Accessibility links

logo-print

მარგარეტ თეჩერის ვაჟი დაკავებულია აფრიკაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით


დიდი ბრიტანეთის ექს-პრემიერ-მინისტრის მარგარეტ თეჩერის ერთადერთი ვაჟი მარკ თეჩერი სამხრეთ აფრიკის პოლიციამ სახელმწიფო გადატრიალების საქმესთან

დაკავშირებით დააკავა. საუბარია მიმდინარე წლის მარტში ეკვატორული გვინეის პრეზიდენტის თეოდორო ობიანგ ნგუემა მბასოგოს დამხობის მცდელობაზე. კეიპ თაუნში მცხოვრები ბიზნესმენი, 51 წლის მარკ თეჩერი, პოლიციის ოპერატიულმა ჯგუფმა 25 აგვისტოს მოულოდნელად აიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, ხსენებული გადატრიალება ნავთობის თემას უკავშირდება.

პოლიციის ოპერატიული ჯგუფი მარკ თეჩერს თავზე სწორედ მაშინ წამოადგა, როდესაც მან ორი შვილის სკოლაში წასაყვანად კეიპ თაუნში თავისი ფეშენებელური ვილა ის-ის იყო დატოვა. 51 წლის ბიზნესმენი, რომელიც ყველა ბრალდებას უარყოფს, ეჭვმიტანილია ეკვატორული გვინეის პრეზიდენტის დამხობის გეგმის დაფინანსებაში.

სამხრეთ აფრიკის პოლიციის ოფიციალური წარმომადგენელი სიფო ნგვემა ხაზს უსვამს თეჩერის ბრალეულობის დამადასტურებელი ინფორმაციის არსებობას:

{სიფო ნგვემას ხმა}”ვიძიებთ გარეშე ძალის მიერ სამხედრო მხარდაჭერის აქტის დარღვევას და ჩვენ ვამბობთ, რომ თეჩერმა, ეკვატორულ გვინეაში სამხედრო გადატრიალების დაფინანსების გზით, ეს აქტი დაარღვია. ამის თაობაზე ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებისა და თვითმხილველებისგან მივიღეთ. ისინი ჩვენ გამოძიების პროცესშიც დაგვეხმარებიან.”

ეკვატორული გვინეა აფრიკის კონტინენტზე ნავთობის მწარმოებელთა შორის სიდიდით მესამეა და, გავრცელებული ინფორმაციით, გადატრიალების მსურველებს სწორედ ნავთობის საბადოებთან დაკავშირებული ინტერესი ამოძრავებდათ. როგორც სამხრეთ აფრიკის პრესის ასოციაციის წარმომადგენელი ლიონ ენგელბრეხტი აღნიშნავს, შეთქმულთა მიზანს ქვეყნის სათავეში მართვადი ადამიანის მოყვანა წარმოადგენდა:

{ლიონ ენგელბრეხტის ხმა} “იდეა იყო, რომ ერთი კორუმპირებული ლიდერი შეეცვალათ მეორით, რომელიც უფრო გამოადგებოდა მათ მიზნებს.”

ამ საქმესთან დაკავშირებით სულ ზიმბაბვესა და გვინეაში 84 ადამიანია დაკავებული. მათგან ექვსი - სომეხი ეროვნებისაა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის თქმით, ისინი სატვირთო თვითმფრინავის პილოტები არიან. როგორც ჰამლეტ გასპარიანი აღნიშნავს, სამხრეთ აფრიკელი ეჭვმიტანილები სომხების თანამონაწილეობას უარყოფენ:

{გასპარიანის ხმა} “ყველა დაკითხული სამხრეთ აფრიკელი უარყოფს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში სომხების მონაწილეობას. ისინი ამბობენ, რომ პილოტებს ამ საქმესთან არავითარი კავშირი არ ჰქონიათ.”

სომხეთში ფიქრობენ, რომ სატვირთო თვითმფრინავის პილოტები ამ “აფრიკულ ისტორიაში” რიგითი კომერციული დაკვეთის შესრულების დროს აბსოლუტურად შემთხვევით მოხვდნენ.

რაც შეეხება თავად მარკ თეჩერს, ის ამჟამად კეიპ თაუნში შინაპატიმრობაში იმყოფება, რისთვისაც 8 სექტემბრამდე 320 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს. პარალელურად, გამოძიება ნივთმტკიცებების – ხმოვანი და კომპიუტერული ჩანაწერების - შეგროვებით არის დაკავებული.

დიდი ბრიტანეთის ექს-პრემიერ-მინისტრს მარგარეტ თეჩერს, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში იმყოფება, შვილის დაკავების გამო ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა მისი რეაქცია ადვილი წარმოსადგენია, თუკი გავითვალისწინებთ, რომ რკინის ლედის შვილის გამო ცრემლები ერთხელ საქვეყნოდაც კი ჩამოსცვივდა. ეს მოხდა 1982 წელს, როდესაც ავტორბოლა “პარიზ-დაკარის” მონაწილე მარკი 6 დღის განმავლობაში საჰარის უდაბნოში დაიკარგა და მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა.

და კიდევ ერთი ინფორმაცია: მარკ თეჩერი ბრიტანეთიდან შეერთებულ შტატებში 1984 წელს, ბიზნესსკანდალის შემდეგ, გადასახლდა და ოდნავ მოგვიანებით ტეხასელ დაიანა ბარგდორფზე იქორწინა. სხვათა შორის, 2 წლის წინათ წყვილი, ორ შვილთან ერთად, სამხრეთ აფრიკაში საცხოვრებლადაც სწორედ ბიზნესთან დაკავშირებული უსიამოვნებების გამო გადავიდა.
XS
SM
MD
LG