Accessibility links

logo-print

საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის სამხედრო ყაიდაზე გადაწყობას ცდილობს


ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ორკვირიანი პოზიციური ბრძოლების დასრულების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება შედეგებს აჯამებს: გარდა იმისა,

რომ დაღუპულ ჯარისკაცებს სამშობლოს წინაშე გამოჩენილი თავდადებისათვის გმირის წოდებას ანიჭებენ, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მოღალატეთა გამოვლენითაც არის დაკავებული. რა დასკვნა გამოიტანა ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ორკვირიანი ბრძოლების შედეგებიდან?

[სააკაშვილის ხმა] “მინდა გითხრათ, რომ მეც მიყვარს დისკოტეკებზე სიარული და, თუ ამის გარემოება იქნება, მეც მსიამოვნებს ქართულ სუფრაზე ჯდომა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც ჩვენ ყველა ერთად დავიცავთ სამშობლოს. თავისი დრო აქვს გართობასაც და თავისი დრო აქვს სამშობლოსთვის ბრძოლას.”

მიხეილ სააკაშვილი ცხინვალის რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა იმაში დაარწმუნა, რომ საქართველოს თოთოეულ მოქალაქეს სამშობლოსათვის ბრძოლისა და თავდადების ჟამი დაუდგა. პრეზიდენტი, როგორც თავად ამბობს, “რეზერვის ინსტიტუტის” შემოღებას აპირებს: “ყველა ახალგაზრდა, რომელიც არის ფიზიკურად შესაბამისი ასაკის, - ასეთი კი მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტია, - უნდა იყოს მზად გადამწყვეტ მომენტში გამოვიდეს და დაიცვას სამშობლო”. პრეზიდენტს მაგალითად ცხინვალის რეგიონში დაღუპული კომანდოს ბატალიონის სერჟანტის ზაზა დანელიას თავდადების ამბავი მოაქვს. სააკაშვილის თქმით, დანელიას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭება. თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლებას გმირების გარდა, არცთუ წარმატებული ბრძოლების შემდეგ, განტევების ვაცებიც სჭირდება. დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი გამოთქვამს ეჭვს, რომ თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროსი გივი იუკურიძე სწორედ რომ ამგვარი დანიშნულებით გამოიყენეს:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “ასეთი მოულოდნელი მოხსნა დაკავშირებულია ან იმ ბევრ შეცდომასთან, რასაც ადგილი ჰქონდა აგვისტოს მოვლენების დროს, ან იგი, უბრალოდ, იქცთა ერთგვარ განტევების ვაცად და მასზე გადატყდა ჯოხი.”

თუმცა, როგორც ჩანს, მარტო იუკურიძის გადაყენება საკმარისი არ არის. საქართველოს უშიშროების სამსახურმა, თუ ქართულ საინფორმაციო საშუალებებს დავესესხებით, 25 აგვისტოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროში მოღალატეთა სამკაციანი ჯგუფი გამოავლინა.

[უშიშროების ოფიცრის ხმა] “დაახლოებით 60 ცალი ხელყუმბარის ნაცვლად შენიღბულად ჩადებული რიყის ქვა - ეს ინფორმაცია გადამოწმების შედეგად დადასტურდა, რის შემდეგაც ამოღებული იქნა ნივთმტკიცების სახით, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე…”

დაკავებულთა შორის არის თავდაცვის სამინისტროს ოსიაურის სამხედრო ნაწილის საწყობის გამგე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცეცხლის მართვის ცენტრის საწვავ-საპოხი საწყობისა და ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის უფროსები. ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთს ბრალი საბრძოლო დანაყოფებისთვის გამოყოფილი ხის მასალის პირადი მიზნებისთვის გამოყენებაში ედება, მეორეს - 2 ათასი ლარის საწვავის მითვისებაში, მესამეს კი საწყობში ხელყუმბარების ნაცვლად ყუთში ჩაწყობილი ქვები აღმოუჩინეს. სავარაუდოდ, დამნაშავეთა გამოვლენა-დასჯის სერია ამით არ დასრულდება - როცა რკინიგზაზე დიდი კატასტროფა ხდება, როგორც წესი, ძლიერნი ამა ქვეყნისა ერთი მეისრის დასჯას არ სჯერდებიან.
XS
SM
MD
LG