხელისუფლებას საჭიროდ მიაჩნია საშემოსავლო გადასახადის 22-დან 12 პროცენტამდე, სოციალური გადასახადის 33 პროცენტიდან 20-მდე და დამატებული ღირებულების გადასახადის 20-დან 18 პროცენტამდე შემცირება. ახალი კოდექსის მიხედვით, დიფერენცირებული გახდება სააქციზო გადასახადი. ხოლო მცირე მეწარმეები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ შრომას, მთლიანად გათავისუფლდებიან გადასახადებისგან.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბათუმში გამართულ მთავრობის სხდომაზე ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი მოიწონა და საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდა ეს კანონი სასწრაფოდ, ოქტომბრის დასაწყისამდე, მიიღოს.
XS
SM
MD
LG